ბრძანება N 8981
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8981
25.04.2023
„----------“ (პ/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 16 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №79140/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №21-10-20/11375 გადაწყვეტილებას და 2023 წლის 10 იანვრის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ebay.com-დან გამოიწერა 1000$-ის ღირებულების ფოტოაპარატი გადამზიდი კომპანია usa2Georgia-ს მეშვეობით. გადამზიდი კომპანიის ფილიალში, შემნახველი ყუთიდან აიღო ამანათი, რომელიც ადგილზევე გახსნა, usa2Georgia-ს თანამშრომლის თანდასწრებით, რა დროსაც ყუთი იყო ცარიელი. ვინაიდან, გადამზიდ კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა ამანათის გატანამდე შემოწმდეს საქონელი, ცარიელ ყუთში მოუწია იმპორტის გადასახდელის გადახდა. მომჩივანს არამართლზომიერად მიაჩნია ცარიელ ამანათზე გადასახადის დარიცხვა და მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ გადამზიდი კომპანიის ინფორმაციით, 990 გრამიანი ამანათის ნაცვლად 230 გრამიანი ამანათის ტრანსპორტირება მოახდინდა. 230 გრამი ცარიელი ყუთის წონაა, ფოტოაპარატის (რომელიც ყუთში არ იდო) წონა კი უნდა ყოფილიყო 660 გრამი. აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა საქონლის მომწოდებელს, რომელმაც ფოტოაპარატში გადახდილი თანხა დაუბრუნა სრულად.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული დღგ-ის თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 10 იანვარს საფოსტო გადამზიდავის – სს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე „----------“ (პ/ნ ----------) სახელზე №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის (ფოტო აპარატი – 1 ერთეული) დეკლარირება (საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 – №---------- (10.01.2023)).
აღნიშნული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „oracle“-ს მიერ განისაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
2023 წლის 2 თებერვალს დავით ჯიბუტმა №---------- განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა №---------- საბაჟო დეკლარაციის გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ საფოსტო გზავნილის გახსნისას, ყუთი აღმოჩნდა ცარიელი და იქ არ იყო მის მიერ ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენლი საქონელი.
ვინაიდან, „----------“ მიერ განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენდა საბაჟო დეკლარაციის გაუქმების საფუძველს, ამასთან ერთად, საფოსტო გზავნილს დატოვებული ჰქონდა საბაჟო კონტროლის ზონა, ზემოაღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №---------- წერილით „----------“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის მიერ საჩივარში მითითებული ინფორმაციის (საფოსტო გზავნილის გახსნის შემდეგ ყუთი იყო ცარიელი) გადამოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტმა შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა საფოსტო გადამზიდავი კომპანიიდან და სს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 29 მარტის №---------- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ №---------- საფოსტო გზავნილის წონა შეადგენდა 0.23 კგ-ს და აღნიშნული საფოსტო გზავნილი იყო ნამდვილად ცარიელი და „----------“ (პ/ნ ----------) მითითებული საფოსტო გზავნილით არ მიუღია ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონელი (ფოტო აპარატი – 1 ერთეული).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 91-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია შეიძლება ძალადაკარგულად გამოცხადდეს დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, თუ იგი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ გარკვეული გარემოებების დადგომის (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, ხელშეკრულების პირობების შეცვლის) გამო შეუძლებელია ამ საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება.
დადგენილია, რომ 2023 წლის 10 იანვარს საფოსტო გადამზიდავის – სს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე „----------“ (პ/ნ ----------) სახელზე №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის (ფოტო აპარატი – 1 ერთეული) დეკლარირება (საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 – №---------- (10.01.2023)).
დადგენილია ასევე, რომ საბაჟო დეპარტამენტმა შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა საფოსტო გადამზიდავი კომპანიიდან და სს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 29 მარტის №---------- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ №---------- საფოსტო გზავნილის წონა შეადგენდა 0,23 კგ-ს და აღნიშნული საფოსტო გზავნილი იყო ნამდვილად ცარიელი და „----------“ს (პ/ნ ----------) მითითებული საფოსტო გზავნილით არ მიუღია ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონელი (ფოტო აპარატი – 1 ერთეული).
ამდენად, არ დასტურდება №---------- საფოსტო გზავნილით ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის (ფოტო აპარატი – 1 ერთეული) ადრესატის მიერ მიღება.
გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არ დასტურდება №---------- საფოსტო გზავნილის მიღება, ძალადაკარგულად უნა გამოცხადდეს 2023 წლის 10 იანვრის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2023 წლის 10 იანვრის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული დღგ-ის თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ebay.com-დან გამოიწერა 1000$-ის ღირებულების ფოტოაპარატი გადამზიდი კომპანია usa2Georgia-ს მეშვეობით. გადამზიდი კომპანიის ფილიალში, შემნახველი ყუთიდან აიღო ამანათი, რომელიც ადგილზევე გახსნა, usa2Georgia-ს თანამშრომლის თანდასწრებით, რა დროსაც ყუთი იყო ცარიელი. ვინაიდან, გადამზიდ კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა ამანათის გატანამდე შემოწმდეს საქონელი, ცარიელ ყუთში მოუწია იმპორტის გადასახდელის გადახდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არ დასტურდება საფოსტო გზავნილის მიღება, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63;
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 91