გადაწყვეტილება №25434/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25434/2/2025
21 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 9.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25434/2/2025).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №CB1766181 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14608 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ავტომანქანის (სახ. ---), გადამოწმებისას დადგინდა, რომ ~ (პ/ნ ----) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (200 ლარის ღირებულების 20მ3 ქვიშა-ხრეში) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2.06.2025 წელს შედგენილ იქნა №CB1766181 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეეფარდა სანქცია - ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.07.2025 წლის №14608 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 251 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და განმარტავს, რომ სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას. ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
29.05.2025 წელს --- ის რაიონის სოფ. ----დან ----ის მიმართულებით --- (პ/ნ ---) ახორციელებდა ქვიშა-ხრეშის საავტომობილო გადაზიდვას. ტრანსპორტირების დაწყებისთანავე (18:06:47 საათზე) გამოიწერა ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (№ელ----), ზედნადების ატვირთვა მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად და მასში მითითებული იყო 200 ლარის საბაზრო ღირებულების ქვიშა-ხრეშის (20მ3X10,00 ლარი) გადაზიდვასთან დაკავშირებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი. ტრანსპორტირების დაწყებისთანავე (18:04 საათზე) საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება, რა დროსაც ოქმის შემდგენმა პირმა მიიჩნია, რომ ტრანსპორტირება მიმდინარეობდა სატრანსპორტო ზედნადების გარეშე. გადაზიდვა განხორციელდა ელექტრონული ზედნადების საფუძველზე (№ელ---), რომელიც ასახავს იმ გადაზიდვას, რომლის გამო პარალელურად გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმი.
იმის გამოც, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ 2 წუთი განსხვავება ზედნადებსა და სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ დროის მონაკვეთს შორის, რაც შესაძლებელია განპირობებული ყოფილიყო ტექნიკური ხარვეზით, ინტერნეტის ან/და ელ.გვერდის (rs.ge) შეფერხებით. მის მიმართ ადრე გამოყენებული არ ყოფილა ფულადი სანქციის სახით 500 ლარიანი ჯარიმა და შესაბამისად იმისთვის, რომ დამდგარიყო 286-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენების პირობა სახეზე უნდა ყოფილიყო პირველი ნაწილის არსებობის კონკრეტული ფაქტი. ითხოვს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №CB1766181 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14608 ბრძანების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.07.2025 წლის №62694-21- 12 წერილიდან ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა (სახ. ---), რა დროსაც დადგინდა, რომ --- (პ/ნ ---) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (200 ლარის ღირებულების 20 მ 3 ქვიშა ხრეში) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1766181 და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე აღნიშნა, რომ მომჩივნის მიმართ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის 17.03.2025 წელს №CB1733767 შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რითაც მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება. მომჩივნის განმარტებით, გადაზიდვა ხორციელდებოდა ელექტრონული ზედნადების საფუძველზე (№ელ----), რომელიც ასახავს იმ გადაზიდვას, რომლის გამო პარალელურად გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმი. იმის გამოც, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ 2 წუთი განსხვავება ზედნადებსა და სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ დროის მონაკვეთს შორის, რაც შესაძლებელია განპირობებული ყოფილიყო ტექნიკური ხარვეზით, ინტერნეტის ან/და ელ.გვერდის (rs.ge) შეფერხებით. მის მიმართ ადრე გამოყენებული არ ყოფილა ფულადი სანქციის სახით 500 ლარიანი ჯარიმა და შესაბამისად იმისთვის, რომ დამდგარიყო 286-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენების პირობა სახეზე უნდა ყოფილიყო პირველი ნაწილის არსებობის კონკრეტული ფაქტი. ამგვარად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიმართ 17.03.2025 წელს №CB1733767 სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჰქონდა სანქცია - „გაფრთხილება“ და ამასთან, ავტომანქანის შემდგომი გადამოწმებისას მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (200 ლარის ღირებულების 20მ3 ქვიშა-ხრეში) ტრანსპორტირება ხდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე და ვინაიდან, აღნიშნული სამართალდარღვევა ჩადენილია განმეორებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ავტომანქანის, გადამოწმებისას დადგინდა, რომ პირი ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (200 ლარის ღირებულების 20მ3 ქვიშა-ხრეში) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეეფარდა სანქცია - ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.07.2025 წლის №14608 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (1, 2)