ბრძანება N 8282
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8282
12 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 5 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 აპრილის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 5 აპრილის №88897/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის №007-56 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს, კერძოდ, დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ მიესადაგება ფაქტობრივ გარემოებებს და აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაკეთდა მცდარი კვალიფიკაცია/სამართლებრივი ნორმის განმარტება. მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმის სუბიექტი არ არის შპს „---“, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა სალიზინგო ქონების მესაკუთრეს და შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ქონების სხვა პირებისთვის გადაცემა/მიწოდება. აღნიშნავს, რომ სალიზინგო მოძრავი ქონების მიმწოდებელი სუბიექტი იყო მისი მესაკუთრე შპს „----“, ხოლო შპს „---“ წარმოადგენდა ამ საქონლის მიმღებ პირს, რომელსაც ლიზინგის ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით უნდა გამოესყიდა ეს ქონება. თუმცა, ვინაიდან შპს „---“ ვერ იხდიდა ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხებს, შპს „---მა“ აღნიშნული ქონება მიყიდა მესამე პირებს. დამატებით მიუთითებს, რომ შპს „---მ“ დღგ-ის თანხებზე ჩათვლა მიიღო შპს „---თვის" გრაფიკით, ყოველთვიურად გადასახდელ თანხებზე დარიცხული დღგ-დან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5492 ბრძანების საფუძველზე შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 28 დეკემბრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„2. სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განხორციელებულ ოპერაციაზე კვალიფიკაცია განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5492 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 20 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და განახორციელა ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება, თუმცა აღნიშნული ცვლილებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განხორციელებულ ოპერაციაზე კვალიფიკაცია განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა, თუმცა აღნიშნულმა ცვლილებამ არ გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს, კერძოდ, დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5492 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 20 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21; 160.