არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მიღებული გრანტის ფარგლებში წარმოებული საქონლის გავრცელება N 2514
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მიღებული გრანტის ფარგლებში წარმოებული საქონლის გავრცელება N 2514
ფაქტობრივი გარემოებები
•არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა (ააიპ) მიღებული გრანტის სახსრებით დაბეჭდა წიგნები, რომელიც გადასცა საცალო ვაჭრობის ობიექტს შემდგომი გავრცელების მიზნით, ამასთან ააიპ–ს და საცალო ვაჭრობის ობიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ აღნიშნული წიგნების გავრცელება განხორციელდებოდა ხელშეკრულებაში ფიქსირებული ღირებულებით
•ააიპ–მა წიგნების გადაცემა არ მიიჩნია უსასყიდლო გადაცემად
•საცალო ვაჭრობის ობიექტმა გასავრცელებლად მიღებული წიგნები არ მიიჩნია უსასყიდლოდ მიღებულად და მისი ღირებულება, როგორც სარგებლის ღირებულება არ ასახა ერთობლივ შემოსავალში
შეფასება
•საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73–ე მუხლის მე–9 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნული სამეურნეო ოპერაცია შინაარსობრივად გულისხმობს, რომ საცალო ვაჭრობის ობიექტი მიღებული წიგნების გავრცელებას ახორციელებს ააიპ–ის სახელით და მისი დავალებით, შესაბამისად უწევს მას მომსახურებას, ხოლო ააიპ–ს და საცალო ვაჭრობის ობიექტს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ფიქსირებული ღირებულება, რითაც განხორციელდება წიგნების გავრცელება, წარმოადგენს საცალო ვაჭრობის ობიექტის მიერ გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხას
•იმის გათვალისწინებით, რომ ააიპ მიღებული გრანტით დაბეჭდილი წიგნების გავრცელებას ახორციელებს არაეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, გავრცელებისას მისი ღირებულება ააიპ–სთვის არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102–ე მუხლით გათვალისწინებულ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს
•საცალო სავაჭრო ობიექტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალში უნდა აიღოს გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხა
ღონისძიებები
•არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქმედება შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას
•საცალო სავაჭრო ობიექტის ქმედება შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 01 იანვრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც