ბრძანება N 1343
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1343
30.01.2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის: ---------- )
2023 წლის 9 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №77871/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 დეკემბრის №31881 ბრძანებას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №1366 განკარგულების საფუძველზე ერთის მხრივ შპს „----------“-სა (ს/კ ----------) და მეორეს მხრივ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შემოსავლების სამსახურს შორის 2022 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება №----------. საგადასახადო შეთანხმების თანახმად შპს „----------“-ის (ს/კ ----------) გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 720 000 ლარით, ხოლო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადად განისაზღვრა საგადასახადო შეთანხმების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე. შპს „----------“-ს (ს/კ ----------) №---------- საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხა 720000 (შვიდასოცი ათასი) ლარი უნდა გადაეხადა 2022 წლის 24 აგვისტოდან 2022 წლის 24 ნოემბრამდე. შპს „----------“-მა (ს/კ ----------) მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე 2022 წლის 24 აგვისტოდან 2022 წლის 24 ნოემბრამდე გადაიხადა საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ნაწილი და დღევანდელი მდგომარეობით გადასახდელი დარჩა 684167.46 ლარი. 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე არ აღმოჩნდა საკმარისი თანხის სრულად გადასახდელად.
შემოსავლების სამსახურმა 2022 წლის 19 დეკემბერს უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ისე რომ არ მოუხდენია საკითხის სრულყოფილი გადამოწმება გამოსცა №31881 ბრძანება, რომლის თანახმად, შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ძალადაკარგულად ჩაითვალა შპს „----------“-სა (ს/ნ ----------) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული 2022 წლის 24 აგვისტოს №---------- საგადასახადო შეთანხმების აქტი და საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) სხვა ჯარიმებში დაეკისრა ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10%, სულ 69 982 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №1366 განკარგულების საფუძველზე შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) და შემოსავლების სამსახურს შორის 2022 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების №---------- აქტი 2022 წლის 26 აპრილის მდგომარეობით არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე შემდეგი პირობებით:
„3.1. გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვროს 720 000 ლარით;
3.2. 3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე;
3.3. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 26 აპრილის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვროს 720 000 ლარით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 2022 წლის 24 ნოემბრამდე.
მოცემულ შემთხვევაში შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა 2022 წლის 19 დეკემბრის №31881 ბრძანება საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის - 69 982 ლარის დარიცხვის თაობაზე და ძალადაკარგულად ჩაითვალა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული 2022 წლის 24 აგვისტოს №---------- საგადასახადო შეთანხმების აქტი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ არის შესრულებული საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ -ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.