ბრძანება N 5289
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5289
21 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(იურ. მის.: ---) 2025 წლის 15, 18 და 24 თებერვლის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის და 7 მარტის სხდომებზე (ოქმი №17 და №19) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 15 თებერვლის №94180/1/2025, 18 თებერვლის №94237/1/2025 და 24 თებერვლის №94313/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის №094-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელთან კონტაქტი ვერ შედგა, ასევე, არ ყოფილა გამოთხოვილი ინფორმაცია ბანკებიდან, შესაბამისად, საკითხის სრულყოფილი შესწავლა არ მომხდარა და სალაროში არსებული ვირტუალური ნაშთის გაანგარიშების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნავს, რომ საბოლოო ნაშთის ფორმულირებაში გამორჩენილია მოქმედი სესხის დაფარვისთვის გასული თანხები;
2. არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს პერსონალის მიმართ მოთხოვნების და სალაროს დაუსაბუთებელი ნაშთის დირექტორის სესხად განხილვას და აღნიშნავს, რომ გადამხდელს არ მიეცა საშუალება, შემოწმების პროცესში დაეფიქსირებინა პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშის ამონაწერების, საბუღალტრო პროგრამის და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს საწარმოს პერსონალის მიმართ მოთხოვნის საწყისი ნაშთი და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, განხილულ იქნას ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს;
3. აცხადებს, რომ უზუსტობებია დაშვებული დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშებისას, კერძოდ, სავარაუდოდ დაშვებულია შეცდომა მიღებული ავანსისა და ხელშეკრულების შეწყვეტისას დამკვეთის მიერ ავანსად ჩარიცხული თანხის უკან გათხოვის შედეგად დარჩენილ ნაშთს შორის;
4. არ ეთანხმება კომპანიის მიერ სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის, საწარმოს საკუთრებაში არსებულ საწყობში მიტანილი სამშენებლო მასალების რეალიზებულად განხილვას და აცხადებს, რომ ხელშეკრულების ოფიციალურად შეწყვეტამდე კომპანია ასრულებდა კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ხდებოდა აღნიშნულ მისამართებზე საქონლის მიტანა სამუშაოების წარმოების მიზნით. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო ჩაეტარებინა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება ინვენტარიზაციის დანიშვნის გზით, რათა დაედგინა კომპანიის საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, ხოლო დანაკლისის შემთხვევაში ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად;
5. მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
საჩივრის წარმოდგენის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით,გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმება დაინიშნა 2024 წლის 2 აპრილს, რა დროსაც კომპანიის ერთადერთი მოქმედი თანამშრომელი და დირექტორი --- იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, საიდანაც გათავისუფლდა 2025 წლის 9 იანვარს და საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონულ პორტალზე გაეცნო 2025 წლის 17 იანვარს, ხოლო საჩივარი წარმოადგინა 15 თებერვალს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მომჩივანი აცხადებს, რომ საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გამოქვეყნებიდან დადგენილი გასაჩივრების ვადა არ უნდა იქნას მიჩნეული დარღვეულად და ითხოვს საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიმართ შედგენილი 2024 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2024 წლის 25 ივნისის №14873 ბრძანება და ამავე თარიღის №094-26 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე გაეგზავნა 2024 წლის 25 ივნისს, თუმცა მომჩივანი ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2024 წლის 30 ივლისს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2024 წლის 19 აგვისტოს. ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტებს პირი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2025 წლის 17 იანვარს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2025 წლის 15 თებერვალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
2. საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი.
3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-490-485(2კ-16)), სადაც გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ:
„საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენებისათვის მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას.
საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს, რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად, ამდენად, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს“. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გაცემულ 2025 წლის 9 იანვრის №0747113 ცნობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ --- (ს/ნ ---) 2023 წლის 18 ოქტომბრიდან 2025 წლის 9 იანვრამდე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანმა შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რამაც განაპირობა გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი გასაჩივრების ვადის გაშვება. ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრის წარდგენის ვადის გაშვება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და საჩივარი დაშვებულ იქნეს განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №7249 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 ივნისის №14873 ბრძანება და ამავე თარიღის №094-26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 3 171 428 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 533 314 ლარი, ჯარიმა 1 275 361 ლარი და საურავი 362 753 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტენდერების ფარგლებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. შემოწმების პროცესში გადამხდელთან კონტაქტი ვერ შედგა, შესაბამისად, არ მომხდარა შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაციის (მ.შ. ინფორმაცია ბანკებიდან) მოწოდება. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 თებერვლის №2475 ბრძანების საფუძველზე დანიშნულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლითაც ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნულის ტოლად. აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებით 01.01.2021-ის მდგომარეობით ფიქსირდება ფულის ნაშთი 293 707 ლარის ოდენობით, ასევე, დებიტორული დავალიანების ნაშთი 536 519 ლარი და დავალიანება საქონლის მიწოდებიდან და მომსახურებიდან 0 ლარი. მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით კრედიტორული დავალიანების ნაშთმა 01.01.2021-ის მდგომარეობით შეადგინა 2 811 121 ლარი, ხოლო 01.01.2024-ის მდგომარეობით 507 589 ლარი. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებისა და მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კერძოდ, გაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის, რასაც დაემატა კრედიტორული დავალიანების ზრდა და დებიტორული დავალიანების კლება. აღნიშნული სხვაობა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით. შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
2. საწარმოს 2022 წლის ივნისის შემდგომ აქტივობები აღარ უფიქსირდება, კერძოდ, ამ დროიდან აღარ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები, ხორციელდება ნულოვანი დეკლარაციების წარმოდგენა, ამასთანავე, მის მიერ ჩატარებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბოლო მიღება-ჩაბარებები შედგენილია 2022 წლის აპრილის თვეში, ხოლო ამის შემდგომ ფიქსირდება ტენდერების ცალმხრივი შეწყვეტა მუნიციპალიტეტებისა და სხვა დამკვეთების მხრიდან. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 01.01.2021-ის მდგომარებით ფიქსირდება მოთხოვნების ნაშთი საწარმოს პერსონალის მიმართ 2 767 876 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 01.01.2017-01.04.2020-მდე შემოწმებულ პერიოდში მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ და სალაროს დაუსაბუთებელი ნაშთი 2 184 534 ლარის ოდენობით კვალიფიცირებული იქნა დირექტორზე გაცემულ სესხად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მხრიდან სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის №34 ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტის თანხა, ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით. ამასთანავე, სხვაობა 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში 01.01.2021-ის მდგომარეობით არსებული საწარმოს პერსონალის მიმართ არსებული მოთხოვნების ნაშთისა და სესხად კვალიფიცირებულ თანხებს შორის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების შესაბამისად დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით. შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
3. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 7 955 840 ლარს. აღსანიშნავია, რომ საწარმოს 2022 წლის ივნისის შემდგომ აქტივობები აღარ უფიქსირდება, კერძოდ ამ დროიდან არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები, ხორციელდება ნულოვანი დეკლარაციების წარმოდგენა, ამასთანავე, მის მიერ ჩატარებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბოლო მიღება-ჩაბარებები შედგენილია 2022 წლის აპრილის თვეში, ხოლო ამის შემდგომ ფიქსირდება ტენდერების ცალმხრივი შეწყვეტა მუნიციპალიტეტებისა და სხვა დამკვეთების მხრიდან. შემოწმების პროცესში გადამხდელთან კომუნიკაცია ვერ შედგა. შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დამკვეთებთან გაფორმებული მიღებაჩაბარებების, ხელშეკრულებებისა და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციის, ასევე, საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების, მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მათ შორის, საწარმოსთვის ჩარიცხული ავანსებისა და ავანსების განაშთვასთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ტენდერების შეწყვეტის საანგარიშო პერიოდებში შემოწმებამ მოახდინა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება დამკვეთის მიერ ავანსად ჩარიცხული თანხიდან გაუნაშთავი ნაწილის ოდენობით. საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავებით გამოვლინდა, რომ:
1) საწარმოს უფიქსირდება ცალკეული სამშენებლო მასალების მიტანა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ტენდერის მიმდინარეობა არ ფიქსირდება;
2) ასევე, ფიქსირდება მასალების გადაზიდვა საწარმოს საკუთებაში არსებული საწყობის მისამართზე, თუმცა საწარმოს 2022 წლის ივნისის შემდგომ აქტივობები აღარ უფიქსირდება, კერძოდ, ამ დროიდან არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები, ხორციელდება ნულოვანი დეკლარაციების წარმოდგენა, ამასთანავე, მის მიერ ჩატარებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბოლო მიღება-ჩაბარებები შედგენილია 2022 წლის აპრილის თვეში, ხოლო ამის შემდგომ ფიქსირდება ტენდერების ცალმხრივი შეწყვეტა მუნიციპალიტეტებისა და სხვა დამკვეთების მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ მასალები, რომლებიც გადაზიდულ იქნა მისამართებზე, სადაც ტენდერით განსაზღვრული სამუშაოები არ ტარდებოდა, ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა შეძენის 'შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო მასალები, რომლებიც მიტანილი იქნა საწარმოს საკუთრებაში არსებულ საწყობში და არ ფიქსირდება მათი შემდგომი გამოყენების ფაქტი, საწარმოს აქტიური საქმიანობის დასრულების პერიოდში განხილული იქნა ასევე თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებისა და მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კერძოდ, გაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის, რასაც დაემატა კრედიტორული დავალიანების ზრდა და დებიტორული დავალიანების კლება. აღნიშნული სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელთან კონტაქტი ვერ შედგა, არ მომხდარა შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიწოდება.
ამასთან, შემოწმებას არ გამოუთხოვია ინფორმაცია საბანკო დაწესებულებებიდან, შესაბამისად, საკითხის სრულყოფილი შესწავლა არ მომხდარა და სალაროს ნაშთის გაანგარიშება არასწორადაა განხორციელებული. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ საბანკო ანგარიშებზე არსებული მოძრაობის შესწავლის შედეგად, გაანგარიშებაში გამორჩენილია მოქმედი სესხის დაფარვისთვის გასული თანხები, რომელიც შეადგენს 776 925 ლარს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სალაროს საბოლოო ნაშთის ფორმულირებაში.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:
ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებით, 01.01.2021-ის მდგომარებით ფიქსირდება მოთხოვნების ნაშთი საწარმოს პერსონალის მიმართ 2 767 876 ლარის ოდენობით. 01.01.2017-01.04.2020-მდე შემოწმებულ პერიოდში მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ და სალაროს დაუსაბუთებელი ნაშთი 2 184 534 ლარის ოდენობით კვალიფიცირებულ იქნა დირექტორზე გაცემულ სესხად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მხრიდან სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე გაანგარიშებული პროცენტის თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით.
ამასთან, სხვაობა 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში 01.01.2021-ის მდგომარეობით არსებული საწარმოს პერსონალის მიმართ არსებული მოთხოვნების ნაშთისა და სესხად კვალიფიცირებულ თანხებს შორის დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ არ მიეცა საშუალება, შემოწმების პროცესში დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება საწარმოს პერსონალის მიმართ არსებული მოთხოვნების ნაშთთან დაკავშირებით. ითხოვს დამატებით წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების, საბუღალტრო პროგრამის და სხვა მტკიცებულების შესწავლის შედეგად დადგინდეს საწარმოს პერსონალის მიმართ მოთხოვნის საწყისი ნაშთი და დაკვალიფიცირებულ იქნას ხელფასად ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ხოლო ნაზარდი ჯამის დადგენის შემთხვევაში, იგი განხილულ იქნას ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის №11943 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით, საწარმოს 2018 წლის სალაროს საწყისი ნაშთი შეადგენდა 558 697 ლარს და ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხები - 56 874 ლარს, ხოლო 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით სალაროს ნაშთი შეადგენდა 164 778 ლარს და ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხები - 2 021 131 ლარს, ვერ დასტურდებოდა სალაროს და ანგარიშვალდებულ პირებთან ფულადი სახსრების არსებობის მიზნობრიობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროში რიცხული თანხა 2018 წლის 31 იანვარს (რა პერიოდიდანაც იზრდება სალაროს უძრავი ნაშთი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დირექტორზე სესხად გაცემულად მიჩნეულ თანხებს მიანიჭოს ხელფასის კვალიფიკაცია და დაბეგროს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის № 22708 ბრძანების (დანართი №9) გათვალისწინებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით:
კომპანიის მიერ ჩატარებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბოლო მიღებაჩაბარებები შედგენილია 2022 წლის აპრილის თვეში, ხოლო ამის შემდგომ ფიქსირდება ტენდერების ცალმხრივი შეწყვეტა მუნიციპალიტეტებისა და სხვა დამკვეთების მხრიდან. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული მიღება-ჩაბარებების, ხელშეკრულებებისა და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციის, ასევე, საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების, მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მათ შორის, საწარმოსთვის ჩარიცხული ავანსებისა და ავანსების განაშთვასთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, განხორციელდა ტენდერების შეწყვეტის საანგარიშო პერიოდებში შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება დამკვეთის მიერ ავანსად ჩარიცხული თანხიდან გაუნაშთავი ნაწილის ოდენობით.
შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ჩათვლებს შორის, კერძოდ, გადამხდელს არ ჰქონდა გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის კორექტირების შედეგად შემცირებული დღგ-ის თანხები და ასევე, ჩათვლილი ჰქონდა ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ, რაც არ ჰქონდა გამოკლებული საბოლოო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული დღგ-ის ჩათვლიდან.
საწარმოს უფიქსირდება ცალკეული სამშენებლო მასალების მიტანა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ტენდერის მიმდინარეობა არ დასტურდება და ასევე, ფიქსირდება მასალების გადაზიდვა საწარმოს საკუთებაში არსებული საწყობის მისამართზე. შემოწმების მიერ მასალები, რომლებიც გადაზიდულ იქნა მისამართებზე, სადაც ტენდერით განსაზღვრული სამუშაოები არ ტარდებოდა, ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა შეძენის 'შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო მასალები, რომლებიც მიტანილი იქნა საწარმოს საკუთრებაში არსებულ საწყობში და არ ფიქსირდება მათი შემდგომი გამოყენების ფაქტი, საწარმოს აქტიური საქმიანობის დასრულების პერიოდში განხილული იქნა ასევე თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც სადავო საკითხების ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დირექტორზე სესხად გაცემულად მიჩნეულ თანხებს მიანიჭოს ხელფასის კვალიფიკაცია და დაბეგროს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №9) გათვალისწინებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას;
2. არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს პერსონალის მიმართ მოთხოვნების და სალაროს დაუსაბუთებელი ნაშთის დირექტორის სესხად განხილვას;
3. აცხადებს, რომ უზუსტობებია დაშვებული დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშებისას, კერძოდ, სავარაუდოდ დაშვებულია შეცდომა მიღებული ავანსისა და ხელშეკრულების შეწყვეტისას დამკვეთის მიერ ავანსად ჩარიცხული თანხის უკან გათხოვის შედეგად დარჩენილ ნაშთს შორის;
4. არ ეთანხმება კომპანიის მიერ სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის, საწარმოს საკუთრებაში არსებულ საწყობში მიტანილი სამშენებლო მასალების რეალიზებულად განხილვას;
5. მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტენდერების ფარგლებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. შემოწმებით, გაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის, რასაც დაემატა კრედიტორული დავალიანების ზრდა და დებიტორული დავალიანების კლება. აღნიშნული სხვაობა და ამასთანავე, სხვაობა 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში 01.01.2021-ის მდგომარეობით არსებული საწარმოს პერსონალის მიმართ არსებული მოთხოვნების ნაშთისა და სესხად კვალიფიცირებულ თანხებს შორის, 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების შესაბამისად დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით.
შესამოწმებელ პერიოდში ტენდერების შეწყვეტის საანგარიშო პერიოდებში შემოწმებამ მოახდინა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება დამკვეთის მიერ ავანსად ჩარიცხული თანხიდან გაუნაშთავი ნაწილის ოდენობით.
შემოწმების მიერ მასალები, რომლებიც გადაზიდულ იქნა მისამართებზე, სადაც ტენდერით განსაზღვრული სამუშაოები არ ტარდებოდა, ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა შეძენის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო მასალები, რომლებიც მიტანილი იქნა საწარმოს საკუთრებაში არსებულ საწყობში და არ ფიქსირდება მათი შემდგომი გამოყენების ფაქტი, საწარმოს აქტიური საქმიანობის დასრულების პერიოდში განხილული იქნა ასევე თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადაწყვეტილება
საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დირექტორზე სესხად გაცემულად მიჩნეულ თანხებს მიანიჭოს ხელფასის კვალიფიკაცია და დაბეგროს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №9) გათვალისწინებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154; 159; 163; 164;160; 269 (7).