ბრძანება N 8402
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8402
08 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 24 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი აპრილის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 24 მარტის №101435/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №071-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს და წარმოდგენილი აქვს თავდაპირველ საჩივარში მითითებული არგუმენტაცია, კერძოდ:
1. მომჩივანი არ ეთანხმება იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და შენობის (ემერჯენსი) მშენებლობის ხარჯების დღგ-ის მიზნებისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევად განხილვას, ხოლო მოგების გადასახადის მიზნებისთვის უსასყიდლო მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირებას. ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს რემონტსა და მშენებლობაზე გაწეულ ხარჯზე დღგ-ის ჩათვლას. იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასა და შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით მომჩივანი მიუთითებს, რომ იჯარით აღებული მიწის მოპირკეთება და ეზოს კეთილმოწყობა განპირობებული იყო მხოლოდ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ, სამედიცინო საქმიანობის განსახორციელებლად და პაციენტებისთვის სათანადო მომსახურების შეთავაზების მიზნით. კეთილმოწყობილი ტერიტორიით არ უსარგებლია ფართის იჯარით გამცემს. 2014 წლიდან დღევანდელ დღემდე ფართი გამოიყენება სამედიცინო საქმიანობაში და ტერიტორიით სარგებლობს მხოლოდ მოიჯარე (კომპანია). გადამხდელისთვის გაურკვეველია თუ რატომ მოხდა კომპანიის მიერ გაწეული სპეციფიკური სარემონტო ხარჯების მეიჯარის სასარგებლოდ გაწეულ უსასყიდლო მომსახურებად დაკვალიფიცირება, მაშინ როდესაც რეანიმაციული, ქირურგიული განყოფილება და სასტერილიზაციო ოთახი წარმოადგენს მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით გამოსაყენებელ სივრცეს და ამავდროულად, რემონტით დღემდე სარგებლობს მოიჯარე (დღემდე არ შემწყდარა იჯარა). ასევე, აღნიშნავს, რომ მოიჯარის (კომპანია) მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების (EMERGENCY) შენობის მშენებლობა განპირობებული იყო „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის N385-ე დადგენილებაში შესული ცვლილებით, რომლის მიხედვითაც სტაციონარული მომსახურების გამწევ საავადმყოფოებს გაუჩნდათ ვალდებულება ჰქონოდათ ემერჯენსი განყოფილება. ასევე, ყველა სამედიცინო კლინიკა, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ვალდებული იყო გაევლო საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის N4/ნ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განახორციელებდა სამედიცინო საქმიანობას ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში. საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება შეუძლებელი იქნებოდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის განახლების გარეშე. გადამხდელმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო 2024 წლის ბოლოს, რითიც შეინარჩუნა უფლება გააგრძელოს საქმიანობა, როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიმწოდებელმა. ამასთან, მეიჯარის ტერიტორიაზე აშენებული შენობის სანაცვლოდ არ მომხდარა საიჯარო გადასახდელის გაზრდა და აღნიშნული ფართით უსასყიდლოდ სარგებლობს მოიჯარე. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოიჯარემ (კომპანია) მეიჯარეს (ფიზიკური პირი) გაუწია მომსახურება, აღნიშნული მომსახურება ვერ იქნება უსასყიდლო, ვინაიდან სანაცვლოდ პირი (მოიჯარე) სარგებლობს ახალაშენებული ფართით უსასყიდლოდ (საიჯარო ქირის გადახდა ხდება მხოლოდ უკვე არსებულ შენობაზე და არა ახალაშენებულზე). გარდა ზემოღნიშნულისა, მომჩივნისთვის გაურკვეველია თუ რატომ მოხდა იჯარით აღებული ფართის რემონტისა და შენობის აშენების ერთ ოპერაციად განხილვა, ვინაიდან ადგილი აქვს ორ დამოუკიდებელ ოპერაციას, ერთი მხრივ, იჯარით აღებულ ფართში მოეწყო ქირურგიული და რეანიმაციული განყოფილება და სასტერილიზაციო ოთახი, ხოლო მეორე მხრივ აშენდა შენობა. შესაბამისად, თუ აუდიტორებმა მომჩივნის აზრით არასწორად, მაგრამ შენობის აშენება განიხილეს უსასყიდლოდ მომსახურებად, რატომ განიხილეს სარეანიმაციო განყოფილების მოწყობა მეიჯარის მიმართ განხორციელებულ უსასყიდლოდ მომსახურებად, მაშინ როცა რემონტი მთლიანად მოიჯარის ხელში დაექვემდებარება „ცვეთას“ და როგორც პირებს შორის არსებული პრაქტიკა აჩვენებს, საიჯარო ხელშეკრულება იქნება ხანგრძლივი (პირებს შორის 2014 წლიდან არსებობს საიჯარო ურთიერთობა).
იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასა და შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების დღგით დაბეგვრა/ჩათვლასთან დაკავშირებით, მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტორების მიერ კვალიფიკაციის შეცვლა და იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასა და შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სამშენებლო მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირება და დღგ-ით დაბეგვრა არამართლზომიერია. ამასთან, აცხადებს, რომ თუკი მაინც დაიბეგრა აღნიშნული ოპერაცია, გაუგებარია აუდიტორებმა რატომ არ მოახდინეს შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა, რაზეც შემოწმების დროს უკვე არსებობდა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩათვლის მიღებას. მიუთითებს, რომ 2021-2023 წლების განმავლობაში კომპანიას მიღებული და დადასტურებული აქვს 458 000 ლარის ჩაუთვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მათ შორის არსებითი რაოდენობა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა არის სწორედ სარემონტო მომსახურებაზე მიღებული. გარდა ამისა, კომპანიას მიღებული აქვს სასაქონლო ზედნადებებიც, რომელიც ამ ეტაპზე მიბმული არ არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში, გამყიდველი გამოაგზავნის შესაბამის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რაც ასევე დღგ-ის ჩათვლის საფუძველი იქნება.
2. მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს შემმოწმებლის მიერ დაშვებულ მექანიკურ შეცდომაზე და აცხადებს, რომ განაცემები არასწორი მოცულობით არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. აღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს სადავო საკითხის მისი მონაწილეობით შესწავლას.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13447 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასა და შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირების საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე გაწეული ხარჯების ნაწილში დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
გ) იჯარით აღებულ მიწაზე შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და შენობის (ემერჯენსი) მშენებლობის (საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის) ხარჯების გამიჯვნის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის გამიჯვნის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
დ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, გამიჯნოს იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და შენობის (ემერჯენსი) მშენებლობის (საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის) ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ნაწილში დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13447 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2026 წლის 2 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 167 291 ლარი, მათ შორის გადასახადი 124 004 ლარი და ჯარიმა 43 287 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 27 თებერვლის №071-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიმიჯნა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და მშენებლობის ხარჯები. შედეგად, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე უსასყიდლო მომსახურების კვალიფიკაციით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო კომპანიის მფლობელობაში არსებულ (იჯარით აღებულ) მიწაზე შენობის მშენებლობა დაკვალიფიცირდა საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებად. მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და წარმოდგენილი ცხრილების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა მშენებლობაზე გაწეული ხარჯები და ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა.
2. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ ვერ იქნა მითითებული გაანგარიშების რა ნაწილში იყო დაშვებული ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის პრეტენზია უსაფუძვლოა, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასა და შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირების საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, ასევე, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე გაწეული ხარჯების ნაწილში დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის გამიჯვნის დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლა, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და შენობის (ემერჯენსი) მშენებლობის (საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის) ხარჯების გამიჯვნა და აღნიშნულის გათვალისწინებით საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ნაწილში დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიმიჯნა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და მშენებლობის ხარჯები. შედეგად, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე უსასყიდლო მომსახურების კვალიფიკაციით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო კომპანიის მფლობელობაში არსებულ (იჯარით აღებულ) მიწაზე შენობის მშენებლობა დაკვალიფიცირდა საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებად. მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და წარდგენილი ცხრილების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა მშენებლობაზე გაწეული ხარჯები და ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა, თუმცა გადამხდელის მიერ ვერ იქნა მითითებული გაანგარიშების რა ნაწილში იყო დაშვებული ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და შენობის მშენებლობის ხარჯების დღგ-ის მიზნებისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევად განხილვა, ხოლო მოგების გადასახადის მიზნებისთვის უსასყიდლო მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირება. ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს რემონტსა და მშენებლობაზე გაწეულ ხარჯზე დღგ-ის ჩათვლას.
2. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიმიჯნა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და მშენებლობის ხარჯები. შედეგად, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე უსასყიდლო მომსახურების კვალიფიკაციით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო კომპანიის მფლობელობაში არსებულ (იჯარით აღებულ) მიწაზე შენობის მშენებლობა დაკვალიფიცირდა საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებად. მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და წარმოდგენილი ცხრილების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა მშენებლობაზე გაწეული ხარჯები და ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა.
2. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ ვერ იქნა მითითებული გაანგარიშების რა ნაწილში იყო დაშვებული ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)