გადაწყვეტილება №17762/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17762/2/2022
15.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 14.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17762/2/2021).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2022 წლის №005-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17132 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 140 388 ლარი
მათ შორის: გადასახადი - 77 363
დღგ - (-10 990)
მოგების გადასახადი - 68 848
საშემოსავლო გადასახადი - 19 505
ჯარიმა - 53 263
საურავი - 9 762
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:
1. საწარმოს დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებიდან 1 446 148 ლარი შეადგენს იმპორტირებულ საქონელზე გაწეულ ხარჯებს. ვინაიდან შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ დადგინდა უცხოელი მომწოდებლების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების დაფარვის ფაქტი, კრედიტორული დავალიანების თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, სესხის პროცენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით (20%) დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მარტამადე საანგარიშო პერიოდში წარდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის და მოგების გადასახადის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ საკონტაქტო ნომერზე ვერ განხორციელდა გადამხდელთან დაკავშირება. შესაბამისად, საწარმოს მიერ არ არის წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვის, საწარმოს დებიტორ/კრედიტორების და ფულადი სახსრების ნაშთების შესახებ ინფორმაცია. საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა გაანგარიშდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტაციით და სხვა ხელთ არსებული ინფორმაციით, კერძოდ, შემოწმებით ჩაითვალა, რომ შესაბამის საანგარიშო პერიოდებში საწარმოს რეალიზებული საქონლის მიხედვით, საკომპენსაციო თანხა სრულად აქვს მიღებული. აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გამოკლებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა 8.04.2021 წლის №10487 ბრძანება და 13.04.2021 წლის №005-61 საგადასახადო მოთხოვნა, რაც მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.10.2021 წლის №31972 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სალაროში არსებული უძრავი ფულადი ნაშთის დივიდენდად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №3) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.10.2021 წლის №31972 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 იანვრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 633 118 ლარით, მათ შორის, გადასახადი 422 077 ლარით და ჯარიმა 211 041 ლარით, რაზეც მომჩივანს წარედგინა 18.02.2022 წლის №005-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17132 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების
შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.10.2021 წლის №31972 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1) გადაწყვეტილების აღსრულებისას არ არის გათვალისწინებული 2008 წლიდან - 2017 წლამდე პერიოდზე გადახდილი მოგების გადასახადი, რომლის ჩათვლის უფლება აქვს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად. ვინაიდან საწარმოს 2008 წლიდან 2017 წლამდე პერიოდზე აქვს გადახდილი მოგების გადასახადი, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის საფუძველზე, 2008 წლიდან 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა;
2) ასევე შემმოწმებელმა შემოწმების ბოლოს დაადგინა ფულადი ნაშთი 458 992 ლარის ოდენობით. თხოვნის მიუხედავად შემმოწმებლის მიერ არ იქნა მისთვის გაგზავნილი გაანგარიშების ცხრილები. წარმოადგენს გაანგარიშების ცხრილებს, საიდანაც დადგინდა, რომ შემოწმების ბოლოს ფულადი ნაშთი შემოწმებით დადგენილი 458 992 ლარის ნაცვლად, შეადგენს - 316 820.72 ლარს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 7.10.2021 წლის №31972 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა 20.01.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით:
1. საგადასახადო ორგანომ შეისწავლა საჩივარში განხილული საკითხები და წარდგენილი დოკუმენტაცია. საწარმოს წარმომადგენელმა დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინა საბანკო ამონაწერები, რომლითაც დასტურდება უცხოელ მომწოდებლებზე არსებული კრედიტორული დავალიანების დაფარვის ფაქტი. ასევე, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, დაკორექტირდა კომპანიის დირექტორზე გაცემული სესხი (შემცირდა სრულად). გარდა ამისა, უცხოელ მომწოდებლებზე ფაქტობრივად გადახდილი თანხების გათვალისწინებით, დაკორექტირდა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული და საგადასახადო შემოწმებით ხელფასის სახით განაცემად განხილული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულადი სახსრების ნაშთი.
2. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, გაანგარიშებული ნაშთი დაექვემდებარა დივიდენდად განხილვას. აღნიშნულმა გამოიწვია შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო და მოგების გადასახადების თანხების კორექტირება. შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 633 118 ლარით, მათ შორის, გადასახადი 422 077 ლარით და ჯარიმა 211 041 ლარით.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოწმებისას გაანგარიშდა მოგება, რომელიც წინა პერიოდის მოგებად ვერ ჩაითვლება და მიჩნეული იქნა მიმდინარე პერიოდის მოგებად. მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურს 7.10.2021 წლის №31972 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 20.01.2022 წლის დასკვნით არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ფულის ნაშთის ოდენობასთან დაკავშირებით, საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განიხილავს 7.10.2021 წლის №31972 ბრძანების აღსრულების მართლზომიერებას. მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის შემოსავლების სამსახურს 7.10.2021 წლის №31972 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.