ბრძანება N 12410
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12410
28 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------------;
იურ. მის.: ------------------------------)
2024 წლის 21 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------) 2024 წლის 21 მაისის №89774/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის №081-79 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელისთვის გაუგებარია რა თანხები იქნა განხილული დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად, ვინაიდან მთლიანი პროექტის მოცულობა შეადგენს 52 520 მ 2 -ს, რომლის საპროექტო ღირებულება 2022 წლის ფასებით შეადგენს 28 მლნ ლარს, რომლის აშენებაც ხორციელდება სრულად მოზიდული თანხებით. კერძოდ, როგორც დოკუმენტურად და ბუღალტრულად დასტურდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გაწეულმა ხარჯებმა სულ შეადგინა 14 323 985 ლარი, მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე კაპიტალიზებულმა ხარჯმა შეადგინა 9 256 424 ლარი, სხვა პირდაპირმა ხარჯებმა, რომლის კაპიტალიზაციაც არ მომხდარა შეადგინა 5 067 561 ლარი, მათ შორის რეალიზებული მასალების თვითღირებულება - 2 943 451, სხვა ხარჯებმა (იჯარა, ადმინისტრაციის ხელფასი, საშუამავლო მომსახურება, მარკეტინგული-სარეკლამო, პირგასამტეხლო და ა.შ.) შეადგინა 2 124 110 ლარი. გარდა ამისა, ასევე დოკუმენტურად და ბუღალტრულად დასტურდება, რომ აღნიშნულ ხარჯებზე გადახდილმა თანხამ შეადგინა 13 031 821 ლარი, მათ შორის ნაღდი ანგარიშსწორებით სალაროდან გადახდილმა თანხამ 789 759 ლარი, ხოლო ანგარიშვალდებული პირებიდან (საქვეანგარიშოდ მიღებული თანხებიდან) 234 669 ლარი, საბანკო ანგარიშიდან უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილმა თანხამ 12 007 394 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრა 7 386 509 ლარი, მათ შორის ბარტერული ოპერაციის შედეგად დასაბეგრა ბრუნვამ შეადგინა 1 129 906 ლარი. ბარტერული ოპერაციის გარეშე დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 6 256 603 ლარი დღგ-ის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან ნათელია, რომ კომპანიას გარდა რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებისა, მოზიდული აქვს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია იმისათვის, რომ შემოწმების პერიოდის ბოლოსთვის არსებულ კონდიციამდე მიეყვანა ობიექტი. ნებისმიერი თანხა, რომელიც კომპანიის მიერ იქნა მოძიებული, სრულად არის აღრიცხული სააღრიცხვო დოკუმენტაციაში და მიმართულია მშენებლობის ხარჯების დასაფარად, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები არ იქნა შეპირისპირებული ხარჯებთან. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს სალაროს/ბანკის და ხარჯების მონაცემები ცხრილის სახით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.
მომჩივანი ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №4658 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1.შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, სადავო საკითხი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №4658 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 17 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 786 435 ლარი, მათ შორის: გადასახადი 516 087 ლარი, ჯარიმა 270 348 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 აპრილის №081-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა და აღნიშნულ ნაწილში მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების სრულად შემცირება.
. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შემდგომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა რამდენიმე ფიზიკურ პირთან განხორციელებული ოპერაციის შედარების აქტი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ფიზიკური პირები ფულადი საშუალებების გადახდას ადასტურებდნენ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე, შემოწმებისთვის ზემოთ აღნიშნული ფიზიკური პირების ძირითად ნაწილს უკვე წარმოდგენილი ჰქონდათ ახსნა-განმარტებები ფულადი საშუალებების გადახდასთან დაკავშირებით, რითაც ადასტურებდნენ თანხის გადახდას და შესაბამისად, შემოწმების მიერ დაბეგრილია ხელშეკრულებების გაფორმების შესაბამის პერიოდებში დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. ამასთანავე, გადამხდელმა წარმოადგინა ისეთი ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები, რომლებისგანაც ინფორმაციის გამოთხოვა შემოწმების მიერ შემოწმების მიმდინარეობისას ვერ მოხერხდა, ამ ნაწილში წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე მოხდა შესაბამისი თანხების კორექტირება, რაც დღგ-ის ნაწილში შეადგენს 16 010 ლარს, აგრეთვე, აღნიშნული საკითხი გავლენას ახდენს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვაზეც და საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 26 238 ლარით. ამასთან, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დამატებით შემცირდა შემოწმების მიერ იმ პირებზე დარიცხული დღგ-ის თანხები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირობას. შედეგად. გადასახდელი დღგ-ის თანხა სულ შემცირდა 221 019 ლარით, ხოლო ჯარიმა შესაბამისი პროპორციების მიხედვით დაექვემდებარა შემცირებას.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია შპს „-----ის" მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული და შესამოწმებელი პერიოდის გარეთ დაბრუნებული და დასაბრუნებელი ფართების შესახებ, რომელ ფართებზე გადახდილი თანხებიც შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხილული იყო დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრილი იყო წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. ვინაიდან აღნიშნული თანხები საწარმოში შემოსული იყო, თუმცა მათი სალაროში არსებობა არ ფიქსირდებოდა, შემმოწმებლების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უკან დაბრუნებული და დასაბრუნებელი ფართების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მიმდინარე გადაანგარიშებით, აღნიშნული მიღებული თანხების საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შემცირდა და განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა მოგების გადასახადით. აგრეთვე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა დირექტორის მიერ უპროცენტო სესხზე დარიცხული/მიღებული სარგებელი. საწარმოს აღნიშნულ ნაწილში საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდა 387 167 ლარით, უპროცენტო სესხზე მიღებულ სარგებელზე დაერიცხა 48 425 ლარი, ხოლო მოგების გადასახადში დაერიცხა 273 296 ლარი, ხოლო ჯარიმები შესაბამისი პროპორციების მიხედვით დაექვემდებარა შემცირებას/დარიცხვას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა და აღნიშნულ ნაწილში მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების სრულად შემცირება.
ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესაბამისად, განხორციელდა შესაბამისი თანხების კორექტირება. კერძოდ, გადამხდელმა წარადგინა ისეთი ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები, რომლებისგანაც ინფორმაციის გამოთხოვა შემოწმების მიერ შემოწმების მიმდინარეობისას ვერ მოხერხდა. ამ ნაწილში წარდგენილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე განხორციელდა დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში შესაბამისი თანხების კორექტირება. აგრეთვე, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დამატებით შემცირდა შემოწმების მიერ იმ პირებზე დარიცხული დღგ-ის თანხები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირობას. ასევე, წარდგენილ იქნა ინფორმაცია შპს „-----ის" მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული და შესამოწმებელი პერიოდის გარეთ უკან დაბრუნებული და დასაბრუნებელი ფართების შესახებ, რომელ ფართებზე გადახდილი თანხებიც შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხილული იყო დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით, ვინაიდან აღნიშნული თანხები საწარმოში შემოსული იყო, თუმცა მათი სალაროში არსებობა არ ფიქსირდებოდა, გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მიმდინარე გადაანგარიშებით, აღნიშნული მიღებული თანხების საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შემცირდა და განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელისთვის გაუგებარია რა თანხები იქნა განხილული დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. არ ეთანხმება თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №4658 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივრები.
შემოსავლების სამსახურის №4658 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 786 435 ლარი, აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №081-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა და აღნიშნულ ნაწილში მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების სრულად შემცირება.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);