ბრძანება N 15067

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 04.07.2025
№ დოკუმენტი 15067
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15067

04 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 14 ივნისის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ივნისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №96231/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №011-1380 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; 2025 წლის 10 აპრილის №011-2025- 057799 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ, 2025 წლის 21 მაისის №CB1761533 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აგვისტოს №002-173 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიას (ვირტუალური ზონის პირს) მოგების გადასახადის გადახდა მოსთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადასახადისგან გათავისუფლებულია. შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილება საკუთარ მეთოდოლოგიურ მითითებებს დააფუძნა. კომპანიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და შემდგომი აუდიტის დროს აუდიტორებმა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დამფუძნებლის დივიდენდებიდან მიღებული შემოსავალი ხელფასად გადააკვალიფიცირეს, რამაც საშემოსავლო გადასახადისა და ჯარიმის დაკისრება გამოიწვია. გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს საქართველოს კანონმდებლობასა და საქართველოს საგადასახადო კოდექსს, ასევე, გადასახადის გადამხდელის უფლებებს. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული სხვადასხვა მეთოდოლოგიური მითითება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ არსებულ კანონმდებლობას, არამედ ერთმანეთსაც, რაც ცოტა ხნის წინ დაადასტურა თბილისის სასამართლომ.

გადამხდელის განმარტებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელების გამო კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა შეფერხებულია და არ შეუძლია წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკაში და განახორციელოს გადასახადების შემდგომი გადახდები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადების გაუქმებას, ასევე ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებისა და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 17 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 43 743.29 ლარი, ჯარიმა 24 463 ლარი, საურავი 30 797.76 ლარი.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ გამოცემული იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 17 აპრილის №011-1380 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში რიცხულ ქონებას. ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2025 წლის 2 მაისს.

აღნიშნული ბრძანების მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღე.

ქონების ნუსხის წარმოუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ შედგენილ იქნა 2025 წლის 21 მაისის №CB1761533 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადამხდელს საქართველოს საგადასახდო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2025 წლის 14 ივნისს.

საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შპს „-------“(ს/ნ -------) მიერ შემოსავლების სამსახურში 2025 წლის 27 ივნისის მდგომარეობით წარმოდგენილი არ არის.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მაისის №CB1761533 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა. ამავე მუხლის მე5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში მომჩივანს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აგვისტოს №002-173 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №011-1380 ბრძანებისა და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2025 წლის 10 აპრილის №011-2025-057799 ბრძანების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აგვისტოს №002-173 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის სადავო კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი 2024 წლის 19 სექტემბრის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 დეკემბრის №26758 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

 

ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №011- 1380 ბრძანებასთან და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2025 წლის 10 აპრილის №011-2025-057799 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 2 მაისს. ხოლო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 11 აპრილს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 14 ივნისს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი, სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნისა და ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებების ნაწილში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მაისის №CB1761533 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აგვისტოს №002-173 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №011-1380 ბრძანებისა და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2025 წლის 10 აპრილის №011-2025-057799 ბრძანების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადების გაუქმებას, ასევე ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებისა და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მომჩივანის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.

გადამხდელს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადამხდელს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში მომჩივანს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია; დანარჩენ ნაწილში საჩივარი დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241; 269(7); 301(ე, ზ)