სალიზინგო ხელშეკრულების საფუძველზე მოგების გადასახადით დაბეგვრა N 2650
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სალიზინგო ხელშეკრულების საფუძველზე მოგების გადასახადით დაბეგვრა N 2650
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმო A-ს, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, საქმიანობას წარმოადგენს სალიზინგო მომსახურების გაწევა, რაც გულისხმობს სალიზინგო გადასახდელების გადახდის შემთხვევაში საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ფიზიკური პირებისათვის სარგებლობაში გადაცემას, დათქმული ვადით. ხოლო ლიზინგის მიმღები იხდის საზღაურს დადგენილი პერიოდულობით.
· ლიზინგის საგანს წარმოადგენს მსუბუქი ავტომობილი (8703 კოდი). საწარმო A-ს მიერ ავტომობილის შეძენა ხორციელდება მესამე პირისაგან შემდგომში ფიზიკური პირისთვის ლიზინგით გადასაცემად. ამასთან, ლიზინგის მიმღები თავად განსაზღვრავს ლიზინგის საგანს და ირჩევს სატრანსპორტო საშუალების მიმწოდებელს, რომლისთვისაც ცნობილია, რომ საწარმო A-ს მიერ მსუბუქი ავტომობილის შეძენა ხორციელდება შემდგომში ლიზინგით გასაცემად.
· საწარმო A აღნიშნულს, როგორც სამართლებრივად, ასევე შინაარსობრივად, განიხილავს არა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, არამედ ლიზინგის ხელშეკრულებად და არ ბეგრავს მოგების გადასახადით.
შეფასება
· საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად, ლიზინგი არის ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი. ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით, ამორტიზებად აქტივებს მიეკუთვნება მსუბუქი ავტომობილები. სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
· იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო A ახორციელებს მსუბუქი ავტომობილების კლიენტზე გადაცემას სარგებლობაში დათქმული ვადით, ხოლო ლიზინგის მიმღები იხდის საზღაურს დადგენილი პერიოდულობით, ამასთან, დაცულია პირობა, რომ ლიზინგის მიმღები თავად განსაზღვრავს ლიზინგის საგანს და ირჩევს სატრანსპორტო საშუალების მიმწოდებელს, რომლისთვისაც ცნობილია, რომ საწარმო A-ს მიერ მსუბუქი ავტომობილის შეძენა ხორციელდება შემდგომში ლიზინგით გასაცემად, აღნიშნული თავისი შინაარსით შეესაბამება სამოქალაქო კოდექსით ლიზინგისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, იმისათვის, რომ ოპერაცია შეფასდეს ლიზინგად, დამატებით აუცილებელი პირობაა, ლიზინგის საგანი წარმოადგენდეს ამორტიზებად აქტივს, რაც ასევე დაკმაყოფილებულია განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საწარმო A-ს მიერ გაცემული აქტივი - მსუბუქი ავტომობილი წარმოადგენს ამორტიზებად აქტივს და საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით, მას ერიცხება ამორტიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, ოპერაცია წარმოადგენს ლიზინგს. შესაბამისად, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხი, ხოლო საწარმო A-სა და ფიზიკურ პირს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ლიზინგს, მოცემულ შემთხვევაში, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არ წარმოიშობა.
ღონისძიებები
· ქმედებაში საგადასახადო სამართალდა რღვევა არ იკვეთება და საგადასახაო ვალდებულებ ის დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 24 ოქტომბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით