ბრძანება N 1824

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.02.2023
№ დოკუმენტი 1824
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1824

03.02.2023

ი/მ "---------" (ს/ნ -------)

(მის.: --------- )

2022 წლის 28 დეკემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 20 იანვარს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა ი/მ ------(ს/ნ ------ ) №237307/01 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №000538 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ იგი სკოლიდან 35 მეტრში ახდენდა სიგარეტის რეალიზაციას, რაზედაც ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა და მანძილის გაზომვა.

დასაბუთებელი ადმინისტრაციული საჩივრის შესადგენად მიმართა ოქმის შემდგენ ორგანოს, რომელმაც ვერ გადასცა აზომვის დამადასტურებელი მტკიცებულება. თუმცა, ადასტურებს ფაქტს, რომ მანძილის გაზომვა მოხდა ეგრეთ წოდებული ლენტით, რა დროსაც წერტილებად აღებულ იქნა სავაჭრო ფართის შესასვლელი კარები და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის უკიდურესი ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ არ შეადგენს სკოლის კუთვნილებას.

სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას საფუძვლად დაედო 50 მეტრიანი რადიუსის მექანიკური გაზომვა ისე, რომ არ მომხდარა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან არა თამბაქოს სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტამდე, არამედ ეგრეთ წოდებული „სუპერმარკეტამდე“ მისასვლელი გზის მანძილის და მათ შორის სხვა უძრავი ნივთების არასებობის გათვალისწინება, რომელიც რეალურად 50 მეტრს აღემატება. კერძოდ, ის გარემოება, რომ საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიას ემიჯნება და მოზარდმა სავაჭრო ობიექტამდე მისასვლელად უნდა გაიაროს რამდენიმე პირის საკუთრება და ნივთებსა და უძრავ ნივთს შორის, სადაც სავაჭრო ფართია განთავსებული, გადის მეორეხარისხოვანი გზა, რომელიც უერთდება ცენტრალურ გზას და მასზე სკოლიდან გამოსული ბავშვები თითქმის არ ხვდებიან.

ამდენად, გაურკვეველია, ვისი კუთვნილი უძრავი ნივთის საზღვრიდან მოხდა მანძილის აზომვა (ოქმში მითითებული არ არის საკადასტრო კოდები, აზომვის საწყისი და ბოლო წერტილები) და იმ შემთხვევაშიც კი, თუ საწყისი წერტილი აღებულია საჯარო სკოლის ტერიტორიის უკიდურესი (უახლოესი) წერტილიდან, სავაჭრო ფართის შესასვლელამდე, ფაქტია, რომ სხვისი კუთვნილი უძრავი ნივთების გათვალისწინებით აღნიშნული ადგილი არ წარმოადგენს არასრულწლოვნების დიდი რაოდენობით რეგულარულად შეკრების/გადაადგილების ადგილს. ასეთ ადგილს წარმოადგენს არა სკოლის, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმშია მითითებული, არამედ საჯარო სკოლის შესასვლელის წინა ტერიტორია, საიდანაც უნდა მომხდარიყო საწყისი წერტილის აღება

უმნიშვნელოვანესი და გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო ინსპექტორის მიერ აღებული წერტილიდან - სკოლის შენობის მიმდებარე ნაწილიდან არ ხდება თამბაქოს სარეალიზაციო ობიექტს და მოსწავლეს შორის ვიზუალური კონტაქტის არსებობა, რაც გამორიცხავს თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებისა და პოპულარიზაციის საფრთხეს არასრულწლოვნებს შორის.

არსებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან 50 მეტრის რადიუსი არის ტერიტორია, სადაც რეგულარულად იკრიბება/გადაადგილდება არასრულწლოვანთა დიდი რაოდენობა. ამდენად, 50 მეტრი რადიუსის ფარგლების არსებობის დასადგენად გასათვალისწინებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და თამბაქოს გასაყიდი ობიექტის მდებარეობის, მათი განლაგების თავისებურებანი. კერძოდ, თამბაქოს გასაყიდი ობიექტამდე მისასვლელი მანძილი არამხოლოდ აღემატება თუ არა 50 მეტრს და აღნიშნული ობიექტი არის თუ არა სხვაგვარად ხილვადი არასრულწლოვნებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, არამედ, რამდენად ხილვადი და არასრულწლოვნებისთვის აღქმადია ადგილი, სადაც მოხდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებასა და ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს ი/მ "-----"-ის (ს/ნ -----) სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ("-------"), კონტროლის პროცედურის განხორციელებისას დადგინდა, რომ ობიექტში ხორციელდებოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევით. კერძოდ სავაჭრო ობიექტი საიდანაც ხორციელდებოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მდებარეობს სკოლიდან 35 მეტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სახდელი 500 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით სადავო ოქმი გადასახადის გადამხდელს ჩაბარებული აქვს 2022 წლის 23 დეკემბერს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ "--------" -ის (ს/ნ -------) მიერ დარღვეულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში