სარეკლამო მომსახურებისას დღგ-ის ჩათვლა N 1191

1191 სარეკლამო მომსახურებისას დღგ-ის ჩათვლა 24.11.2015
№ დოკუმენტი 1191
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სარეკლამო მომსახურებისას დღგ-ის ჩათვლა N 1191

ფაქტობრივი გარემოებები

· საქართველოს რეზიდენტმა საწარმომ სარეკლამო მომსახურება გაუწია არარეზიდენტს, რომელსაც არ აქვს საქართველოში რეგისტრაციის და მართვის ადგილი და არც მუდმივი დაწესებულება. რეზიდენტმა საწარმომ არარეზიდენტისათვის მომსახურების გასაწევად რეზიდენტი ქვეკონტრაქტორებისგან შეიძინა საქონელი და განახორციელა ამ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლა

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ე" ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სარეკლამო მომსახურების შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია, მაშინ მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი ან მომსახურების მიმღები პირის მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ მუდმივ დაწესებულებასთან. ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის

· სსკ-ის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახეზეა რეზიდენტი საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისათვის სარეკლამო მომსახურების გაწევა, რომელიც არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რადგან მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ და შესაბამისად, მომსახურების გაწევაც ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ხოლო სსკ-ის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რეზიდენტ საწარმოს უფლება აქვს ჩაითვალოს არარეზიდენტი პირისათვის მომსახურების გასაწევად რეზიდენტი ქვეკონტრაქტორებისგან შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა, რადგან, განსახილველ შემთხვევაში, შეძენილი საქონელი გამოიყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გასაწევად

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 3 ნოემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით