გადახდის წყაროსთან დაბეგრილ პროცენტზე ჩათვლის მიღება N 2616
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გადახდის წყაროსთან დაბეგრილ პროცენტზე ჩათვლის მიღება N 2616
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“-მა 2017 წლის მაისის თვეში არარეზიდენტ კომპანიაზე წლიური 20%-იანი განაკვეთით საქართველოს ფარგლებს გარეთ გასცა სესხი 100 000 ლარის ოდენობით. წლის ბოლოს დარიცხულმა სესხის პროცენტმა არარეზიდენტი კომპანიიდან შეადგინა 13 333 ლარი. ამასთან, სესხის ძირი თანხისა და პროცენტის დაფარვაც მოხდა წლის ბოლოს. არარეზიდენტმა საწარმომ პროცენტის სახით საწარმოს აუნაზღაურა 12 000 ლარი, ვინაიდან უცხოეთში გადახდის წყაროსთან დააკავა 10% - 1 333 ლარი გადასახდელ პროცენტზე. საწარმოს გააჩნია გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი. საწარმომ 2018 წლის აპრილის თვეში გაანაწილა მოგება 50 000 ლარის ოდენობით. შპს „X“-ს საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში არ მოუხდენია.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკური პირისათვის ან არარეზიდენტისათვის სესხის გაცემა ან/და რომელიმე ამ პირის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის დეპოზიტით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხის ოდენობა შეადგენს აღებული სესხის თანხას. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე; ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საწარმო, რომელიც მოგების გადასახადით მოგების განაწილებისას იბეგრება, უფლებამოსილია გაცემული დივიდენდის მიხედვით მოგების გადასახადის გადახდისას შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის ჩაითვალოს საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან.
· შპს „X“-ს 2017 წლის მაისის თვეში არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხზე უნდა დაერიცხა და გადაეხადა მოგების გადასახადი 17 647 ლარი (100 000/0.85X15%=17 647), ამასთან, სესხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში შეძლებდა გაცემულ სესხზე დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლას. 2018 წლის აპრილის თვეში საწარმოს უნდა დაერიცხა მოგების გადასახადი 8 823 (50 000/0.85X15%=8 823) ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული მოგების განაწილების საანგარიშო პერიოდშივე შეეძლო პროცენტზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჩათვლა - 1 333 ლარის ოდენობით.
ღონისძიებები
· საწარმოს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით