გადაწყვეტილება №27575/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.07.2026
№ დოკუმენტი 27575/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27575/2/2026

09 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,3.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 15.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27575/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16325 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 თებერვლის №005-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 აპრილის №8191 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 371 686.39 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 208 743.93

ჯარიმა - 104 372.04

საურავი - 58 570.42

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნე მომსახურება. მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 15 ივლისს. საწარმო საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის №7107 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 2 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო შემოსავლის მიღებას ახორციელებს როგორც ნაღდი ისე უნაღდო წესით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ამონაწერი საბანკო დაწესებულებებიდან), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოს-ტერმინალების მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი და საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივნისის №11356 ბრძანება და 4 ივნისის №005-68 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 369 439.24 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 9 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 21 ივლისის №16325 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16325 ბრძანება 17.08.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 12.09.2025 წლის №25664/2/2025 (რეგ. 17.09.2025 წელი; №03/66167) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16325 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2026 წლის დასკვნა, 11.02.2026 წლის №2965 ბრძანება და №005-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 18 058.68 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 20 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 7 აპრილის №8191 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების პროცესში, კომპანიის წარმომადგენელთან ერთად მოხდა საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა/შეუმცირდა საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16325 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ახორციელებს სარესტორნე მომსახურებას.აღნიშნული საქმიანობიდან შემოსავლების ძირითადი ნაწილის მიღება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების (ტერმინალის) გზით. მომჩივანმა შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (გაანგარიშების ცხრილები და სხვა სახის ინფორმაცია) კომპანიისთვის დარიცხული თანხების სისწორის დასადგენად, რომელიც შემოდგომ შეადარა ფაქტობრივ მონაცემებთან, რის შედეგადაც გამოვლინდა უზუსტობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს:

- საწარმოს წარმომადგენლებთან ერთად მოხდეს გაანგარიშების ცხრილების დეტალური გავლა;

- მიღებული შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს დღგ-ის და შესაბამისი სანქციების კორექტირება/შემცირება;

- მოხდეს დარჩენილ გადასახადზე დაკისრებული ჯარიმის და საურავის სრულად შემცირება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16325 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადაანგარიშების პროცესში, კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მოხდა საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში.

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 18 058.68 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 12 039.12 ლარი და ჯარიმა - 6 019.56 ლარი.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ამასთან, მომჩივანი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16325 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16325 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საწარმოს წარმომადგენლებთან ერთად მოხდეს გაანგარიშების ცხრილების დეტალური გავლა;

განხორციელდეს დღგ-ის და შესაბამისი სანქციების კორექტირება/შემცირება;

მოხდეს დარჩენილ გადასახადზე დაკისრებული ჯარიმის და საურავის სრულად შემცირება სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნე მომსახურება. მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 15 ივლისს. საწარმო საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში. შემოწმებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი და საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე. სსკ-ის 159-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16325 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :