გადაწყვეტილება №20893/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.11.2023
№ დოკუმენტი 20893/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№20893/2/2023

14 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 22.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20893/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11488 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №081-160 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21747 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 632 542 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 337 810

დღგ - 341 542

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - (-3 732)

ჯარიმა - 182 576

საურავი - 112 156

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №081-348 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11488 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11488 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება სულ 2 854 ლარის ოდენობით.

აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №081-160 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21747 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები. საქმეზე არსებული მასალების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობის სფეროა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა. ამჟამად მშენებლობას ახორციელებს ქ. -----ში, ------ს №---, №--- და -----ს ქ. №---ში. მშენებლობა ხორციელდება ერთმანეთის მიმდებარედ ოთხი დამოუკიდებელი კორპუსის სახით. ყველა მათგანი განკუთვნილია სარეალიზაციოდ. შემმოწმებლების განმარტებით, მოხდა 1.01.2019 წლის მდგომარეობით ბუღალტრულ სასტარტო ნაშთებად დასმული დაბეგრილი ავანსების გადამოწმება (აღნიშნული სასტარტო ნაშთების გადახურვა პერიოდულად ხდებოდა ფართების გადაფორმების მომენტში). მოხდა მათი შედარება საბანკო ამონაწერებთან და 2017-2018 წლებში წარდგენილ დეკლარაციებთან. გადამოწმების შედეგად, ვერ დადასტურა ყველა მათგანის სინამდვილე, რის გამოც, მოხდა გადაფორმებული ბინების დაბეგვრა დღგ-ით და არ იქნა გათვალისწინებული ბუღალტერიაში დაფიქსირებული სასტარტო ნაშთები. ვინაიდან შემოწმების პროცესში აქტიურად იყო ჩართული, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბანკის ამონაწერებში ჩანდა ჩარიცხვები, რომლებიც მის მიერ იყო 2017-2018 წლებში დაბეგრილი, როგორც ავანსის მიღება, ხოლო შემმოწმებლების მიერ ვერ მოხერხდა ამ ჩარიცხვების რომელიმე მყიდველთან ზუსტი იდენტიფიცირება. ვინაიდან, შემოწმების ვადებიდან გამომდინარე, მცირე დრო იყო დარჩენილი, ამიტომ ვერც მომჩივნის მხრიდან მოესწრო ზემოხსენებული თანხების იდენტიფიცირება შემოწმების ვადებში. თუმცა, ამ ეტაპზე სრულად აქვს გაშიფრული აღნიშნული თანხები.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, მზად არის შემმოწმებლებს მიაწოდოს სრული ინფორმაცია თანხების იდენტიფიცირების შესახებ. ითხოვს, დარიცხული გადასახადებისა და შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11488 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება სულ 2 854 ლარის ოდენობით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან შემოწმების შედეგების გადაანგარიშების გასაჩივრების ეტაპზე მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მის მიერ მითითებული მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11488 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11488 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №081-348 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11488 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11488 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება სულ 2 854 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №081-160 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21747 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11488 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1"ა"), 163(1)(2)(6), 164(1).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა.ბ.დ")(8).