მიღებული დაფინანსების დღგ-ით დაბეგვრა N 11114

11114 მიღებული დაფინანსების დღგ-ით დაბეგვრა 13.08.2018
№ დოკუმენტი 11114
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მიღებული დაფინანსების დღგ-ით დაბეგვრა N 11114

ფაქტობრივი გარემოებები

· სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარების მიზნით, ღონისძიების ორგანიზატორი "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან იღებს დაფინანსებას. დაფინანსება არ ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. ასევე, ორგანიზატორს არ ეკისრება სანაცვლოდ რაიმე ვალდებულების შესრულება დამფინანსებელი მხარის წინაშე . დამფინანსებელი მხარე ამ ოპერაციიდან არ იღებს სარგებელს (ჩატარებული ღონისძიებით მომსახურების მიმღები ბენეფიციარი არის მოსახლეობა). დაფინანსება ხორციელდება ორგანიზატორის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე და არ წარმოადგენს ღონისძიების ფარგლებში მომსახურების მიმღები პირის სუბსიდირებას.

· ორგანიზატორმა საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიღებული დაფინანსება არ ჩათვლა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და არ დაბეგრა დღგ-ით.

შეფასება

· სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. სსკ-ის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ. ხოლო. მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვა არის ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა.

· იმის გათვალისწინებით, რომ: - დაფინანსება არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, - არ დგინდება ორგანიზატორის მხრიდან დამფინანსებელი მხარის წინაშე სანაცვლოდ რაიმე ვალდებულების შესრულება, - დამფინანსებელი მხარე ამ ოპერაციიდან არ იღებს სარგებელს, - დაფინანსება არ წარმოადგენს მომსახურების მიმღები პირის სუბსიდირებას. ამდენად, დაფინანსება არ განიხილება საქონლის/მომსახურების კომპენსაციად და ორგანიზატორისთვის არ წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციას.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც არ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით