გადაწყვეტილება №77524/1/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.02.2023
№ დოკუმენტი 77524/1/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№77524/1/2022

24.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------------“-ის 11.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №77524/1/2022).

 

დავის საგანი:

დავის დაწყება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება: აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2022 წლის №002-91 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა:

1 043 072 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 514 794

დღგ - 58 625

საშემოსავლო გადასახადი - 456 169

ჯარიმა - 257 497 საურავი - 270 781

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 17.11.2020 წლის აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.04.2019 წლიდან 1.07.2019 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2020 წლის №002-354 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.05.2021 წლის №14271 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 19.11.2021 წლის №13940/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 14.05.2021 წლის №14271 ბრძანება. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გაანგარიშების ფარგლებში დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 1.06.2022 წლის №002-91 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.09.2022 წლის №72709/1/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელმა 23.12.2022 წელს ელექტრონულად წარადგინა საჩივარი (№77524/1/2022) აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2022 წლის №002-91 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე შემოსავლების სამსახურში, რაც 11.01.2023 წელს კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა (№863-21- 04) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში განსახილველად.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს, რომ ორგანიზაცია იყო ------------ის საკუთრება, იგი დაიღუპა 20.12.2021 წელს გაურკვეველ ვითარებაში. მომჩივანი ითხოვს ახალი გარემოებებიდან გამომდინარე აუდიტის თავიდან ჩატარებას.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:

6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილდების და დავის დაწყების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.