ბრძანება N 20026

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.09.2026
№ დოკუმენტი 20026
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20026

09 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) მის: -----

2026 წლის 14 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 79) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 104060/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 6 აგვისტოს N AL072501 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას. შემოტანილი პროდუქცია არ წარმოადგენს საცალო ქსელში სარეალიზაციო ან მომხმარებლისთვის საქონლის გადასატანად განკუთვნილ პარკს. აღნიშნული საქონელი არის საწარმოო პროცესისთვის განკუთვნილი პირველადი ტარა/ნედლეული (ყავის შესაფუთი სპეციფიკური პაკეტი). მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს პლასტიკის გამოყენებას კვების მრეწველობაში სურსათის პირველად შეფუთვად. იმპორტის მომენტში ტარა არის სრულიად ცარიელი. რადგან, წინასწარ ფიზიკურად შეუძლებელია განისაზღვროს, თუ რომელ კონკრეტულ პაკეტში რომელი სახეობის, წონის ან მოხალვის ხარისხის ყავა მოთავსდება. სურსათის ეტიკეტირების წესის თანახმად, ეტიკეტირება ხორციელდება უშუალოდ საწარმოო პროცესის ბოლო ეტაპზე - ტარის სურსათით შევსების შემდეგ.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა (1000 ლარი) და მოიხსნას საქონლის კონფისკაცია, რათა კომპანიამ შეძლოს საწარმოო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 20 ივლისს საფოსტო გადამზიდავის შპს „-----“ მიერ N ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ -----) კუთვნილი საფოსტო გზავნილების დეკლარირება, რომელსაც გადასახადების გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა N ----- საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება, რა დროსაც საფოსტო გზავნილებში განთავსებული საქონლის დათვალიერების მიზნით დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“.

დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ პლასტიკის შესაფუთ პარკებზე დარღვეული იყო პლასტიკის პარკის ნიშანდების წესი და არ იყო დატანილი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N 472 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მე-9 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია.

ვინაიდან, შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2026 წლის 6 აგვისტოს შედგენილ იქნა N AL072501 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია (ოქმი N ----- ).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N 472 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას.

ამავე წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით. მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი.

ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქციის კონფისკაცია შეუძლებელია − მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარითა და გამოვლენილი პლასტიკის/ ბიოდეგრადირებადი პარკების (სამართალდარღვევის საგნის) რაოდენობის 0.25 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

დადგენილია, რომ პლასტიკის შესაფუთ პარკებზე არ იყო დატანილი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N 472 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მე-9 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია. შესაბამისად, დარღვეული იყო პლასტიკის პარკის ნიშანდების წესი, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადებული ადმინისტრაციული სახდელი მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მოუთითებს, რომ „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N 472 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.

ამდენად, შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დატანება სავალდებულოა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 278-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2026 წლის 6 აგვისტოს N AL072501 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული სახდელი;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს, გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა (1000 ლარი) და მოიხსნას საქონლის კონფისკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა პლასტიკის შესაფუთ პარკებზე სავალდებულო ნიშანდების მოთხოვნების დარღვევა, რის გამოც კომპანიას დაეკისრა ჯარიმა და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლის პირველი ნაწილი.