საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 257
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 ივნისის №503 ბრძანება.
2. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №124 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს სამსახურის თანამშრომლთა მიღების და ატესტაციის ჩატარების წესს.
2. ეს წესი ვრცელდება სამსახურის სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული) თანამშრომლებზე (გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №267 - ვებგვერდი , 04.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება №318 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 17 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 22.04.2014წ.
მუხლი 2. სამსახურში მიღება
1. ამ ბრძანების მიზნებისათვის სამსახურში მიღება გულისხმობს სამსახურის სისტემაში მუშაობის დაწყებას.
11. სამსახურში მიიღება პირი, რომელიც:
ა) არის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე და გააჩნია სათანადო ცოდნა;
ბ) ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) აკმაყოფილებს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. სამსახურში თანამდებობაზე მიღება ფორმდება თანამდებობაზე დანიშვნის შესაბამისი აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელსა და გვარს;
ბ) სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, რომელშიც პირი ინიშნება;
გ) თანამდებობის დასახელებას და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს;
დ) დანიშვნის სამართლებრივ საფუძველს;
ე) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს;
ვ) სამსახურის ვადას – თუ პირი სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით;
ზ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას, თუ გამოსაცდელი ვადა იქნა გამოყენებული.
3. თანამშრომელმა დანიშვნამდე სამსახურში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ვ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ზ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
თ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ი) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
4. სამსახურში თანამშრომლის მიღების შემდეგ მის სახელზე გაიცემა სამსახურებრივი მოწმობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 17 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 22.04.2014წ.
მუხლი 3. სამსახურში მიღება გამოსაცდელი ვადით
1. თანამდებობაზე დანიშვნისას სამსახურის უფროსს შეუძლია შესასრულებელი სამუშაოსათვის შესაბამისობის შემოწმების მიზნით გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. ამ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.
2. გამოსაცდელი ვადა, როგორც წესი, არ წესდება:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებით თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
ბ) სამსახურის დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას;
გ) (ამოღებულია - 17.04.2014, N120);
3. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ სამსახურის უფროსი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 17 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 22.04.2014წ.
მუხლი 4. სამსახურის ვადა
1. თანამშრომელი სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი – სამსახურის თანამშრომლის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ) შტატით გაუთვალისწინებელ თანამდებობაზე – თანამშრომელი დავალების შესრულების ვადით;
გ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 17 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 22.04.2014წ.
მუხლი 5. კონკურსი
1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, სამსახურში პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის წესით.
2. სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 17 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 22.04.2014წ.
მუხლი 6. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №467-სსმ III, №66, 09.06.2010წ; მუხ.983
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 17 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 22.04.2014წ.
მუხლი 7. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №467-სსმ III, №66, 09.06.2010წ; მუხ.983
მუხლი 8. ატესტაცია
1. ატესტაციის ჩატარების მიზანია თანამშრომლის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა.
2. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულისათვის ან თემატური ნიშნით.
მუხლი 9. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ატესტაციის ჩატარების დროსა და საატესტაციო მოთხოვნებს, აგრეთვე ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
2. ატესტაცია ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით.
3. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №467-სსმ III, №66, 09.06.2010წ; მუხ.983
მუხლი 10. დავების გადაწყვეტა
1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან/კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე