ბრძანება N 3372
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3372
26 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 24 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „------“ (ს/ნ ------) 2025 წლის 24 იანვრის №93906/1/2025 და №93907/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №094-65 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგების განაწილებისას კუთვნილი მოგების გადასახადის ჩათვლის შემცირებას. აღნიშნავს, რომ კომპანიას 2008-2016 წლების განმავლობაში ჯამურად მიღებული აქვს 21 320 364 ლარის ოდენობის წმინდა მოგება. ხოლო, ამავე პერიოდის განმავლობაში დარიცხული და მის მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოგების გადასახადის თანხა ჯამურად შეადგენს 1 793 879 ლარს. კომპანიის მიერ, აღნიშნული 21 320 364 ლარის მოგების ნაწილი (9 474 205 ლარი), 2008-2016 წლების განმავლობაში განაწილებულ იქნა დივიდენდის სახით. შესაბამისად, 2017 წლის დასაწყისში დარჩენილი გაუნაწილებელი მოგების ოდენობა შეადგენდა 11 846 000 ლარს. აღნიშნული 11 846 000 ლარის გაუნაწილებელი მოგებიდან, პარტნიორთა გადაწყვეტილებით, 2017- 2020 წლების განმავლობაში განაწილებულ იქნა ჯამურად 6 287 000 ლარის წმინდა მოგება, რაზეც კომპანიამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების თანახმად მიიღო ჩათვლა 529 022 ლარის ოდენობით. 2020 წელს კომპანიამ საქმიანობა დაასრულა 27 714 167 ლარის წმინდა ზარალით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო, COVID 19 პანდემიის დროს სავალუტო კურსის მკვეთრი ცვლილებებით.
პანდემიის პერიოდში არაპროგნოზირებადი გარემოს გამო, კომპანიის პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2021-2022 წლების განმავლობაში პარტნიორებზე დივიდენდი არ განაწილებულიყო. სავალუტო კურსის დასტაბილურების შემდეგ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შედეგად კი, 2021 და 2022 წლების პერიოდებში დაფიქსირდა წმიდან მოგება შესაბამისად - 17 611 327 ლარი და 40 978 000 ლარი. კომპანიის დაგროვილმა გაუნაწილებელმა მოგებამ 2022 წლის ბოლო მდგომარეობით შეადგინა 41 985 000 ლარი.
2023 წლის იანვარის თვეში, პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანიამ დივიდენდის სახით გაანაწილა 6 919 068 ლარი. აღნიშნული თანხიდან 5 559 610 ლარი წარმოადგენდა 2008-2016 წლების განმავლობაში მიღებული გაუნაწილებელი მოგების იმ ნაწილს, რომელიც მანამდე კომპანიას არ ჰქონდა განაწილებული. შედეგად, 2023 წლის იანვარში 5 559 610 ლარი მოგების განაწილების მიხედვით დარიცხულმა მოგების გადასახადმა შეადგინა 981 108 ლარი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შედეგად 2008-2016 წლების მიხედვით დარიცხულმა და ამავე პერიოდში ერთხელ უკვე გადახდილმა მოგების გადასახადმა, ანუ ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 467 781 ლარი. სწორედ, მოცემული 467 781 ლარის ჩათვლის გაუქმება მოხდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების ფარგლებში.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ არ არის დადგენილი რაიმე პრინციპი ან ვალდებულება, რომ მომდევნო წლის ზარალი უნდა დაიფაროს წინა წლის მოგების ხარჯზე ან მომდევნო წლის ზარალმა რაიმე ფორმით გავლენა უნდა მოახდინოს წინა წლის ფინანსურ შედეგზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ კანონი ასევე არ ზღუდავს პარტნიორს სპეციალური ვადით, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია დივიდენდის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, თუ 2008-2016 წლების მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილება 2019 წელს ან 2020 წელს იქნებოდა მიღებული, უდავოა, რომ კომპანიის 2020 წლის ზარალი მოგების გადასახადის ჩათვლაზე ასახვას ვერ ჰპოვებდა. ამდენად, მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ ნაცვლად 2019 წლის ან 2020 წლის პერიოდისა, დივიდენდის განაწილების გადაწყვეტილება 2023 წელს იქნა მიღებული, სამართლებრივი ლოგიკის თვალსაზრისით, გავლენას ვერ უნდა ახდენდეს პარტნიორის უფლებაზე მოითხოვოს კონკრეტული წლის კუთვნილი დივიდენდი. სხვადასხვა წლების ფინანსური შედეგები ერთმანეთთან დაკავშირებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ განისაზღვროს კონკრეტულ მომენტში ჯამურად, თუ რა ოდენობის დივიდენდის განაწილება შეუძლია კომპანიას. ხოლო, მეწარმეთა შესახებ კანონი, აღნიშნული ოდენობის ფარგლებში კომპანიის პარტნიორებს ანიჭებს უფლებას თავად გადაწყვიტოს, რომელი კონკრეტული წლის მიხედვით მიღებული მოგება გაანაწილოს, მიუხედავად იმისა სხვა რომელიმე წელს რა ოდენობის მოგება ან ზარალი ექნებოდა კომპანიას მიღებული. კომპანიის გაუნაწილებელი მოგება 41 985 000 ლარი იყო და კომპანიას შეეძლო გაენაწილებინა მოგება 2023 წლის იანვარში და მათ შორის მიეღო გადაწყვეტილება 2008-2016 წლებში დაგროვილი მოგების განაწილებაზე.
შედეგად, ვინაიდან კომპანიის წმინდა მოგება განაწილების მომენტში შეადგენდა 41 985 000 ლარს, რომელიც წარმოადგენდა კომპანიის დაარსების დღიდან აკუმულირებულ შედეგს და თავის თავში მოიცავდა, როგორც 2008-2016 წლებში გამომუშავებულ მოგებას, ასევე 2017 წლიდან 2022 წლის ჩათვლით მიღებულ ფინანსურ შედეგებს და რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იყო, რომ განაწილებულიყო დივიდენდი, კომპანიის დამფუძნებლებმა, მეწარმეთა შესახებ კანონით მათთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე, მიიღეს გადაწყვეტილება 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან დარჩენილი გაუნაწილებელი 5 559 610 ლარის მოგება განაწილებულიყო, რაც სრულ თანხვედრაშია მოქმედ მეწარმეთა შესახებ კანონთან. აღნიშნულის შედეგად, კომპანიის მიერ მართლზომიერად მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის საფუძველზე კუთვნილი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებით სარგებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად გამოცემული ადმინისტრაციული აქტები შეიცავს არსებით ხარვეზებს, რის გამოც უნდა მოხდეს აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების გაუქმება და დამატებით დარიცხული გადასახადის თანხებისა და შესაბამისი ფინანსური სანქციების შემცირება აღწერილი ფაქტებისა და არგუმენტების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №27510 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 2024 წლის 13 დეკემბრის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 დეკემბრის №27598 ბრძანება და ამავე თარიღის №094-65 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 703 454 ლარი, მათ შორის გადასახადი
467 781 ლარი, ჯარიმა 233 891 ლარი და საურავი 1 782 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ფინანსური ანგარიშგებების შესაბამისად, 2017 წლის დასაწყისში კომპანიას უფიქსირდებოდა მოგება 11 846 000 ლარის ოდენობით. 2020 წლის შუა პერიოდამდე კომპანია სტაბილურად ანაწილებდა მოგებას, რომელსაც განიხილავდა 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან განაწილებას და იღებდა ჩათვლას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების მიხედვით. 2017- 2020 წლებში განაწილებულმა მოგებამ სულ შეადგინა 6 287 000 ლარი. 2020 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით კომპანიაში დაფიქსირდა დაუფარავი ზარალი. 2023 წლამდე კომპანიას დივიდენდი აღარ გაუნაწილებია. 2022 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, 2023 წლის იანვარში კომპანიამ განაგრძო მოგების განაწილება და ამავე თვეში დივიდენდის სახით გასცა 6 919 068 ლარი, საიდანაც 5 559 609 ლარი განიხილა 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან განაწილება და მიიღო ჩათვლა ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად. ჩათვლილმა მოგების გადასახადმა შეადგინა 467 781 ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების მიხედვით, საწარმო უფლებამოსილია 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში 2017 წლამდე მიღებული მოგების ნაწილი გამოყენებულ იქნა შემდგომ პერიოდში წარმოშობილი ზარალის დასაფარად, შესაბამისად, 2023 წელს მოგების განაწილება სრულად წარმოადგენს 2020 წლის შემდგომ წარმოშობილი ფინანსური შედეგებიდან მიღებული წმინდა მოგების განაწილებას და მოგების გადასახადი არ ექვემდებარება ჩათვლას.
შედეგად, 2023 წელს განაწილებული მოგების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელის მიერ განხილულია 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან და მიღებული აქვს ჩათვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების მიხედვით, შემოწმებით განხილულ იქნა 2016 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგებიდან განაწილებად და მასზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. კერძოდ, შემცირებას დაექვემდებარა 2023 წლის იანვრის თვეში განაწილებულ მოგებაზე 5 559 609 ლარზე მიღებული ჩათვლა 467 781 ლარის ოდენობით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლი არეგულირებს მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესს. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მე-3 ნაწილის დანართი №1, რომელიც განსაზღვრავს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხას, ივსება შემდგნაირად:
ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;
ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;
გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);
დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;
ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილიგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
ამავე მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლითა და საწარმოს წესდებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, 2017 წლის დასაწყისში კომპანიას უფიქსირდებოდა მოგება 11 846 000 ლარის ოდენობით. 2017-2020 წლებში განაწილებულმა მოგებამ სულ შეადგინა 6 287 000 ლარი. 2020 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, კომპანიაში დაფიქსირდა დაუფარავი ზარალი. 2023 წლამდე კომპანიას დივიდენდი აღარ გაუნაწილებია. 2022 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით 2023 წლის იანვარში კომპანიამ განაგრძო მოგების განაწილება და ამავე თვეში დივიდენდის სახით გასცა 6 919 068 ლარი, საიდანაც 5 559 609 ლარი განიხილა 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან განაწილებად და მიიღო ჩათვლა ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად. ჩათვლილმა მოგების გადასახადმა შეადგინა 467 781 ლარი.
შემოწმებით მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში 2017 წლამდე მიღებული მოგების ნაწილი გამოყენებულ იქნა შემდგომ პერიოდში წარმოშობილი ზარალის დასაფარად, შესაბამისად, 2023 წელს წმინდა მოგების განაწილებისას მოგების გადასახადი არ ექვემდებარება ჩათვლას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება ჰქონდა, ჩაეთვალა მხოლოდ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას, ამავე პერიოდის მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩაითვალა, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგება სრულად იქნა გამოყენებული შემდგომ პერიოდში წარმოშობილი ზარალის დასაფარად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ 2023 წელს მოგების განაწილებისას შემოწმების მიერ მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგების განაწილებისას კუთვნილი მოგების გადასახადის ჩათვლის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2017 წლის დასაწყისში კომპანიას უფიქსირდებოდა მოგება. 2020 წლის შუა პერიოდამდე კომპანია სტაბილურად ანაწილებდა მოგებას, რომელსაც განიხილავდა 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან განაწილებას და იღებდა ჩათვლას. 2020 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით კომპანიაში დაფიქსირდა დაუფარავი ზარალი. 2023 წლამდე კომპანიას დივიდენდი აღარ გაუნაწილებია. 2022 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, 2023 წლის იანვარში კომპანიამ განაგრძო მოგების განაწილება და ამავე თვეში დივიდენდის სახით თანხის გაცემა. ამასთან თანხის ნაწილზე, 2023 წელს განაწილებული მოგების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელის მიერ განხილულია 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან და მიღებული აქვს ჩათვლა შემოწმებით განხილულ იქნა 2016 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგებიდან განაწილებად და მასზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა. შემოწმებით მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში 2017 წლამდე მიღებული მოგების ნაწილი გამოყენებულ იქნა შემდგომ პერიოდში წარმოშობილი ზარალის დასაფარად, შესაბამისად, 2023 წელს წმინდა მოგების განაწილებისას მოგების გადასახადი არ ექვემდებარება ჩათვლას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ 2023 წელს მოგების განაწილებისას შემოწმების მიერ მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:309(92);981(1);