ბრძანება N 16963
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16963
18 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 26 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ----------- (ს/ნ ---------) №90410/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის №CB1628902 და NCB1628903 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღურიცხველ სმფ-ებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მისი გამოუცდელობის გამო საქონლის ნაწილის შეძენა განახორციელა მისი ოჯახის წევრების სახელით, ყველა ამ შეძენაზე აქვს შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი ინფორმაცია და ასევე, ყველა შეძენაზე თანხა გადახდილი აქვს თავისი საბანაკო ანგარიშიდან. რაც შეეხება დანაკლისს, აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელი მიუთითებს, რომ საქმიანობის პროცესში ხშირად ახორციელებს ცალკეული საქონლის შეძენას უცხოეთიდან ელექტრონული სავაჭრო პლატფორმების მეშვეობით. ამასთანავე, ელექტრონული სავაჭრო პლატფორმებიდან ხშირად იწერს სხვადასხვა პროდუქციას არაეკონომიკური საქმიანობისათვის (პირადი მოხმარების მიზნით). აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, მარაგების მართვის ქეისმენეჯმენტის პროგრამის 2023 წლის 3 ნოემბრის N125382 დავალების საფუძველზე (III პროცედურა), 2023 წლის 7 ნოემბერს გამოცემული „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ“ N27364 ბრძანებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის -------- და -------- სამმართველოს მთავარი ოფიცრების მიერ ჩატარდა ი/მ ----------- (ს/ნ ----------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ი/მ ---------- (ს/ნ ----------) ობიექტში, 2023 წლის 7 ნოემბერს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. ი/მ ---------- (ს/ნ ---------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 2 ნოემბერს. მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან. გადამხდელის სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ავტომობილის ნაწილებითა და აქსესუარებით.
ინვენტარიზაციის დაწყებისას ი/მ ---------- (ს/ნ --------) განაცხადა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს შემდეგ მისამართზე: --------. მან განმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებული აქვს მხოლოდ ზემოაღნიშნულ მისამართზე და სხვა სავაჭრო ობიექტი ან სათავსო არ გააჩნია. ასევე განაცხადა, რომ მის ობიექტებში არ ინახება სხვის საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ნოემბრის N27364 ბრძანებით, ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა წერილობითი ფორმით განსაზღვრა თავისი წარმომადგენლები საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობაში – ---------- (პ/ნ ---------) და ----------- (პ/ნ ----------).
საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა „სასაქონლომატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ“ ოქმში (დანართი N16). ი/მ------- - (ს/ნ--------) ობიექტში-------- 2023 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 357152 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შედგენილ იქნა ოქმი „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ – დანართი N19– ის I და II ცხრილები. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილი იქნა ასევე „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ ოქმი (დანართი N21). მისი შესწავლისა და მითითებული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შემდეგ, დადგინდა აღურიცხველი სმფ–ების რაოდენობა სასაქონლო დასახელებების მიხედვით. აგრეთვე, ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების პირვანდელი ღირებულება (დანართი N21–ის მე–6 სვეტის ჯამი), რომელმაც შეადგინა 223591.43 ლარი
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ შევსებულ იქნა დანართი N19–ის I და II ცხრილები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2020 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (7 ნოემბერი 2023 წელი);
საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი – 0 ლარი;
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სმფ-ების პირვანდელი ღირებულება – 703915.97 ლარი. მათ შორის: ელ. სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ები - 362906.2 ლარი (გარდა პირადი მოხმარების მიზნით შეძენილი სამშენებლო მასალებისა); საფოსტო გზავნილებით განხორციელებული ონლაინ შესყიდვა/იმპორტი (გარდა პირადი ნივთებისა) – 107911.3 ლარი; მცირე ბიზნესის ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით შეძენილი სმფ-ები - 41126 ლარი; იმპორტირებული ავტომობილები - 191972.47 ლარი. ამასთან, ორი ერთეული ავტომობილი (-------------; ----------) ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის ირიცხებოდა მის სახელზე და განკუთვნილი იყო სარეალიზაციოდ, ხოლო 6 ერთეული (--------------; ----------; ----------; ----------; ----------; --------------) სსიპ „შსს მომსახურეობის სააგენტო“-დან გაცემული ცნობების მიხედვით, ჩამოწერილია სხვადასხვა დროს. აღნიშნული ავტომობილების პირვანდელი ღირებულების დასადგენად აღებულ იქნა საბანკო ქვითრებში დაფიქსირებული თანხები ეროვნულ ვალუტაში, რომელიც გადახდილია ავტომობილების შეძენისა და ტრანსპორტირებისათვის შესაბამისი ავტომანქანის VINკოდების მიხედვით;
2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა ბრუნვები შესაბამისი თვეების მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით - 200979 ლარი;
2023 წლის 1–7 ნოემბრის ჩათვლით რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა – 2555 ლარი, საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდის მონაცემებისა (10 ლარი) და საბანკო ტერმინალის მონაცემების მიხედვით (2545 ლარი);
სულ მთელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებული სმფ-ების საბაზრო ღირებულებამ დღგ-ს გარეშე შეადგინა - 203534 ლარი (200979+2555);
ფასნამატად აღებულ იქნა 29.46% ((228527-176529,44)/176529,44*100%). მისი ანგარიში დაეყრდნო დანართი N16-ისა და დანართი N21-ის მონაცემებს. კერძოდ: შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ-ების (სულ - 412 დასახელების) საბაზრო ღირებულება (228527 ლარი) და შეძენის ჯამური ღირებულება (176529.44 ლარი). ანგარიშიდან გამორიცხეს ის დასახელებები, რომელთა შეძენის ღირებულება იყო უცნობი.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2023 წლის 7 ნოემბერი), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბუღალტრო ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი N19-ის I ცხრილის მე-2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა - 546698.3 ლარი (0+703915,97-(203534/1,2946)). საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი N22-ის I ცხრილი (პროექტი) – დანართი N16-ისა და დანართი N21-ის მონაცემების საფუძველზე, სადაც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 65625 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებული იქნა დანართი N22-ის II ცხრილი (პროექტი) – დანართი N19-ისა და დანართი N21-ის მონაცემების საფუძველზე.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 323106.87 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (29.46% ფასნამატის გათვალისწინებით) – 418294.15 ლარი (323106.87*1,2946).
ი/მ -------- (ს/ნ --------) 2024 წლის 7 მარტს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი N22–ის I და II ცხრილები) პროექტით. გადასახადის გადამხდელმა შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა პოზიცია ოქმის პროექტის შესახებ, სადაც აღნიშნა, რომ წარმოადგენდა ოქმის პროექტით აღურიცხავად მიჩნეული სმფ-ების შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და აღნიშნულის საფუძველზე მოითხოვა ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება აღურიცხაობის ნაწილში.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ გადასახადის გადამხდელის პოზიცია დააკმაყოფილა ნაწილობრივ და 2024 წლის 27 მარტის N21 სხდომის ოქმით დაავალა გადასახადის გადამხდელს სმფ-ების საკუთრების შესახებ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, ხოლო საგადასახადო ოფიცრებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობისას ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება. ი/მ ---------(ს/ნ ---------)---------- ვერ შეძლო პირველადი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ სმფ-ების შეძენის ფაქტი, ამიტომაც არ მომხდარა ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება/შემცირება.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, ი/მ -------- (ს/ნ --------) დაჯარიმდა 32812.5 ლარით, რაზეც 2024 წლის 27 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1628903, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გამოვლენილ სმფ-ების დანაკლისზე, ი/მ --------- (ს/ნ ---------) დაჯარიმდა 41829.42 ლარით. აღნიშნულზე 2024 წლის 27 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1628902.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. ი/მ ----------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელის ითხოვს სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ავტომობილის ნაწილებითა და აქსესუარებით. ჩატარდა ი/მ -ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად გამოვლინდა 65625 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 323106.87 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (29.46% ფასნამატის გათვალისწინებით) – 418294.15 ლარი (323106.87*1,2946).
შესაბამისად, გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, ი/მ დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:70(1);8(11);286(4,9);