ბრძანება N 8782

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.04.2024
№ დოკუმენტი 8782
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8782

16 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------- (პ/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 25 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა ------- (პ/ნ -------) №88673/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №------- გადაწყვეტილებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის №------- 21/02/2024 გადაწყვეტილებას საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ და განმარტავს, რომ საქონელი შეიძინა ჩინეთში რადგან დაბალ ფასში ყიდულობს. მოგვიანებით გაიგო, რომ შეეძლო ნივთზე გრანტის სტატუსის მინიჭება და შესაბამისად არ გადაიხდიდა იმპორტის გადასახადს. საბაჟო დეპარტამენტში განუმარტეს, რომ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის გზით მოაწესრიგებდა ამ საკითხს, რისთვისაც ჯერ ჭირდებოდა გრანტის სტატუსის მინიჭება. რადან საქონელს გრანტის სტატუსი უკვე აქვს მონიჭებული, ვერ ხედავს პრობლემას იმაში რომ გადახდილი თანხა დაუბრუნდეს.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდეს ცვლილება და დაუბრუნდეს არცოდნის შედეგად გადახდილი თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ი/მ ------- (პ/ნ -------) 2024 წლის 7 თებერვალს საბაჟო დეპარტამენტს მიმართა ID------- განცხადებით, რომლითაც ითხოვა №------- 05/01/2024 საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებების შეტანა, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ნაწილის მიმართ გრანტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის გამოყენება.

მოცემული საქონელი დეკლარირებულია 2024 წლის 5 იანვარს, ხოლო გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურს განცხადებით მიმართა 2024 წლის 22 იანვარს, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდგომ. ასევე, გადაწყვეტილება აღნიშნულ საქონელზე გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულია 2024 წლის 25 იანვარს, რასაც ადასტურებს გადაწყვეტილებაზე დატანილი გაცემის თარიღი. შესაბამისად, გრანტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მისაღებად საჭირო დოკუმენტი საქონლის გაფორმების დროს წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც გადამხდელს საბაჟო დეკლარაციით გადასახდელად დაეკისრა იმპორტის გადასახდელი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-8 დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად (დანართი №8-II-03-ის შესაბამისად), იმპორტირებული საქონლის დეკლარირებისას, გრანტით განსაზღვრული შეღავათის მისაღებად წარდგენილი უნდა ყოფილიყო შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ი/მ ------- (პ/ნ -------) უარი ეთქვა №------- 05/01/2024 საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების განხორციელებაზე, რასთან დაკავშირებითაც გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის № ------- 21/02/2024 წერილი.

აღნიშნულ წერილს დეკლარანტი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გაეცნო 2024 წლის 26 თებერვალს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) გრანტის მიმღების განცხადება;

ბ) გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან გრანტის გამოყოფის შესახებ გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;

გ) გრანტის მიმღები ორგანიზაციის წესდების ასლი;

დ) საიმპორტო საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, თუ გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კი შემოსავლების სამსახური ამ მუხლით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, რომლის მიხედვით, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში წარადგინოს ამავე დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ხოლო, შემოსავლების სამსახური სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს მიანიჭებს გრანტის სტატუსს ან მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონლისათვის, რომელიც ფინანსდება გრანტებით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ).

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების სპეციალური პროცედურა საშუალებას იძლევა, მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობით.

ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ აღნიშნული შეღავათის გამოყენების პირობას წარმოადგენს გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტი დანართი №8-II-03-ის შესაბამისად.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს საბაჟო დეკლარირებისას წარდგენილ დოკუმენტებს და მის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, რაც აუცილებელია შეღავათების მისაღებად. მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობით აუცილებელია საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე საქონელს მინიჭებული ჰქონდეს გრანტის სტატუსი, საქონელი დეკლარირებულ იქნეს მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში და წარდგენილი იყოს შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისთვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ.

დადგენილია, რომ მომჩივანმა გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურს განცხადებით მიმართა 2024 წლის 22 იანვარს.

დადგენილია ასევე, რომ მომჩივნის განაცხადის საფუძველზე საიმპორტო ტვირთს (საქონლის ღირებულება: 6500 აშშ დოლარი (ნომერი: ------- ინვოისიდან პირველი (4900 აშშ დოლარი) და მე-4 (1600 აშშ დოლარი) პოზიციები)) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულების შესაბამისად 2024 წლის 25 იანვარს მიენიჭა გრანტის სტატუსი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც პირს საკანონმდებლო აქტით მინიჭებული აქვს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება, მხოლოდ ის გარემოება, რომ გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების შემდეგ, არ უნდა გახდეს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №------- გადაწყვეტილებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გათვალისწინებით განახორციელოს 2024 წლის 5 იანვრის №------- საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №------- გადაწყვეტილებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გათვალისწინებით განახორციელოს 2024 წლის 5 იანვრის №------- საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით საბაჟო დეპარტამენტმა განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს მიმართა განცხადებით, რომლითაც ითხოვა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებების შეტანა, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ნაწილის მიმართ გრანტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის გამოყენება.

მომჩივანმა გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურს განცხადებით მიმართა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდგომ. გრანტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მისაღებად საჭირო დოკუმენტი საქონლის გაფორმების დროს წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც გადამხდელს საბაჟო დეკლარაციით გადასახდელად დაეკისრა იმპორტის გადასახდელი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ იმპორტირებული საქონლის დეკლარირებისას, გრანტით განსაზღვრული შეღავათის მისაღებად წარდგენილი უნდა ყოფილიყო შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმეს უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების განხორციელებაზე.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №21-10/13620 გადაწყვეტილებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გათვალისწინებით განახორციელოს 2024 წლის 5 იანვრის საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემდეგ ნორმებს: საქართველოს პრეზიდენტის 13.08.2001 წლის N 326 ბრძანებულება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება