გადაწყვეტილება №27450/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.07.2026
№ დოკუმენტი 27450/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

01 ივლისი 2026

N 27450/2/2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „-----“ (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „-----“ 29.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27450/2/2026).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2026 წლის N 001-40 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 08.05.2026 წლის N 10271 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ქონების გადასახადი - 209 920,75 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებში N ----- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორე.

შემოწმების შედეგები აისახა 12.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საანგარიშო პერიოდებში N ----- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით შემმოწმებლებს წარედგინათ შპს „----- “ მიერ სს „-----“ ბიზნესის ღირებულების შეფასების ანგარიში რომლითაც 2024 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, უძრავი ქონება, კერძოდ, შენობა - ნაგებობა (საკადასტრო კოდი -----) შეფასებული იყო 4 876 974 აშშ დოლარად დღგ-ის გარეშე, აღნიშნული ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 5 754 829 აშშ დოლარს. შემმოწმებელთა მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც გადამხდელს აღნიშნული შენობა - ნაგებობის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2023 წელს დეკლარირებული ჰქონდა 5 225 709 ლარის ოდენობით, ხოლო 2024 წელს 5 411 907 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე მუხლის 41 ნაწილის, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის საფუძველზე, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემოწმებით (დაკორექტირდა) გაიზარდა და გადასახადის გადამხდელს სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.

შემოწმების აქტის საფუძველზეც 16.03.2026 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის N 5687 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის N 001-40 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 08.05.2026 წლის N 10271 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველი და 41 ნაწილებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლზე, 205-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე, და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

გაუგებარია, თუ რატომ განსაზღვრა საგადასახადო ორგანომ ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივის საბაზრო ფასად შეფასების ფასი დღგ-ის ჩათვლით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების გადასახადის გადამხდელი კომპანია არის დღგ-ის გადამხდელი. სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების მიხედვით. ამასთანავე, აქტივის ღირებულება, სსკ-ის 148-ე მუხლის შესაბამისად, მოიცავს აქტივის შესყიდვის, წარმოების, მშენებლობისა და სხვა ხარჯებს, რომლებიც ზრდის მის ღირებულებას. ამავე დროს, დღგ-ის ეკონომიკური შინაარსიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს საბოლოო მომხმარებლის გადასახადს, ხოლო დღგ-ის გადამხდელი ბიზნესი, რომელიც ძირითად საშუალებას იყენებს დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებისთვის, უფლებამოსილია ჩაითვალოს აღნიშნულ აქტივთან დაკავშირებული დღგ. ამ პირობებში, აქტივის საბაზრო ფასის განსაზღვრა დღგ-ის ჩათვლით ქონების გადასახადის მიზნებისთვის იწვევს არათანაბარ მდგომარეობას სხვადასხვა გადასახადის გადამხდელს შორის. კერძოდ, თუ საგადასახადო ორგანო ქონების გადასახადის დარიცხვის ბაზად იყენებს აქტივის საბაზრო ფასს დღგ-ის ჩათვლით, მაშინ: - იმავე აქტივის სხვა დღგ-ის გადამხდელ კომპანიაზე რეალიზაციის შემთხვევაში, მყიდველ კომპანიას ექნება უფლება ჩაითვალოს აღნიშნული დღგ; - შესაბამისად, იგი აქტივს ბალანსზე აღრიცხავს დღგ-ის გარეშე ნასყიდობის ფასით; - შედეგად, კი ქონების გადასახადის გამოანგარიშება მოხდება აქტივის დღგ-ის გარეშე საბალანსო ღირებულებიდან. ანალოგიური შედეგი მიიღება იმ შემთხვევაშიც, თუ კომპანია დააფუძნებს შვილობილ კომპანიას, რომელიც იქნება დღგ-ის გადამხდელი და აღნიშნულ აქტივს შეიტანს მის კაპიტალში. სსკ-ის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, აქტივის კაპიტალში შეტანა საქონლის მიწოდებად არ განიხილება, ხოლო მიმღები პირი ითვლება მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ. ასეთ შემთხვევაში შვილობილი კომპანია აქტივს ბალანსზე აღრიცხავს შესაბამისი საბალანსო ღირებულებით (საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე) და ქონების გადასახადს გადაიხდის სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამგვარად, პრაქტიკაში იქმნება სიტუაცია, როდესაც: * ერთ შემთხვევაში ქონების გადასახადი დარიცხულია აქტივის დღგ-ის ჩათვლით საბაზრო ფასიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში იგივე აქტივზე ქონების გადასახადი გამოითვლება დღგ-ის გარეშე საბალანსო ღირებულებიდან.

აღნიშნული მიდგომა არ შეესაბამება საქართველოს საგადასახადო სისტემის ერთ - ერთ ძირითად პრინციპს – გადასახადის გადამხდელთა თანასწორობას საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას დღგ არ უნდა ჩაითვალოს დასაბეგრი ქონების ღირებულებაში იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელი არის დღგ-ის გადამხდელი და მას აქვს აღნიშნული დღგ-ის ჩათვლის უფლება. მომჩივანი ითხოვს ქონების გადასახადის გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს ერთი პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ ოცდამეათე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:

1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).

2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-3-ე ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N 473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6-ე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე სათანადოდ არ არის შესაწავლილი და შეფასებული მომჩივნის არგუმენტაცია, რაც მოითხოვს დამატებით შესწავლას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად, უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 08.05.2026 წლის N 10271 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ ჩატარდა გადამხდელის კამერალური საგადასახადო შემოწმება რეგისტრირებული უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. გადასახადი არასწორად იყო დეკლარირებული, რის გამოც გაიზარდა დასაბეგრი ბაზა და მომჩივანს დამატებით დაერიცხა გადასახადი. მიღებული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დავა გაგრძელდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე სათანადოდ არ არის გამოკვლეული და შეფასებული მომჩივნის არგუმენტაცია, რაც მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 205(2); 160(7); 306;.