გადაწყვეტილება №19795/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19795/2/2023
31 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19795/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 28.03.2017 წლის №7961 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვლის №056-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11241 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 109 827,54 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 33 894,2
დღგ - 25 280
მიწა - არასასოფლო 24
საშემოსავლო გადასახადი - 8 590,2
ჯარიმა - 22 131
საურავი - 53 802,34
პროცედურული გარემოებები
მეწარმის საქმიანობაა სურსათით, სასმელებით და ფქვილით საცალო ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 ნოემბრის №42446 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2015 წლის 9 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიმდინარეობისას, მომწოდებლებისაგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, მომჩივანზე მიწოდებული საქონლის შესახებ. მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2010 წელს გადამხდელს დეკლარირებულ შეძენილ სმფ-ში ასახული არ ჰქონდა 98 723 ლარის ღირებულების შეძენილი საქონელი. შედეგად შემოწმების მიერ გაიზარდა 2010 წლის შეძენილი სმფ-ის ღირებულება, ხოლო ამ მარაგების სარეალიზაციო ღირებულებით კი 2010 წლის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, განისაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2015 წლის 11 დეკემბერს გამოსცა N47601 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და N056-36 „საგადასახადო მოთხოვნა“.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.02.2016 წლის №3489 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად მომწოდებლებისაგან (ი.მ ------- მიწოდებული საქონლის ღირებულებების შესახებ) გამოთხოვილი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გამოითხოვოს გადამხდელის მიერ საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების განხორციელებაზე შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს შესამოწმებლ პერიოდში შეძენილი მარაგების ოდენობა;
- ფასნამატის განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშების ცხრილი და სხვა სათანადო მტკიცებულებები. აღნიშნული მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ, სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში დადგენილი ფასნამატის მაჩვენებლის გათვალისწინებით განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2016 წლის №3489 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 17 223 ლარის ოდენობით. მათ შორის გადასახადი 11821 ლარი, ჯარიმა 5942 ლარი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით არსებული დოკუმენტაცია (ზედნადებები) გადაგზავნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დამატებით შესასწავლად, შესაძლო კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით.
შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე დეკლარაციაში აუსახავი მარაგების რეალიზაციის ნაწილში გადაანგარიშება არ განხორციელდა. იმ შემთხვევაში თუ საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოვლინდება და დადგინდება კანონდარღვევები, შემოწმების მიერ განხორციელდება შესაბამისი დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 31 მარტის N056- 17 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“, რაც გაასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 4 მაისის №12353 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად მომწოდებლებისაგან გამოთხოვილი ინფორმაცია (საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების განხორციელებაზე შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით ის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რომელიც არ შეიცავს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს ამორიცხულ იქნეს გადამხდელის, როგორც შეძენილი მარაგებიდან ასევე რეალიზაციებიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 2016 წლის 4 მაისის №12353 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2.03.2017 წლის 12608/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მომწოდებლებისგან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე დაუდეკლარირებელი მარაგების აღმოჩენის ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა 2017 წლის 2 მარტის N12608/2/16 გადაწყვეტილების საფუძველზე განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, რომლითაც მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 31 მარტს გამოცემული N056-17 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას და ამავე სამსახურის 28.03.2017 წლის №7961 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ,დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად მომწოდებლებისაგან გამოთხოვილი ინფორმაცია და საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების განხორციელებაზე შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. შესწავლის მიზნით აღნიშნული ინფორმაცია და არსებული დოკუმენტაცია გადაგზავნილ იქნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საიდანაც მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №7961 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 თებერვლის №056-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11241 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა კვლავ არ განახორციელა დარიცხული თანხების შემცირება, მათ შორის გამოწერილი იმ სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, სადაც საერთო არ არის მყიდველი მხარის ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ სადავო ზედნადებებზე არ ყოფილა ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზა. შესაბამისად მომჩივანი დღესაც მზად არის სადავო ზედნადების დედნებზე ჩაატაროს კალიგრაფიული ექპერტიზა.
მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდოს ზედნადებების დედნები, რათა შეძლოს ექსპერტიზაზე აღნიშნული დედნების წარმოდგენა და კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება. ხოლო რაც შეეხება ხელმოუწერელ ზედნადებებს ისინი ცალსახად ექვემდებარება გაუქმებას. კიდევ ერთხელ ცალსახად აღვნიშნავს, რომ შპს „-------“ მიერ გამოწერილი 4; შპს „-------“ მიერ გამოწერილი 5 ზედნადები და შპს „-------“ მიერ (ორი ზედნადების გარდა) გამოწერილი ყველა ზედნადებში მითითებული საქონელი მომჩივანს არ მიუღია და შესაბამისად აღნიშნული საქონელი არ გაუყიდია და შესაბამისად აღნიშნული ზედნადებები იქნა გამოწერილი გამყიდველი მხარის მიერ ცალმხრივად მომჩივნის თანხმობის გარეშე.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით 2017 წლის 13 აპრილის წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის ხელთ არსებული გადასახადის გადამხდელის მიერ საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების განხორციელებაზე შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადებები, 30 ფურცლად) სასაქონლო ზედნადებებზე მყიდველის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტების დადგენის მიზნით. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული პასუხიდან (2023 წლის 14 თებერვლის წერილი) ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების განხორციელებაზე შედგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (სასაქონლო ზედნადებებზე) მყიდველის ხელმოწერის გაყალბების ფაქტი ვერ დადასტურდა. შედეგად, არ არსებობს შემოწმების მიერ, ადრე განხორციელებული გადაანგარიშებების გათვალისწინებით (09.12.2015-ის შუალედური აქტი, 22.03.2018-ის და 03.06.2018-ის დასკვნები) საბოლოოდ დადგენილი 2010 წლის შეძენილი სმფ-ების ღირებულების, ამ მარაგების სარეალიზაციო ღირებულებით გაზრდილი 2010 წლის ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ამ მიზეზით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, საქმეზე არსებული მასალების შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.03.2017 წლის №7961 ბრძანების აღსრულების მიზნით, ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 28.03.2017 წლის №7961 ბრძანების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მეწარმის საქმიანობაა სურსათით, სასმელებით და ფქვილით საცალო ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 ნოემბრის №42446 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და „საგადასახადო მოთხოვნა“.
შემოწმების აქტის საფუზველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №7961 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 თებერვლის №056-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11241 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, საქმეზე არსებული მასალების შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.03.2017 წლის №7961 ბრძანების აღსრულების მიზნით, ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 302(6); 304(21)