ბრძანება N 15639
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15639
03 ივლისი 2023
შპს „--------“ (ს/ნ ----------; მის: ----------)
2023 წლის 6 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №96481/21-10 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 29 მაისის №AL044421 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ 2023 წლის 27 მაისს ტირ-პარკის ვიდეოკამერის ტექნიკური ხარვეზის გამო სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას შეუძლებელი გახდა გამოსახულების გარჩევა, რის გამოც კომპანია დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით. მომჩივანი მიუთითებს, რომ აქვს ალტერნატიული კამერით გადაღებული ვიდეო მასალა, რაც მისი მოსაზრებით ადასტურებს სატრანსპორტო საშუალების სწორ რეგისტრაციას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 27 მაისს, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ მიმდებარედ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, შპს „----------“ კუთვნილი ავტოსადგომის კამერალურად შემოწმება.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „----------“ მიერ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (რიგის ნომერი ----------, თარიღი 27/05/2023, 07:03 სთ.) არასწორად მოახდინა. კერძოდ, რეგისტრირებისას ავტომანქანა სარეგისტრაციო კამერასთან არ იდგა.
ვინაიდან, შპს „----------“ მიერ დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 29 მაისს შედგენილ იქნა №AL044421 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზაში გადამოწმება, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ რეგისტრაცია და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტულად გადასაადგილებლის სტატუსის მინიჭება. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, გადაამოწმოს ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) აღქმული და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის ფაქტობრივი მონაცემები და განსხვავების შემთხვევაში, უზრუნველყოს „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული არასწორი მონაცემების შესწორება.
ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ავტოსადგომზე შესვლისას, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით მძღოლზე გაიცემა ქვითარი (გარდა ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ქვითრის ამობეჭდვა, აღნიშნული მონაცემები მიეთითება შესაბამის ფურცელზე და დამოწმდება ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნული ქვითარი/შესაბამისი ფურცელი გასცეს მხოლოდ ავტოსადგომზე შესულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის 32 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში არასწორად მოახდინა ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ვინაიდან, მომჩივანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.
საჩივარზე დამატებით წარმოდგენილი ვიდეო მასალით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მომჩივანმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში სწორად მოახდინა ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2023 წლის 29 მაისის №AL044421 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში (მის.: ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ. №4) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს.მომჩივანი მიუთითებს, რომ აქვს ალტერნატიული კამერით გადაღებული ვიდეო მასალა, რაც მისი მოსაზრებით ადასტურებს სატრანსპორტო საშუალების სწორ რეგისტრაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანმა „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არასწორად მოახდინა. კერძოდ, რეგისტრირებისას ავტომანქანა სარეგისტრაციო კამერასთან არ იდგა. გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შპსს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი,23;1271(3132);32;219-ე და 279