გადაწყვეტილება №26621/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2026
№ დოკუმენტი 26621/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26621/2/2026

10 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 12.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26621/2/2026).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.12.2025 წლის №CB1851109 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 4.02.2026 წლის №2176 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 10 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.12.2025 წლის CB1851109 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 15 460,2 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალა ფიცარი“ (14,724მ 3 X 1 050 ლარი), ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.02.2026 წლის №2176 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 286-ე მუხლის 11 , 12 და 32 ნაწილებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ხორციელდებოდა ხე-ტყის ტრანსპორტირება 25.12.2025 წელს სასაქონლო ზედნადებით №---. შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა აღნიშნული ტვირთის შემოწმება, რის შედეგაც შედგა სამართალდარღვევის ოქმი №CB1851109. შემოწმების შედეგად გაწერილი ძელაკის ჯამური რაოდენობა 16,944 არ ჩაითვალა ძელაკისათვის განკუთვნილ კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში, ჩაითვალა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად, დაჯარიმდა 10 000 ლარით და მოხდა მასალის ჩამორთმევა. არ მომხდარა არანაირი კანონდარღვევა ვინაიდან კანონით დადგენილ ვადებში ძელაკის ზომების გათვალისწინებით სწორად აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადები (გარდა ამისა დამატებით განმარტავს, რომ კანონი აძლევს ცდომილების საშუალებას 1 სმ ფარგლებში), რაც შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა. შემოსავლების სამსახურის მიერ დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, რომელსაც წარმოადგენს, თუმცა დასკვნაში არ არის დაზუსტებული მასალის ზომები, დაწერილია მხოლოდ ზოგადად. სადავო საკითხი, რომელზეც შემოსავლების სამსახური ედავება და ფიქრობს, რომ ის სხვაობა, რომელმაც გამოიწვია გამოწერილი ძელაკის ფიცარში გატარება, ბუნდოვანია და არ არის გარკვეული. აღნიშნულ ფაქტზე უნდა მოხდეს დამატებით მოკვლევა, მიეწოდოს ექსპერტის მიერ დადგენილი ზომები, მომჩივნის მხრიდან კი მოხდება მისი შედარება ფაქტიურ ზომებთან და ამით დადასტურდება, რომ ნამდვილად არის ძელაკი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ. ---) გადამოწმების დროს გამოვლინდა 15 460,2 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალა ფიცარი“ (14,724 მ 3 X 1 050 ლარი), ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. საკითხის განხილვისას საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის რაოდებოდა ჯამში ემთხვეოდა ბორტზე არსებულ რაოდენობას, თუმცა სახეობები არ ემთხვევოდა, კერძოდ ხე-მასალა ფიცარი აღემატებოდა სასაქონლო ზედნადებში მითითებულ ოდენობას და შესაბამისად აღნიშნული ნაწილი ჩაითვალა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებულად.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე გადამოწმების დროს სატრანსპორტო საშუალების ბორტზე განთავსებული ფიცრის სრულ ოდენობაზე არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადები, სახეზეა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტების (ფიცარი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი და არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს გამოვლინდა 15 460,2 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალა ფიცარი“ (14,724მ3X1050 ლარი), ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. საკითხის განხილვისას საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის რაოდებოდა ჯამში ემთხვეოდა ბორტზე არსებულ რაოდენობას, თუმცა სახეობები არ ემთხვევოდა, კერძოდ ხე-მასალა ფიცარი აღემატებოდა სასაქონლო ზედნადებში მითითებულ ოდენობას და შესაბამისად აღნიშნული ნაწილი ჩაითვალა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებულად.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე გადამოწმების დროს სატრანსპორტო საშუალების ბორტზე განთავსებული ფიცრის სრულ ოდენობაზე არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადები, სახეზეა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტების (ფიცარი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი და არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 12.