ბრძანება N 18804

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.08.2026
№ დოკუმენტი 18804
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18804

19 აგვისტო 2026

ბრძანება

ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )

(მის.: "-------" )

2026 წლის 25 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა ი/მ "-------" -ს (ს/ნ "-------" ) 2026 წლის 25 ივლისის №27851/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 ივლისის №057-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საჩივარზე თანდართულ ფაილში დაფიქსირებული პირების მიერ გაწეული მომსახურების შედეგად გადახდილი თანხების ხარჯებში გათვალისწინებას. განმარტავს, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობენ მეწარმესა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ჩაბარების პროცესში. აღნიშნავს რომ მითითებული პირები საკუთარი პასუხისმგებლობით, კომპანიებით და ხელმოწერებით ფიგურირებენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ჩაბარების პროცეში. განმარტავს, რომ უმეტეს შემთხვევაში აღნიშნულ პირებთან გადარიცხვები ხორციელდებოდა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, რომელთა ნაწილი ჩათვლილია შემოწმების პროცესში, თუმცა საჩივარზე თანდართულ ფაილში დაფიქსირებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით გადარიცხვებს ახორციელებდა პირად ანგარიშებზე, უმეტესად ხელზე გაცემით. გადამხდელს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს მიღებაჩაბარების აქტები, ასევე, მომსახურე კომპანიებთან და მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მაისის №10425 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №8880 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 ივლისის №14993 ბრძანება და ამავე თარიღის №057-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებითგადასახდელად განესაზღვრა სულ 84 632 ლარი, მათ შორის, გადასახადი 47 859 ლარი, ჯარიმა 24 083 ლარი, საურავი 12 689 ლარი. ასევე, გადასახდელად დარიცხული გადასახად(ებ)ი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა ჯამში 6 335 ლარი (გადასახდელის გადახდის სავადო 15.07.2026, 15.09.2026, 15.12.2026).

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს არქიტექტურული და საპროექტო საქმიანობები ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების გზით, ასევე, მცირე შესრულებები ფიქსირდება კერძო პირებთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელი 2023 წლის 26 იანვარს შემოწმების მიერ სავალდებულო რეგისტრაციით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე, მიმდინარე შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე (ამ ეტაპზე გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია გარდა საბანკო ამონაწერებისა), ასევე, შემოწმების ხელთარსებულ ინფორმაციაზე, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციასა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე (მათ შორის, წინა შემოწმების მასალები) დაყრდნობით დადგინდა, რომ სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში გაწეულ მომსახურებებზე გადამხდელს ნაწილობრივ აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ხოლო 2025 წლის აგვისტოდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიც. შემოწმებით გაანგრიშდა ერთობლივი შემოსავალი, რომელმაც 2023-2025 წლებში შეადგინა 306 914 ლარი (მათ შორის, წარმოდგენილი ამონაწერების მიხედვით კერძო პირებიდან მიღებული შემოსავალი 30 637ლარი (დღგ-ის გარეშე)), ხოლო ხარჯები - 55 742 ლარი, რაც არსებითად განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისაგან, კერძოდ, გადამხდელს ერთობლივი შემოსავალი დეკლარირებული აქვს 122 000 ლარით ნაკლები, ხოლო გაწეული ხარჯები 55 277ლარით მეტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დაკორექტირდა მეწარმის მიერ დეკლარირებული შესაბამისი პერიოდების ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისმიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციასა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე (მათ შორის, წინა შემოწმების მასალები) დაყრდნობით დადგინდა, რომ სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში გაწეულ მომსახურებებზე გადამხდელს ნაწილობრივ აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ხოლო 2025 წლის აგვისტოდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებით გაანგრიშდა ერთობლივი შემოსავალი, რომელმაც 2023-2025 წლებში შეადგინა 306 914 ლარი (მათ შორის, წარმოდგენილი ამონაწერების მიხედვით კერძო პირებიდან მიღებული შემოსავალი 30 637ლარი (დღგ-ის გარეშე)), ხოლო ხარჯები - 55 742 ლარი, რაც არსებითად განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დაკორექტირდა მეწარმის მიერ დეკლარირებული შესაბამისი პერიოდების ერთობლივი შემოსავალი, ასევე, გამოსაქვითი ხარჯები და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, მომჩივანი ითხოვს საჩივარზე თანდართულ ფაილში დაფიქსირებული პირების მიერ გაწეული მომსახურების შედეგად გადახდილი თანხების ხარჯებში გათვალისწინებას. განმარტავს, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობენ მეწარმესა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ჩაბარების პროცესში. აცხადებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე შესაძლებელია აღნიშნული ხელშეკრულებების გადამოწმება, სადაც ჩანს, რომ ზემოაღნიშნული პირების ხელმოწერილი, ბეჭედდასმული და აკრედიტირებული ექსპერტების გარეშე შეუძლებელია რომელიმე საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარება. აღნიშნავს რომ მითითებული პირები საკუთარი პასუხისმგებლობით, კომპანიებით და ხელმოწერებით ფიგურირებენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ჩაბარების პროცეში (წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს, რომ მეწარმე საპროექტო დოკუმენტაციას აბარებდა სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ექსპრეტების გარეშე, რაც შეუძლებელია). განმარტავს, რომ უმეტეს შემთხვევაში აღნიშნულ პირებთან გადარიცხვები ხორციელდებოდა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, რომელთა ნაწილი ჩათვლილია შემოწმების პროცესში, თუმცა საჩივარზე თანდართულ ფაილში დაფიქსირებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით გადარიცხვებს ახორციელებდა პირად ანგარიშებზე, უმეტესად ხელზე გაცემით. გადამხდელს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე, მომსახურე კომპანიებთან და მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. ასევე, მომჩივანმა საქმის ზეპირი განხილვის დროს განაცხადა, რომ შეუძლია საჩივარზე თანდართულ ფაილში დაფიქსირებულ პირებს გაწეულ მომსახურებაზე გამოაწერიოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშფაქტურა). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშფაქტურა);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს საჩივარზე თანდართულ ფაილში დაფიქსირებული პირების მიერ გაწეული მომსახურების შედეგად გადახდილი თანხების ხარჯებში გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს არქიტექტურული და საპროექტო საქმიანობები ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების გზით, ასევე, მცირე შესრულებები ფიქსირდება კერძო პირებთან. სსკ-ის 165-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელი 2023 წლის 26 იანვარს შემოწმების მიერ სავალდებულო რეგისტრაციით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.დადგინდა,რომ სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში გაწეულ მომსახურებებზე გადამხდელს ნაწილობრივ აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ხოლო 2025 წლის აგვისტოდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიც. შემოწმებით გაანგრიშდა ერთობლივი შემოსავალი.გადამხდელს ერთობლივი შემოსავალი დეკლარირებული აქვს 122 000 ლარით ნაკლები, ხოლო გაწეული ხარჯები 55 277ლარით მეტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დაკორექტირდა მეწარმის მიერ დეკლარირებული შესაბამისი პერიოდების ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტები.თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

81,102,105.