გადაწყვერილება N19047/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.03.2023
№ დოკუმენტი 19047/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19047/2/2023

16.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 7.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19047/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები - დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2023 წლის №094-1 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 3 821 029 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 902 195

დღგ - (-66 588)

მოგების გადასახადი - 1 968 770

ქონების გადასახადი - 13

ჯარიმა - 1 210 289

საურავი - 708 545

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის საქმიანობაა საწვავის (ბენზინი, დიზელი), როგორც იმპორტი შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული პირებისაგან, ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და საბითუმო რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 4.02.2015 წლიდან 1.05.2018 წლამდე პერიოდის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 18.10.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2018 წლის №30481 ბრძანება და 23.10.2018 წლის №094-196 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.12.2018 წლის №35559 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.09.2020 წლის №7363/2/2018 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 18.01.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით შემოწმების აქტის მიხედვით დაკისრებული ჯარიმა დაექვემდებარა შემცირებას 71 701 ლარის ოდენობით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 24.01.2023 წლის №868 ბრძანება და ამავე თარიღის №094-1 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხულია მხოლოდ მოგების გადასახადი, რომელიც გამოწვეული იყო არცოდნის გამო მექანიკურად დაშვებული შეცდომით. აღნიშნულის შედეგად კომპანიას წარმოექმნა 2 მილიონზე მეტი ზედმეტობა, რომელიც არასდროს გამოუყენებია, არ შემცირებულა და დღეის მდგომარეობითაც ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 2 200 539,65 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე ზედმიწევნით კმაყოფილდება 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირობა, რომ გადამხდელი კეთილსინდისიერია და დარიცხვა გამოწვეულია არცოდნის გამო დაშვებული შეცდომით, რის გამოც ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას სრულდ. გარდა ზემოაღნიშნულისა, როგორც უკვე აღნიშნა გადამხდელს პირად ბარათზე უფიქსირდება ზედმეტად გადახდილი 2 200 539,65 ლარი, ხოლო შემოწმებით დარიცხული ძირითადი გადასახადი სულ შეადგენს 1 902 195 ლარს, ანუ ზედმეტობაზე 298 344,65 ლარით ნაკლებს. ამავდროულად ბარათზე ხორციელდება საურავების დარიცხვა, რაც არაკანონიერია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ დავა მიმდინარეობს დღემდე და ბოლო გადაანგარიშება განხორციელდა 24.01.2023 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში თუ არ განხორციელდება სანქციების სრულად გაუქმება, მაშინ გადასახადების გადახდევინება-დაფარვის კანონიერების დაცვისა და ბარათზე სწორად ასახვის მიზნით ჯარიმების დარიცხვა სრულად უნდა განხორციელდეს 24.01.2023 წლის სავადო თარიღით.

ითხოვს ზემოთ მოცემული ფაქტობრივი გარემოებებისა და არგუმენტების საფუძველზე სრულად გაუქმდეს კომპანიაზე შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე და სანქციების არასრულად გაუქმების შემთხვევაში, ჯარიმის თანხები აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ იქნეს ბოლო გადაანგარიშების - 24.01.2023 წლის სავადო თარიღით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.09.2020 წლის №7363/2/2018 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდებოდა საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა სანქციის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 18.01.2023 წლის დასკვნით შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა 71 701 ლარის ოდენობით.

მომჩივანი არგუმენტს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.09.2020 წლის №7363/2/2018 გადაწყვეტილების არასრულად ან არასწორად აღსრულებაზე არ წარმოადგენს. ითხოვს სრულად გაუქმდეს კომპანიაზე შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე და სანქციების არასრულად გაუქმების შემთხვევაში, ჯარიმის თანხები აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ იქნეს ბოლო გადაანგარიშების - 24.01.2023 წლის სავადო თარიღით.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 4.09.2020 წლის №7363/2/2018 გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 4.09.2020 წლის №7363/2/2018 გადაწყვეტილება აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.