გადაწყვეტილება №20652/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20652/2/2023
07 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 24.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20652/2/2023).
დავის საგანი:
ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2023 წლის №070-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19643 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 44 336,59 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 24 966
ჯარიმა - 14 696
საურავი - 4 674,59
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 15.02.2021 წლიდან 15.03.2023 წლამდე პერიოდი.
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.02.2021 წელს, საწარმო ამავე თარიღში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. კომპანიას აქვს ------- მაღაზია -------, საიდანაც ახორციელებს საბითუმო და საცალო ვაჭრობას სასუქებით, აგროქიმიური პროდუქტებით, სანტექნიკური მოწყობილობებითა და რკინა-კავეულით. საწარმოს 2021 წლის მარტში აღებული აქვს გრძელვადიანი სესხი (სს საქართველოს ბანკისგან), მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის შეძენის მიზნით. აღნიშნული სესხის თანხა კომპანიიდან გატანილი აქვს ერთ-ერთ დამფუძნებელსა და დირექტორს -------, რის შემდეგაც მიწა და მასზე დამაგრებული შენობა შეიძინა დამფუძნებელ ------- ერთად (ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, მესაკუთრეები -------, -------). 2022 წლის სექტემბერში ------- და ------- მიწა და მასზე არსებული შენობა შეიძინა მომჩივანმა (ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში). კომპანიის ბუღალტრის ახსნა განმარტებით, საწარმოს დირექტორმა თავდაპირველად შეცდომით/არცოდნით აღნიშნული ფართები გაიფორმა თავის სახელზე, ხოლო შემდეგ აღნიშნულის გამოსწორების მიზნით გადმოაფორმა შპს -------. გადამხდელის ახსნა-განმარტებით, ბანკიდან აღებული სესხის თანხის დირექტორზე გაცემა დააკვალიფიცირა უპროცენტო სესხად და დაბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო მიწისა და შენობის საწარმოზე გადაფორმებისას მოახდინა მოგების გადასახადის თანხის სრულად ჩათვლა.
ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ქონების ღირებულების შესწავლით გაირკვა, რომ დირექტორის მიერ კომპანიიდან გატანილი თანხის ოდენობა და ქონების ღირებულება (ექვივალენტი ლარში), რაც ჩაითვალა სესხის დაბრუნებად, არ არის ერთი და იგივე. კერძოდ, გადამხდელის მიერ სესხად დაკვალიფიცირებული თანხა აღემატება ქონების ღირებულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დეკლარირებული მოგების ჩასათვლელი თანხა, ამასთან მოხდა დარჩენილი მოგების გადასახადის შემდეგ პერიოდებში ჩათვლა კომპანიაში დირექტორის შენატანების გათვალისწინებით. შედეგად, ჯამში მოგების გადასახადი დარჩა უცვლელი. ასევე, უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე გაანგარიშებულ სარგებელზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი შესაბამის პერიოდებში საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2023 წლის №070-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19643 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხული ჯარიმების ნაწილში საბჭომ უნდა იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული შესაბამისი რეგულაციებით და კომპანიას მოუხსნას დარიცხული ჯარიმა, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, შესაბამისად, არ არსებობს ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 15.02.2021 წლიდან 15.03.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19643 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, შესაბამისად, არ არსებობს ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)