ბრძანება N 4657
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4657
13.03.2023
ი/მ -------------ს (ს/ნ --------------------)
(მის: --------------------------------------)
(იურ. -------------------------------------)
2023 წლის 13 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი N21) განიხილა ი/მ -------------ს (ს/ნ --------------------) N18857/2/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 იანვრის NCB1434136 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გამო ყადაღა დაედო და წარმოექმნა ქონების ნუსხის წარდგენის ვალდებულება.იმ გარემოებებზე მითითებით, რომ იყო ავად და ობიექტი იყო დროებით დაკეტილი, ვერ მოახერხა ქონების ნუსხის განაცხადის გადაგზავნა.
საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ი/მ -------------ს (ს/ნ --------------------) მიმართ გამოცემული იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2022 წლის 26 დეკემბრის №022-1938 ბრძანება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ქონების ნუსხის წარდგენა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც იგი გაეცნო 2023 წლის 3 იანვარს.
ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დადგენილ ვადაში, აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 23 იანვარს შედგენილ იქნა NCB1434136 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ოქმს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 23 იანვარს.
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 13 თებერვალს წარდგენილ იქნა განაცხადი ქონების ნუსხის შესახებ (ID: ----------).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და ი/მ -------------ს (ს/ნ --------------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -------------ს (ს/ნ --------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ -------------ს (ს/ნ --------------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 იანვრის NCB1434136 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.