ბრძანება N 1229
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1229
30.01.2023
შპს „-----“ (ს/ნ ------)
(მის.: ------)
2022 წლის 25 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი№3) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ------) 2022 წლის 25 ოქტომბრის №75732/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ოქტომბრის №127-34 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს მიერ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 3 284 923 ლარი, ხოლო დარიცხულმა და გადახდილმა მოგების გადასახადმა შეადგინა 258 096 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს 2018 წლის დეკემბრის თვეში დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა 335 094 ლარი, რომელიც შემოწმების მიერ განხილულ იქნა დირექტორზე გაცემული ხელფასად, დაკვალიფიცირდეს პარტნიორ დამფუძნებლებზე გაცემულ დივიდენდად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 აპრილის №9359 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს ,,-----“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა)გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში,აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მ.შ.ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ თანხებთან და ფულად ნაშთებთან დაკავშირებული ინფორმაცია);
ბ)დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს,ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში,დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 აპრილის №9359 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 26 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 46 116 ლარი, მათ შორის, გადასახადი 30 743 ლარი და ჯარიმა 15 373 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 4 ოქტომბრის №127-34 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ანგარიშვალდებულ პირებზე არსებული ფულადი ნაშთების შესახებ ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული და მიღებული თანხების შესახებ,სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები და შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები,გადახდის ქვითრები და ურთიერთშედარების აქტები.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად,2018 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს,ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 335 094 ლარს,ხოლო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა შეადგენს 418 867,4 ლარს.შემოწმების მიერ ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ინფორმაცია ანგარიშვალდებულ პირებზე არსებული ფულადი ნაშთებისა და ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული და მიღებული თანხების შესახებ, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები და შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, გადახდის ქვითრები და ურთიერთშედარების აქტები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც პირველად წარმოდგენილ საჩივარში არ ყოფილა სადავო გარემოება, შესაბამისად ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.