ბრძანება N 33509

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33509
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33509

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2023 წლის 14 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 14 ნოემბრის №85054/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №127-33 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით, არაპირდაპირი მეთოდით, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. აცხადებს, რომ აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება და არგუმენტები (სასაქონლო ზედნადები, შეძენილი წამლების დოკუმენტაცია, ექსელის ცხრილი, აერო და ფოტო სურათები). აღნიშნავს, რომ საჩივარშივე მიუთითა ის არგუმენტები თუ რატომ იყო კვერცხდების მაჩვენებელი (გამოსავლიანობა) 36% და არა შემოწმების აქტში მითითებული 59%. ასევე, უცნობია თუ რომელი აუდირებული კომპანიის მაჩვენებლებზე დაყრდნობით მოხდა 59% გამოსავლიანობის დადგენა, რა პირობებში მიმდინარეობდა წარმოება და რა ფაქტორები წარმოადგენდა გაანგარიშების საფუძველს მოცემულ, უცნობ კომპანიებში. ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დაკორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №8586 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------ს“ (ს/ნ ----) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----ს“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს/დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები (მ.შ. იხელმძღვანელოს აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება, ასევე, გაითვალისწინოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №8586 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 27 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 25 669 ლარით, მათ შორის, გადასახადი 17 116 ლარით და ჯარიმა 8 553 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 ოქტომბრის №127-33 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ, ვერ დგინდება კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული კვერცხის ოდენობა. ვერ იქნა წარმოდგენილი ყოველდღიურად „დაცემული“ ქათმების რაოდენობა. არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აუდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაანგარიშებული იქნა წარმოებული კვერცხის ოდენობა საშუალოდ 59%-იანი გამოსავლიანობით, ფრინველის მწარმოებლურობის ოპტიმალური ვადების გათვალისწინებით. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული კვერცხის მტვრევის დანაკარგი 3%-ის ოდენობით. შედეგად, დათვლილ იქნა 2020-2021 წლებში წარმოებული კვერცხის ოდენობა. აღნიშნულზე გავრცელდა ამავე პერიოდის ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო ფასები. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შესწავლილ იქნა ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემები. შედეგად, დადგენილ იქნა, რომ შპს „-----ს“ შპს „------გან“ ქათმები შეძენილი აქვს 2020 წლის 23 აგვისტოს. შპს „-----ს“ მიერ იმპორტი განხორციელებულია 2019 წლის 18 ივლისს. აუდირებული მსგავსი საქმიანობის წარმოებებში ერთწლიანი კვერცხმდებელი ქათმების გამოსავლიანობა მერყეობს საშუალოდ 59%-დან 75%-მდე. შესაბამისად, გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გამოსავლიანობით (36%) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი ვერ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები (68 466) შესამოწმებელ პერიოდში შემცირებულია და შესაბამისად, ასახულია კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ, დაკორექტირდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დირექტორზე ხელფასად გაცემული თანხა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი შემცირებულ იქნა. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დირექტორზე ხელფასად გაცემული თანხა, შესაბამისად, შემცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 25 669 ლარით.

აგრეთვე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, შესწავლილ იქნა საქმის ირგვლი არსებული ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემები, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-----ს“ შპს „------გან“ ქათმები შეძენილი აქვს 2020 წლის 23 აგვისტოს. შპს „------ს“ მიერ იმპორტი განხორციელებულია 2019 წლის 18 ივლისს. აუდირებული მსგავსი საქმიანობის წარმოებებში ერთწლიანი კვერცხმდებელი ქათმების გამოსავლიანობა მერყეობს საშუალოდ 59%-დან 75%-მდე. შესაბამისად, გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გამოსავლიანობით (36%) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი ვერ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზია უსაფუძვლოა, ამასთან, საჩივარზე არ არის თანდართული მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რაც გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------ს“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ, ვერ დგინდება კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული კვერცხის ოდენობა. ვერ იქნა წარმოდგენილი ყოველდღიურად „დაცემული“ ქათმების რაოდენობა. არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აუდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაანგარიშებული იქნა წარმოებული კვერცხის ოდენობა საშუალოდ 59%-იანი გამოსავლიანობით, ფრინველის მწარმოებლურობის ოპტიმალური ვადების გათვალისწინებით. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული კვერცხის მტვრევის დანაკარგი 3%-ის ოდენობით. შედეგად, დათვლილ იქნა 2020-2021 წლებში წარმოებული კვერცხის ოდენობა. აღნიშნულზე გავრცელდა ამავე პერიოდის ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო ფასები. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შესწავლილ იქნა ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემები. შედეგად, დადგენილ იქნა, რომ მომჩივანს შპს -გან ქათმები შეძენილი აქვს 2020 წლის 23 აგვისტოს. შპს -ს მიერ იმპორტი განხორციელებულია 2019 წლის 18 ივლისს. აუდირებული მსგავსი საქმიანობის წარმოებებში ერთწლიანი კვერცხმდებელი ქათმების გამოსავლიანობა მერყეობს საშუალოდ 59%-დან 75%-მდე. შესაბამისად, გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გამოსავლიანობით (36%) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი ვერ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები (68 466) შესამოწმებელ პერიოდში შემცირებულია და შესაბამისად, ასახულია კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ, დაკორექტირდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დირექტორზე ხელფასად გაცემული თანხა. შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი შემცირებულ იქნა. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).