ბრძანება N 7041
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7041
03.04.2023
ბრძანება
შპს „----------------“ (ს/ნ ------------------)
(მის.: ---------------------------)
2023 წლის 25 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლისა და 9 მარტის სხდომებზე (ოქმი №11 და №23) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ --------------) 2023 წლის 25 იანვრის №78510/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №081-345 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში გაუფასურებელი ზარალის გაუთვალისწინებლობას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების აქტში ტექნიკურად არასწორად არის გამოანგარიშებული ქონების გადასახადის ოდენობა და ქონების გადასახადი გაზრდილია 188 275 ლარით. ასევე, მომჩივანი განმარტავს, რომ 2019-2020 წლებში კომპანიას მომზადებული ჰქონდა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები, რომელთა ფინანსური აუდიტი განახორციელეს საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა (KPMG-მ 2019 წელს, ხოლო EY-მ 2020 წელს) და აღნიშნული წლების ფინანსური გაანგარიშებები მოიცავდა აქტივების გაუფასურების ზარალს, რომელსაც ეთანხმებოდა ორივე ზემოაღნიშნული აუდიტორული კომპანია. დამატებით, კომპანიამ წარმოადგინა --------ს მოსაზრება აქტივების გაუფასურების მეთოდის შესახებ, რომელიც თანხვედრაში იყო კომპანიის მეთოდთან და სრულად იზიარებდა მას. მიუხედავად აღნიშნული მტკიცებულებებისა, საგადასახადო ორგანომ, შემოწმების აქტში დაფიქსირებული მოსაზრებით, ეჭვქვეშ დააყენა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებში ასახული მონაცემების მართებულობა, თუმცა აქაც საგადასახადო ორგანოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია, კერძოდ შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ორგანო ერთი მხრივ აცხადებს, რომ „მოსაზრებაში ასახულია გადაფასების მეთოდის სისწორე, თუმცა არ არის განხილული გაანგარიშების პროცესში გამოყენებული დაშვებების სისწორე,“ ხოლო მეორეს მხრივ უთითებს, რომ KPMG „იზიარებს შპს „----------------“ გაანგარიშებებს გადაფასებებთან მიმართებაში.“ უდავოა, რომ ფინანსური ანგარიშგებაზე ხელმოწერით აუდიტორი დაეთანხმა მასში ასახული ინფორმაციის სისწორეს (მათ შორის აქტივების გაუფასურებას), ხოლო წარმოდგენილი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა აქტივების გაუფასურების მეთოდის გამოყენების მართებულობა.
რაც შეეხება იმ დაშვებებს, რომელთა მართებულობასაც საგადასახადო ორგანო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეჭვქვეშ აყენებს, მიუთითებს შემდეგს:
ჰესის აქტივების საშუალო გამოყენების ვადად 50 წლის განსაზღვრა გამყარებულია კომპანიის მოწვეული ტექნიკური კონსულტანტის მოტ მაკდონალდსის (Mott MacDonald) ანგარიშით;
კაპიტალიზირებადი დანახარჯების პროცენტული მაჩვენებელი 6,4% გაანგარიშებულია საერთაშორისო მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით (როგორიცაა CAPITAL IQ), სადაც მოხდა 6 მსგავსი კომპანიის იდენტიფიცირება;
ექსპორტის მონაცემებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 2019 წელს თურქული ლირა დოლართან მიმართებით საგრძნობლად გაუფასურდა, რის გამოც კომპანიისთვის უფრო მომგებიანი იყო ელექტროენერგიის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, ვიდრე ექსპორტზე გატანა.
გადამხდელი დამატებით აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში იმის მითითება, რომ 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებზე ელექტროენერგია რეალიზებული აქვს ექსპორტის გზით და სარეალიზაციო ფასი დაახლოებით ოთხჯერ მაღალია ადგილობრივ ფასთან მიმართებით, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს არამაკორექტირებელ მოვლენას ბასს 36-ის მიზნებისთვის და გავლენას ვერ იქონიებს 2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ მონაცემებზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33387 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის ქონების გადასახადის ნაწილში (გარდა მიწისა) საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ამავე თარიღის №33722 ბრძანება და №081-345 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 12 290 570 ლარი, მათ შორის გადასახადი 5 783 810 ლარი, ჯარიმა 2 891 905 ლარი, საურავი 3 614 855 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არსებული ქონება (ორი ჰიდროელექტროსადგური) აღრიცხული ჰქონდა ბალანსზე გადაფასებული ღირებულებით, კერძოდ აღნიშნული აქტივის თვითღირებულება (შეძენასთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯების შესაბამისად) 2020 წლის 1 იანვრისათვის 1 268 240 000 ლარის ოდენობით, გადაფასებული ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის შესაბამისად. 2019 წლის 1 იანვრისათვის დაგროვებულმა გაუფასურების ზარალმა (რა თანხითაც შემცირდა აქტივის თავდაპირველი ღირებულება) შეადგინა 540 726 000 ლარი. 2019 წლისათვის ასეთმა გაუფასურების ზარალმა შეადგინა 37 655 000 ლარი. კომპანიის განმარტებით, გაუფასურების ძირითად მიზეზებს შეადგენდა შემდეგი ფაქტორები: 2017 წელს მომხდარი ჰესის ტურბინებთან მიმავალი წყლის გვირაბის ჩამონგრევა, რამაც შეაფერხა პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა (ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი დაგვიანდა 3 წლით); თურქეთის ეკონომიკის შესუსტება, რამაც გამოიწვია ექსპორტზე გასატანი ელექტროენერგიის ფასების შემცირება. ამ ძირითადი ფაქტორების გამო მოსალოდნელი გახდა შესაბამისი ფულადი ნაკადების შემოდინების შეფერხება/შემცირება. კომპანიის მიერ გაუფასურების გაანგარიშება მოხდა აქტივის გამოყენებითი ღირებულების საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია საწარმოს მიერ შედგენილი გაანგარიშება გაუფასურების მოცულობასთან მიმართებაში და შპს „-----------ს“ მოსაზრება (მოსაზრებაში ასახულია გადაფასების მეთოდის სისწორე, თუმცა არ არის განხილული გაანგარიშების პროცესში გამოყენებული დაშვებების სისწორე, მ.შ. კაპიტალიზებადი დანახარჯების და სასარგებლო გამოყენების ვადის მოცულობის, აგრეთვე, შემოსავლის გაანგარიშებაში საექსპორტო მაჩვენებლების გაუთვალისწინებლობა). შესაბამისად, შპს „--------“-ის მოსაზრებით გაუფასურების მეთოდი სწორია, თუმცა თავად გაანგარიშებაზე დასკვნა შედგენილი არ ყოფილა. ამასთან, 2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც მომზადებული იყო შპს „-----------“-ის მიერ, კომპანია იზიარებდა შპს „------------“ გაანგარიშებებს გადაფასებასთან მიმართებაში. შემოწმებამ შეისწავლა შპს „-------------“ მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება, საიდანაც გაირკვა, რომ კომპანიას გადაფასებული აქტივის სასარგებლო გამოყენების ვადად არჩეული ჰქონდა 50 წლიანი პერიოდი, ხოლო კაპიტალიზებადი დანახარჯები აღებული იყო შემოსავლის 6,4%. ამასთან, მისაღებ შემოსავლებში (50 წლიან პერიოდზე) არ იყო გათვალისწინებული ექსპორტის მონაცემები. რისკის მიმოხილვის ეტაპზე გადამხდელმა ვერ დაასაბუთა აღნიშნული დაშვებები. კერძოდ, რატომ იყო არჩეული 50 წელი და არა მეტი, აგრეთვე გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო კაპიტალიზებადი დანახარჯების პროცენტული მაჩვენებლის სისწორე (6,4%). 50 წლიან პერსპექტივაში შესაძლო შემოსავლების გაანგარიშებაში არ იყო ასახული ექსპორტის მონაცემები, საწარმოს განმარტებით აღნიშნული გამოწვეული იყო იმ ფაქტორებით, რომ 2018-2021 წლებში თურქეთში ელექტროენერგიის დაბალი ფასის გამო ექსპორტი არარელევანტური იყო, გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად იქნა რეალიზებული ქვეყნის შიგნით. მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, 2022 წლის მაჩვენებლებით დადგინდა, რომ საწარმოს 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებზე ელექტროენერგია რეალიზებული ჰქონდა ექსპორტის გზით და სარეალიზაციო ფასი დაახლოებით ოთხჯერ აღემატებოდა ადგილობრივ ფასს.
აღნიშნულ თვეებში ჰესის მუშაობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე (ჩამონადენი ნალექების ყველაზე უხვი მოცულობა წლის განმავლობაში სწორედ ამ პერიოდებში ფიქსირდებოდა), აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად ცვლიდა/ზრდიდა შემოსავლებს და შესაბამისად, 50 წლიან გათვლებში (2067 წლის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც ჰქონდა განსაზღვრული ჰესის „გამოყენებითი ღირებულება" მნიშვნელოვან რყევებს იწვევდა მისაღები ფულადი შემოსავლების ნაწილში და ახდენდა გაუფასურების თანხის მკვეთრად შემცირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ საწარმოს არასრულ მონაცემებზე დაყრდნობით ჰქონდა განსაზღვრული აქტივის ანაზღაურებადი ღირებულება (ანაზღაურებადი ღირებულება არ ეყრდნობოდა სწორ დაშვებებს, როგორიცაა საექსპორტო მაჩვენებლები, მაშინ როდესაც ჰესის ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მისი საექსპორტო პოტენციალი. კაპიტალიზებადი დანახარჯების ზუსტი იდენტიფიცირება - სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ჰიდროელექტროსადგურების შესაბამისობა კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჰესებთან მიმართებაში ვერ დადგინდა, მათ შორის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღის, კონფიგურაციის, გამოყენების ვადის, სიმძლავრის კუთხით). შესაბამისად, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ გაანგარიშება შედგენილი იყო თავად გადასახადის გადამხდელის მიერ, ისე რომ მასში არ ყოფილა გათვალისწინებული ყველა მნიშვნელოვანი დაშვება/ფაქტორი, რასაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა გაუფასურების ზარალის მოცულობაზე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი დასაბუთება აქტივის გაუფასურების ოდენობის შესახებ, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის მოთხოვნების შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ 2019 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში არ გაითვალისწინა გაუფასურების ზარალი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 16-ის 66-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი საშუალების ერთეულის გაუფასურება ან დანაკარგი, მესამე მხარის მიმართ კომპენსაციასთან დაკავშირებული შესაბამისი მოთხოვნები ან გადახდები და შემცვლელი აქტივების ნებისმიერი შემდგომი შესყიდვები ან შექმნა დამოუკიდებელი ეკონომიკური მოვლენებია და დამოუკიდებლად აისახება. კერძოდ, ძირითადი საშუალებების ერთეულთა გაუფასურების აღიარება ხდება ბასს 36-ის შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად:
8. აქტივის გაუფასურება ხდება მაშინ, როდესაც აქტივის საბალანსო ღირებულება მეტია მის ანაზღაურებად ღირებულებაზე. მე-12-14 პუნქტებში აღწერილია ზოგიერთი მაჩვენებელი, რომელთა არსებობა მიუთითებს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა გაუფასურების ზარალს. ერთ-ერთი მათგანის არსებობის შემთხვევაშიც კი, საწარმო ვალდებულია მოახდინოს ანაზღაურებადი ღირებულების ოფიციალური შეფასება. გარდა მე-10 პუნქტში აღწერილი გარემოებებისა, საწარმოს არ მოეთხოვება ანაზღაურებადი ღირებულების ოფიციალური შეფასება, თუ არ არსებობს რაიმე ნიშანი შესაძლო გაუფასურების ზარალზე.
9. ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საწარმომ უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა მინიშნება აქტივის გაუფასურების შესახებ. ასეთის არსებობის შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია შეაფასოს აქტივის ანაზღაურებადი ღირებულება.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის 33-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულადი სახსრების შეფასება უნდა ეფუძნებოდეს გონივრულ და დასაბუთებულ დაშვებებს, რომლებიც ხელმძღვანელობის მიერ გამოთვლილი მოცემული აქტივის დარჩენილი სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში მოსალოდნელი ეკონომიკური ვითარების საუკეთესო შეფასებას წარმოადგენს. აქცენტი უნდა გაკეთდეს გარედან მიღებულ ინფორმაციაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ გადამხდელს საკუთრებაში ორი ჰიდროელექტრო სადგური აღრიცხული ჰქონდა ბალანსზე გადაფასებული ღირებულებით. კერძოდ, აღნიშნული აქტივის თვითღირებულება 2020 წლის 1 იანვრისათვის 1 268 240 000 ლარის ოდენობით, გადაფასებული ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის შესაბამისად და 2019 წლის 1 იანვრისათვის დაგროვებულმა გაუფასურების ზარალმა (რა თანხითაც შემცირდა აქტივის თავდაპირველი ღირებულება) შეადგინა 540 726 000 ლარი. 2019 წლისათვის ასეთმა გაუფასურების ზარალმა შეადგინა 37 655 000 ლარი. საწარმომ წარმოადგინა შპს „-----------ს“ მოსაზრება, რომლითაც გაუფასურების მეთოდი სწორია, თუმცა თავად გაანგარიშებაზე დასკვნა შედგენილი არ ყოფილა. ასევე, შემოწმებამ შეისწავლა შპს „-------------------“ მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება, საიდანაც გაირკვა, რომ კომპანიას გადაფასებული აქტივის სასარგებლო გამოყენების ვადად არჩეული ჰქონდა 50 წლიანი პერიოდი, ხოლო კაპიტალიზებადი დანახარჯები აღებული იყო შემოსავლის 6,4%. ამასთან, მისაღებ შემოსავლებში (50 წლიან პერიოდზე) არ იყო გათვალისწინებული ექსპორტის მონაცემები. რისკის მიმოხილვის ეტაპზე გადამხდელმა ვერ დაასაბუთა აღნიშნული დაშვებები. კერძოდ, რატომ იყო არჩეული 50 წელი და არა მეტი. აგრეთვე, გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო კაპიტალიზებადი დანახარჯების პროცენტული მაჩვენებლის სისწორე (6,4%). 50 წლიან პერსპექტივაში შესაძლო შემოსავლების გაანგარიშებაში არ იყო ასახული ექსპორტის მონაცემები. ამასთან, დადგინდა, რომ საწარმოს 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებზე ელექტროენერგია რეალიზებული ჰქონდა ექსპორტის გზით და სარეალიზაციო ფასი დაახლოებით ოთხჯერ აღემატებოდა ადგილობრივ ფასს. შესაბამისად, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არასრულ მონაცემებზე დაყრდნობით ჰქონდა განსაზღვრული აქტივის ანაზღაურებადი ღირებულება.
ზემოაღნიშნული ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში გაუფასურების ზარალის გაუთვალისწინებლობა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შემოწმების აქტში ტექნიკურად არასწორად არის გამოანგარიშებული ქონების გადასახადის ოდენობა. კერძოდ, 2019 წლის პირველი იანვრისთვის დაგროვებული გაუფასურების ზარალი შეადგენს 540 726 000 ლარს, ხოლო 2019 წლისათვის ასეთმა გაუფასურების ზარალმა დამატებით შეადგინა 37 655 000 ლარი. საგადასახადო ორგანომ აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, დამატებით დასარიცხი ქონების გადასახადის ოდენობა გამოიანგარიშა 5 783 810 ((540 726 000+37 655 000)*1%) ლარის ოდენობით. მიუთითებს, რომ 2019 წელს წარმოქმნილი გაუფასურების ზარალი (37 655 000 ლარი) მონაწილეობას არ იღებს 2019 წლის დასაწყისისთვის აქტივების ღირებულების განსაზღვრაში, რაც არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების პროცესში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ქონების გადასახადი გაზრდილია 188 275 ლარით, რაც არამართლზომიერია.
გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ქონების გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------------“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ქონების გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში გაუფასურებელი ზარალის გაუთვალისწინებლობას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არსებული ქონება აღრიცხული ჰქონდა ბალანსზე გადაფასებული ღირებულებით, კერძოდ აღნიშნული აქტივის თვითღირებულება 2020 წლის 1 იანვრისათვის გადაფასებული ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის შესაბამისად. კომპანიის მიერ გაუფასურების გაანგარიშება მოხდა აქტივის გამოყენებითი ღირებულების საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია საწარმოს მიერ შედგენილი გაანგარიშება გაუფასურების მოცულობასთან მიმართებაში. შემოწმებამ 2019 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში არ გაითვალისწინა გაუფასურების ზარალი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შემოწმების აქტში ტექნიკურად არასწორად არის გამოანგარიშებული ქონების გადასახადის ოდენობა.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში გაუფასურების ზარალის გაუთვალისწინებლობა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ქონების გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1)"ა.ა", 202(1), 205(2), 43(4);
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36.