გადაწყვეტილება №19853/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.06.2023
№ დოკუმენტი 19853/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19853/2/2023

15.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ააიპ ------ (ს/ნ -------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება 15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ააიპ ----- ის 30.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19853/2/2023).

 

დავის საგანი:

უარი გრანტის ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №21-11/31978 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11688 ბრძანება.

 

სადავო თანხა: 20 395,98 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

„------“-თან გაფორმებული (№IG-2021-----) გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით მომჩივანმა 1.02.2023 წელს №ID:------ განცხადებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს. აღნიშნული განცხადება დახარვეზდა და მომჩივანს ეთხოვა დონორის მიერ წერილობით გაცემული დასტური ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტული ვადების შესახებ.

15.03.2023 წლის №ID:------ განცხადებით მომჩივანმა ხარვეზი გამოასწორა და დამატებით წარადგინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები №ეა------ და №ავ-72 -----, ასევე საბაჟო დეკლარაცია №------.

გადამხდელს 22.03.2023 წელს გაეგზავნა პასუხი, რომლითაც ეცნობა რომ №IG-2021------- გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხის ასახვა განხორციელდა ნაწილობრივ 10 351.22 ლარის ოდენობით, ნაცვლად მოთხოვნილი 20 395.98 ლარისა.

12.04.2023 წელს გადამხდელმა კომუნიკატორის საშუალებით ხელახლა წარადგინა №------ (რეგ. 18.04.2023 წლის №------/21) განცხადება და მოითხოვა №------ საბაჟო დეკლარაციით გადახდილი დღგ-ის თანხის ასახვა, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №21-11/------ წერილით განმეორებით ეთქვა უარი. აღნიშნულ წერილში მითითებულია რომ:

ა) №ეა-76 ------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ოქტომბერი), წარდგენილია საგადსახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული (3 თვიანი) ვადის დარღვევით;

ბ) №ავ-72 ------ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ს ჩათვლის/დაბრუნების მიზნით პირმა საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს შეძენილ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, წინასწარ საქონლის მიწოდებამდე ანაზღაურებულ თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ს თანხა ჩათვლას/დაბრუნებას არ ექვემდებარება;

გ) №------ საბაჟო დეკლარაციაზე განემარტა რომ სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლის ან დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

მომსახურების დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №21-11/------- წერილი 2.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.05.2023 წლის №11688 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი ეა-76 ------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ოქტომბერი) წარდგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადის (3 თვიანი) დარღვევით. ამასთან, წარდგენილი იყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №ავ-72 ------, რომელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე გადამხდელს ეთქვა უარი, ვინაიდან აღნიშნული ფაქტურებით გადახდილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება ჩათვლას/დაბრუნებას. ამავე განცხადებით წარდგენილ იყო საბაჟო დეკლარაცია №------.

სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

„-------“ (გრანტის ხელშეკრულება IG-2021- ------) პროექტის ფარგლებში შეძენილ საქონელზე და იმპორტირებულ საქონელზე (------ აპარატი) გადახდილი დღგ-ის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, როგორც ყველა მულტინაციონალურ კომპანიას ასევე „-------“, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული აქვს ვალდებულება მაქსიმალურად შეამციროს ამომწურავი ბუნებრივი რესურსების მოხმარება და CO2-ის გაფრქვევის შემცირებით. ასევე დღის წესრიგშია წყლის რესურსების მოხმარების შემცირება საუკეთესო საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით. მოხმარებული პროდუქტიდან მიღებული ნარჩენების მოცულობის შემცირება მათი ხელახალი გამოყენებით, რეციკლირებით გარემოსდაცვითი კუთხით გამართლებული და პრიორიტეტული აქტივობაა. შესაბამისად, „-------ამ“ 2030 წელს გამოაცხადა, როგორც მსოფლიო ნარჩენის გარეშე წლად (World Without Waste) და მის მისაღწევად შეიმუშავა სხვადასხვა სამუშაო სქემა და უზრუნველყო მრავალი სახის „ინსტრუმენტი“. საერთაშორისო ფონდი ------ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ახდენს განვითარებად ქვეყნებში სხვადასხვა აქტივობების პროექტების სახით დაფინანსებას, რომელთა ფარგლებშიც განსაზღვრულია ისეთი აქტივობები, რომლებიც ესადაგება ------ას მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას. წინამდებარე პროექტით ქ. ------ში პლასტიკის ბოთლების სეპარირებულ შეგროვებას ესადაგება კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტიდან მიღებული ნარჩენების შემცირებას მათი ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების მეშვეობით. შედეგად, პლასტიკის ბოთლების ხელახალი გამოყენების თუ რეციკლირების უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს მათი სეპარირებული შეგროვების და ტრანსპორტირება გადამამუშავებელ ერთეულებამდე.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია (-------) -------ას ფონდთან ერთად ახორციელებს პროექტს - -------- (IG2021--------). პროექტის ერთ-ერთ მიზანს წამოადგენს 100 ერთეული ბადელითონის პლასტიკის ბოთლების სეპარირებულად შესაგროვებელი ურნების შესყიდვა და ქ. -------ის მერიისთვის უზრუნველყოფა. დაგეგმილია ასევე სეპარირებლად შეგროვებული პლასტიკის ბოთლების ------ დანადგარის შეძენა და გადაცემა ქ. -------- სთვის.

კომპანიამ წარადგინა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების მე-2 თავის მე-5 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტაცია.

საერთაშორისო გრანტი მიიღო პირველად, შესაბამისად მის აღრიცხვა-ანგარიშგებასა და დღგ-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით უნებლიედ დაერღვა რიგი პროცედურები. უნებლიედ 1 კალენდარული დღით დაირღვა გრანტის უკან დაბრუნების საგადასახადო კანონმდებლობით (მუხლი 181. დღგ-ის თანხის დაბრუნება ნაწილი 3) დადგენილი ვადა (3 თვე). ასევე, იმპორტზე წარდგენილ დოკუმენტაციაში კერძოდ ინვოისში აღნიშნულია რომ ------ აპარატის შეძენა გრანტის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, ასევე დღგ-ის გადახდის საგადასახდო დავალებაში აღნიშნულია, რომ დღგ იმპორტზე გრანტის პროექტის ფარგლებშია.

აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს იმპორტზე გადახდილი დღგ 2 211 ლარი დაუბრუნდეს უკან (ინვოისში, გადარიცხვის საბუთში და დღგ-ის ბიუჯეტში ჩარიცხვის საბუთში მითითებულია, რომ საქონელი გრანტის ფარგლებში იქნა შეძენილი (გრანტის პროექტით შეძენილ იმპორტირებულ, საქონელზე (------ აპარატი). აღნიშნული თანხის ვერ დაბრუნებამ შესაძლოა გრანტის პროექტის ხარისხიანად დასრულებას შეუქმნას საფრთხე, რაც თავისთავად განაპირობებს საფრთხეს იმისას, რომ მომავალში ვერ მოიპოვოს მსგავსი პროექტების დასაფინანსებლად გრანტი და ვერ განახორციელოს ქვეყნისა და მოსახლეობისთვის საკაცობრიოდ მნიშვნელოვანი მსგავსი ღონისძიებები

საგადასახადო ორგანოს, დავის განმხილველ ორგანოსა და სასამართლოს უფლებამოსილება მიენიჭათ, გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლონ დაკისრებული სანქციისგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. არავითარი სანქცია არ არსებობს, არც ბიუჯეტი დაზარალებულა. ითხოვს საკითხის დეტალური შესწავლით და იმის გათვალისწინებით, რომ გრანტის მიმღებმა ააიპ-მ გრანტთან დაკავშირებული პროცედურები განახორციელა პირველად და შესაძლოა საფრთხე შეექმნას ახლო მომავალში საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების საკითხს თუ გრანტის პირობები დაირღვა გრანტის მიმღები პირის მხრიდან, დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვა, რათა ახლო მომავალში კვლავ შეძლოს მიიღოს დაგეგმილი დაფინანსებები ზემოთ მოყვანილი მიმართულებების დასაფინანსებლად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:

2. გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.

მომჩივნის განმარტებით, საერთაშორისო გრანტი მიიღო პირველად, შესაბამისად მის აღრიცხვაანგარიშგებასა და დღგ-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით უნებლიედ დაერღვა რიგი პროცედურები. კერძოდ, 1 კალენდარული დღით დაირღვა გრანტის უკან დაბრუნების საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადა (3 თვე). ასევე, იმპორტზე წარდგენილ დოკუმენტაციაში კერძოდ, ინვოისში აღნიშნულია რომ ------ აპარატის შეძენა გრანტის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, ასევე დღგ-ის გადახდის საგადასახდო დავალებაში აღნიშნულია, რომ დღგ იმპორტზე გრანტის პროექტის ფარგლებშია. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს იმპორტზე გადახდილი დღგ 2 211 ლარი დაუბრუნდეს უკან. ამასთან, დავის განმხილველ ორგანოს უფლებამოსილება მიენიჭა, გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლონ დაკისრებული სანქციისგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. არავითარი სანქცია არ არსებობს, არც ბიუჯეტი დაზარალებულა. ითხოვს საკითხის დეტალური შესწავლით და იმის გათვალისწინებით, რომ გრანტის მიმღებმა გრანტთან დაკავშირებული პროცედურები განახორციელა პირველად და შესაძლოა საფრთხე შეექმნას ახლო მომავალში საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების საკითხს თუ გრანტის პირობები დაირღვა გრანტის მიმღები პირის მხრიდან.

გადამხდელს №IG-2021------ გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხის სრულად ასახვაზე უარი ეთქვა შემდეგი გარემოებების გამო:

ა) №ეა-76 ------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ოქტომბერი) წარდგენილია საგადსახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული (3 თვიანი) ვადის დარღვევით;

ბ) №ავ 72 ------- ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე განემარტა, რომ წინასწარ საქონლის მიწოდებამდე ანაზღაურებულ თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ს თანხა ჩათვლას/დაბრუნებას არ ექვემდებარება;

გ) №------- საბაჟო დეკლარაციაზე განემარტა, რომ სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლის ან დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ მართებულად არ დაექვემდებარა №IG-2021--------გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხა, №ავ-72 ------- ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და №------- საბაჟო დეკლარაციის ნაწილში, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

რაც შეეხება №ეა-76 -------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, ოპერაციის განხორციელების პერიოდია - ოქტომბერი, 2022 წელი; გამოწერის თარიღი - 29.11.2022 წელი; დადასტურების თარიღი - 5.12.2022 წელი, სასაქონლო ზედნადების №--------- თარიღი 18.10.2022 წელი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სდ-ის) გამოწერა ხდება ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ვებგვერდიდან. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შესაძლებელია გამოიწეროს წერილობითი ფორმით.

ამავე ინსტრუქციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში საფ), მათ შორის ელექტრონული ფორმით, გამოიწერება დანართი №III-05 ფორმით. ამავე ფორმის საფ-ი გამოიწერება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში.

ამავე ინსტრუქციის 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:

1. დანართი №III-05 და დანართი №III-051 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი საქონლის/მომსახურების მყიდველს (მიმღებს) წარედგინება მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო დანართი №III-06 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი - მიწოდებისთანავე. საფ-ის მეორე ეგზემპლარები რჩება საქონლის/მომსახურების გამყიდველს (მიმწოდებელს).

2. საფ-ის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

საგულისხმოა, რომ №ეა-76 ------- ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა (29.11.2022 წელი) და დადასტურდა (5.12.2022 წელი) საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ (3 თვე) ვადაში, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ დღგ-ის ჩათვლის ან დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია კანონით გათვალისწინებულ 3 თვის ვადაში. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს „--------“-თან გაფორმებული №IG-2021---------გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში №ეა-76 --------- ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურით გადახდილ დღგ-სთან მიმართებით, განახორციელოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11688 ბრძანება;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, „--------“-თან გაფორმებული №IG2021------- გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში №ეა-76 ------ ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით გადახდილ დღგ-სთან მიმართებით, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უარი გრანტის ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებაზე

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ოქტომბერი) წარდგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადის (3 თვიანი) დარღვევით. ამასთან, წარდგენილი იყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე გადამხდელს ეთქვა უარი, ვინაიდან აღნიშნული ფაქტურებით გადახდილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება ჩათვლას/დაბრუნებას. ამავე განცხადებით წარდგენილ იყო საბაჟო დეკლარაცია.

 

გადაწყვეტილება

საგულისხმოა, რომ ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა (29.11.2022 წელი) და დადასტურდა (5.12.2022 წელი) საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ (3 თვე) ვადაში, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ დღგ-ის ჩათვლის ან დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია კანონით გათვალისწინებულ 3 თვის ვადაში. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურით გადახდილ დღგ-სთან მიმართებით, განახორციელოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 181 (2).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია