გადაწყვეტილება №18568/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18568/2/2022
24.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----------
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 28.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18568/2/2022).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.09.2022 წლის №081-165 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31320 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 391 818,54 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 404 167
დღგ - 519 952
მოგების გადასახადი - 355 205
საშემოსავლო გადასახადი - 529 010
ჯარიმა - 696 179,5
საურავი - 291 472,04
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანმა 31.01.2022 წლის მდგომარეობით ჩაატარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შიდა ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლინდა დანაკლისი 2 012 829 ლარის (დასაბეგრი ბრუნვა) ოდენობით, რაც გაითვალისწინა კიდეც დღგ-ის დეკლარაციაში 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვის თანხაში.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 983 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.09.2022 წლის №081-165 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31320 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებზე, 983 მუხლის მე-2 ნაწილზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა პროდუქტებით ვაჭრობა. დარიცხული ჯარიმა არარეალურია. დღგ-ის ჭრილში აღიარებული აქვს დანაკლისი, ხოლო მოგების ჭრილში დაბეგვრა არარეალურია. აუდიტის მიერ ზოგიერთი საქონლის პროცენტი იმაზე მეტია დარიცხული რა ფასშიც არ გაყიდულა, ვინაიდან ბაზარზე უწევს გაყიდვა და საბაზრო ღირებულება ბევრად ნაკლებია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
ამავე კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა გაანგარიშება და ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, გადამხდელმა 31.01.2022 წლის მდგომარეობით ჩაატარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შიდა ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 2 012 829 ლარის.
დავის წარმოების პროცესში მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31320 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება კანონშესაბამისია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.