N 809-Vრს-Xმპ - 22/07/2021 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 206-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ5) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში ან/და საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად;“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უძრავ ქონებას გადასცემს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობაში ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ5“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,22 ივლისი 2021 წ.
N809-Vრს-Xმპ