ბრძანება N 20609

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.07.2020
№ დოკუმენტი 20609
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 20609

23/07/2020

შპს -----

(მის: ქ. ------- )

2020 წლის 13 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 13 მაისის №50900/1/2020 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 15 აპრილის №035-4 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 01 ივლისის სხდომაზე (ოქმი №43).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ასახა დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო ენის სრულყოფილად არ ცოდნის გამო აღნიშნული დანაკლისი 2017 წლის აპრილის თვის მოგების დეკლარაციაში არ აუსახავს. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისაგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 21 თებერვლის №4508 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 იანვრის №692 ბრძანებით ჩატარებული ს.მ.ფ.-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 10 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 15 აპრილის №11180 ბრძანება და ამავე თარიღის №035-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 19 772.63 ლარი, მათ შორის, გადასახადი 11 912 ლარი, ჯარიმა 5 956 ლარი, საურავი 1 904.63 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

2017 წლის 17 იანვრის №692 ბრძანების საფუძველზე შპს ----- ს საგადასახადო ორგანოს მიერ ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შედეგად გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 67 503 ლარის ოდენობით და ზედმეტობა 26 698ლარის ოდენობით. 2017 წლის 19 აპრილის №152151 ოქმით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286- ე მუხლის საფუძველზე გადამხდელი დაჯარიმდა დანაკლისზე 10%-ის ოდენობით 6 750 ლარით, ხოლო ზედმეტობაზე 50-%-ის ოდენობით 16 349 ლარით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 983 მუხლის მე-2 ნაწილისა და 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, 2017 წლის 17 იანვრის №692 ბრძანების საფუძველზე გამოვლენილი დანაკლისი 67 503 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათლით) დაიბეგრა მოგების გადასახადით, რამაც შეადგინა 11 912 ლარი. ასევე, დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად 5 956 ლარით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური საკითხის განხილვისას მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე და განმარტავს, რომ 2017 წლის 01 იანვრიდან კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგრვას. მომჩივანის მიერ დანაკლისის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვა გამორჩენილია 2017 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შპს ----- უნდა გათავისუფლდეს 2017 წლის აპრილის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის თანხის აუსახველობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმისგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ----- ს 2020 წლის 13 მაისის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს ----- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს 2017 წლის აპრილის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის თანხის აუსახველობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმისგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საწარმოს ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შედეგად გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 67 503 ლარის ოდენობით და ზედმეტობა 26 698 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელი დაჯარიმდა დანაკლისზე 10%-ის ოდენობით 6 750 ლარით, ხოლო ზედმეტობაზე 50-%-ის ოდენობით 16 349 ლარით.

სსკ-ს 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 983 მუხლის მე-2 ნაწილისა და 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა მოგების გადასახადით, რამაც შეადგინა 11 912 ლარი. გადამხდელი ასევე, დაჯარიმდა სსკ-ს 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად 5 956 ლარით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და სსკ-ს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს მოგების გადასახადის დეკლარაციაში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის თანხის აუსახველობისათვის სსკ-ს 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1); 983(2); 286(9); 269(7); 275