ბრძანება N 6247
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6247
22 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 11 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) №88387/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №046-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ არის პენსიონერი, ვერ ერკვევა საგადასახადო კანონმდებლობაში, არ აქვს ბუღალტრის დაქირავების საშუალება, ამდენად, არ იცოდა თუ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი უნდა აესახა შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. შესაბამისად, მომჩივანი აცხადებს, რომ გადაიხდის გადასახადის თანხას, ხოლო ჯარიმა/საურავთან დაკავშირებით ითხოვს გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 იანვრის №769 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---------(ს/ნ ---------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2021 წლის 9 ივნისის №18246 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მოწოდებად აღიარების სისწორეზე (გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციაში ასახვა). შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 5 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 12 თებერვალს გამოსცა №2901 ბრძანება და №046-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 50 308 ლარი, მათ შორის, გადასახადი 36 814 ლარი, ჯარიმა 9 203 ლარი და საურავი 4 291 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკანცელარიო ნივთებითა და სასკოლო წიგნებით ვაჭრობა (რეალიზაციების ძირითადი ნაწილი განთავისუფლებულია დღგ-სგან). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 9 ივნისის №18246 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 92 034 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286- ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის საშემოსავლო გადასახადის 2022 წლის დეკლარაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადამხდელს არ მოუხდენია ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ერთობლივ შემოსავალში ასახვა, ხოლო აღნიშნული დანაკლისის თანხით შემცირებული აქვს 2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი (რაც გადამხდელმა დაადასტურა ახსნა-განმარტების საფუძველზე). აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად 92 034 ლარით გაიზარდა 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ --------- (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი აცხადებს, რომ გადაიხდის გადასახადის თანხას, ხოლო ჯარიმა/საურავთან დაკავშირებით ითხოვს გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკანცელარიო ნივთებითა და სასკოლო წიგნებით ვაჭრობა. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის საშემოსავლო გადასახადის 2022 წლის დეკლარაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადამხდელს არ მოუხდენია ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ერთობლივ შემოსავალში ასახვა, ხოლო აღნიშნული დანაკლისის თანხით შემცირებული აქვს 2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გაიზარდა 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:270(1,2);275(2);272(1);269(7)