გადაწყვეტილება №25012/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.06.2025
№ დოკუმენტი 25012/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25012/2/2025

02 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 4.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25012/2/2025).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.01.2025 წლის №CB1714706 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5076 ბრძანება. დარიცხული თანხა: ჯარიმა - 53 980.03 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ფეხსაცმლით, რომელიც შემოაქვს -----დან.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №16650 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა დანაკლისმა, საბაზრო ღირებულებით (28.91% ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგინა 539 800.27 ლარი, რაზეც მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.01.2025 წლის №CB1714706 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 53 980.03 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.03.2025 წლის №5076 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან, გადასახადის გადამხდელის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე მოწვევის მიზნით, რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირების მცდელობას. შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ შედგა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პროდუქციაზე ფასნამატი განსაზღვრულია საბითუმო და საცალო პოზიციაზე 5-10%-ის ოდენობით. საქონლის რეალიზაცია ხორციელდება ბითუმად, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე დაბალია, რაც გამოწვეულია არსებული კონკურენციით.

სმფ-ების ნაშთი არასწორად არის დათვლილი, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული საწყობში არსებული ნაშთი. შესაბამისად, სხვაობა ამ ნაწილში ექვემდებარება კორექტირებას

ითხოვს, წარმოდგენილი არგუმენტაციისა და დოკუმენტაციის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

მომჩივნის განცხადებით პროდუქციაზე ფასნამატი განსაზღვრულია საბითუმო და საცალო პოზიციაზე 5-10%-ის ოდენობით. საქონლის რეალიზაციას ახორციელებს საბითუმოდ, შესაბამისად, საქონლის ფასნამატი საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე დაბალია. სმფ-ების ნაშთი არასწორად არის დათვლილი, ვინაიდან, არ არის გათვალისწინებული საწყობში არსებული ნაშთი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №------21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. ბრძანების ჩაბარების შემდეგ ჩამოერთვა ხელწერილები, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლომატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სმფ-ები ჩამოწერილია გასავალში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების ადგილის შესახებ, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს იღებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

ბუღალტრულმა თანხობრივმა ნაშთმა შეადგინა თვითღირებულებით 484 405.81 ლარი. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2024 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (15.06.2024 წ). საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი იყო 450 783 ლარი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 39 865.26 ლარის სმფ-ების შეძენა უფიქსირდება. რეალიზებულმა სასაქონლომატერიალური ფასეულობებმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 9 764.49 ლარი. საშუალო შეწონილ ფასნამატად აღებულ იქნა 28.91%. ფასნამატი გამოანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის თვითღირებულებიდან და სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა საბაზრო ფასით შეადგინა 539 800.27 ლარი (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაექვემდებარა დაჯარიმებას 53 980.03 ლარით). 24.01.2025 წელს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1714706, რომელიც გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულ გვერდზე.

მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების კომპეტენცია არაა 1.01.2024 წლამდე პერიოდების ოპერაციებთან დაკავშირებული ცალკეული სახის საქონლის ბუღალტრულად ასახვის სისწორის შესწავლა. ბუღალტრული ნაშთის დადგენისას გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წლიური დეკლარაციაში მითითებული ნაშთი. გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციის დაწყებამდე ჩამოერთვა ხელწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების ადგილის შესახებ. გადასახადის გადამხდელმა ხელწერილით დაადასტურა, რომ გარდა ხელწერილში განმარტებული მისამართებისა (ქ. თბილისი -----, მაღაზია №--- და ----ის რაიონი სოფ. ----- სახლი, საწყობი), სხვა მისამართზე არ ინახება სასაქონლომატერიალური ფასეულობები. გადამხდელის მიერ ხელწერილში დაფიქსირებულ მისამართებზე (ქ. თბილისი -----, მაღაზია №--- და ----ის რაიონი სოფ. ----- სახლი, საწყობი), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა მოხდა სრულად. აღწერის შემდგომ გადასახადის გადამხდელმა ხელწერილით დაადასტურა, რომ ინვენტარიზაცია ჩატარებულია სწორად, ეთანხმება აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს და კომისიის წევრებთან პრეტენზია არ გააჩნია.

მომჩივნის არგუმენტს, რომ „სმფ-ების ნაშთი არასწორად არის დათვლილი, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული საწყობში არსებული ნაშთი“, საბჭო ვერ მიიღებს მხედველობაში, ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს. გადასახადის გადამხდელმა ხელწერილით დაადასტურა, რომ გარდა ხელწერილში განმარტებული მისამართებისა (ქ. თბილისი -----, მაღაზია №--- და ----ის რაიონი სოფ. ----- სახლი, საწყობი), სხვა მისამართზე არ ინახება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. რაც შეეხება ფასნამატს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საშუალო შეწონილ ფასნამატად აღებულ იქნა 28.91%. ფასნამატი გამოანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის თვითღირებულებიდან და სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანთან სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში;

 

სადავო საკითხი

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ფეხსაცმლით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა დანაკლისმა, საბაზრო ღირებულებით (28.91% ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგინა 539 800.27 ლარი, რაზეც მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.01.2025 წლის №CB1714706 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 53 980.03 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.03.2025 წლის №5076 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანთან სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9).