გადაწყვეტილება №25636/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25636/2/2025
19 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25636/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.02.2024 წლის №85184/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №007-133 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 54 731.75 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 25 571
დღგ - 14 269
საშემოსავლო გადასახადი - 11 302
ჯარიმა - 9 828
საურავი - 19 332.75
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თამბაქოს ნაწარმის, საკვები პროდუქტების და სასმელების შეძენა-რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2021 წლის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს შეძენები უფიქსირდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. როგორც საგადასახადო შემოწმების პროცესში გაირკვა, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას. გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული მდებარეობის ორგანიზაციის მონაცემებით და მოძიებული ფასნამატი გავრცელებული იქნა რეალიზებული საქონლის ჯგუფის თვითღირებულებაზე (გათვალისწინებული იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები). ამგვარად, გაანგარიშებული საერთო ფასნამატი, 2018-2021 წლის აპრილის თვემდე, წლების მიხედვით სიგარეტების ნაწარმზე შეადგენს შესაბამისად: 3.8%-ს, 2.1%-ს, 3.9%-ს, ხოლო სასმელებზე და საკვებ პროდუქტებზე 17%-ს, 19%-ს, 19%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 194 340 ლარით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
2. გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, გაცემული აქვს ხელფასები 37 150 ლარის (დარიცხული) ოდენობით, დივიდენდი 17 000 ლარის ოდენობით (დარიცხული). ამასთან, წარდგენილი ახსნა-განმარტებით, კომპანიას დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელის პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი 2 389 ლარის ოდენობით. შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2021 წლის №007-294 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.09.2021 წლის №28155 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.09.2021 წლის №28155 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2022 წლის დასკვნის მიხედვით, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.05.2022 წლის №007-113 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.07.2022 წლის №19145 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 23.09.2022 წლის №17431/2/2022 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, მომჩივნის მონაწილეობით, შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 23.09.2022 წლის №17431/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2023 წლის №007-302 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 19 ნოემბერს ელექტრონულად წარდგენილი საჩივარი №85184/1/2023 კუთვნილებისამებრ, 2023 წლის 22 ნოემბრის №119000-21-04 წერილით, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 23.02.2024 წლის №85184/1/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/პოზიციების დამატებით (მათ შორის სალაროს ნაშთის და ზედმეტად გამოვლენილი თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხის) შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 23.02.2024 წლის №85184/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 97 588 ლარით (დღგ და საშემოსავლო გადასახადის სახით), დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №007-133 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურში 2025 წლის 31 ივლისს ელექტრონულად წარდგენილი საჩივარი №97257/1/2025 კუთვნილებისამებრ, 2025 წლის 11 აგვისტოს №71384-21-04 წერილით გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (საბჭოში რეგისტრაციის თარიღი 11.08.2025 წელი რეგისტრაციის №25636/2/2025).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება აუდიტორის მიერ გავრცელებულ ფასნამატს. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, რომლის საერთო რეალიზაციის პროცენტული წილი მცირეა, მაგრამ საქონლის სახეობის 70% ასახულია მასში. კომპანიის მიერ გაწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით (თუნდაც მცირე რაოდენობა, თუმცა პროდუქციის სახეობა ბევრია), ფასნამატის გაანგარიშება უფრო სარწმუნოა, ვიდრე ანალოგიური მაღაზიის ფასნამატი, მითუმეტეს რომ აღნიშნული მაღაზია არ მდებარეობს ბაზრობის ტერიტორიაზე. გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი იქნა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე (ბაზრობა) ფუნქციონირებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ვაჭრობენ ძირითადად საბითუმოდ, შესაბამისად მცირეა მათი ფასნამატი. ასევე, გამოვლენილი ზედმეტი თანხა არ უნდა დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით, რადგან კომპანიას გააჩნდა ანგარიშვალდებული პირის მიმართ დავალიანება და სწორედ ამ თანხით კომპანიის მიერ ანგარიშვალდებული პირის დავალიანება უნდა გაქვითულიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 23.02.2024 წლის №85184/1/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/პოზიციების დამატებით (მათ შორის სალაროს ნაშთის და ზედმეტად გამოვლენილი თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხის) შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 23.02.2024 წლის №85184/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 97 588 ლარით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ივნისის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ე.წ. „-------“ ტერიტორიაზე. შემოწმების პროცესში ჩეკით რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა „-------“ ფუნქციონირებადი მარკეტის აუდირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული „-------“ ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორი მეწარმის აუდირებული მონაცემების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ერთ-ერთი მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სიგარეტებით ვაჭრობა, ხოლო მეორის საკვები პროდუქტებით ვაჭრობა და აღნიშნული ბაზრობის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი მეწარმეების ფასნამატი არის დაბალი, აღნიშნული ბაზრობის გარე ტერიტორიაზე მდებარე მარკეტის ფასნამატთან შედარებით. კერძოდ, სიგარეტებზე შეადგენს 1.016%-ს, ხოლო საკვებ პროდუქტებზე 1.06%-ს. გადაანგარიშებით, ჩეკით რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა „-------“ ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი მეწარმეების ფასნამატი და შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, დღგ-ში 27 860 ლარი (გადასახადი 19 888 ლარი, ჯარიმა 7 982 ლარი);
- ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში, მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შესახებ ინფორმაცია/გაანგარიშება, რაც შეუდარდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, მათ შორის, ამავე პერიოდის მოგების გადასახადის დარიცხვისა და გადახდის შესახებ ინფორმაციას. 2017 წლამდე გაუნაწილებელი მოგების ნაშთი შეადგენს 70 507 ლარს, რაც განხილული იქნა დივიდენდად და შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა, აღნიშნული თანხის ფარგლებში, საშემოსავლო გადასახადში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა. ასევე, ფასნამატის ცვლილებიდან გამომდინარე, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საშემოსავლო გადასახადში შემცირებას დაექვემდებარა სულ 69 728 ლარი (გადასახადი 46 571 ლარი, ჯარმა 23 157 ლარი).
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, ითხოვს დარიცხული თანხების დამატებით შემცირებას და წარმოადგენს მანამდე წარმოდგენილის ანალოგიურ არგუმენტებს/პოზიციებს, რაც ცნობილია საბჭოსათვის. კერძოდ აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება აუდიტორის მიერ გავრცელებულ ფასნამატს. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, რომლის საერთო რეალიზაციაში პროცენტული წილი მცირეა, მაგრამ საქონლის სახეობის 70%-ია ასახული მასში. კომპანიის მიერ გაწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, ფასნამატის გაანგარიშება უფრო სარწმუნოა, ვიდრე ანალოგიური მაღაზიის ფასნამატი მითუმეტეს, რომ აღნიშნული მაღაზია არ მდებარეობს ბაზრობის ტერიტორიაზე. გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი იქნა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე (ბაზრობა) ფუნქციონირებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ვაჭრობენ ძირითადად საბითუმოდ, შესაბამისად მცირეა მათი ფასნამატი. ასევე, გამოვლენილი ზედმეტი თანხა არ უნდა დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით, რადგან კომპანიას გააჩნდა ანგარიშვალდებული პირის მიმართ დავალიანება და სწორედ ამ თანხით კომპანიის მიერ ანგარიშვალდებული პირის დავალიანება უნდა გაქვითულიყო.
ამგვარად, მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, მაგრამ არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს, რა საფუძველზე დაყრდნობით მიიჩნევს აღსრულებას საბჭოს 23.02.2024 წლის №85184/1/2023 გადაწყვეტილების შეუსაბამოდ.
აუდიტის დეპარტამენტი 21.08.2025 წლის №75335-21-14 წერილით წარმოადგენს ინფორმაციას/პოზიციას სადავო საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარდგენილი საჩივრით ითხოვდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გავრცელებას. ასევე წარმოადგენდა პოზიციას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე (-------) ფუნქციონირებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც ვაჭრობენ ძირითადად საბითუმოდ, შესაბამისად მცირეა მათი ფასნამატი და თუ ფასნამატის დასადგენად გამოიყენებოდა სხვა კომპანიის ფასნამატი, ეს უნდა ყოფილიყო ზემოხსენებულ ტერიტორიაზე მომუშავე აუდირებული კომპანია. გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ე.წ. „-------“ ტერიტორიაზე. შემოწმების პროცესში, ჩეკით რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა „-------“ ფუნქციონირებადი მარკეტის აუდირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული „-------“ ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორი მეწარმის აუდირებული მონაცემების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ერთერთი მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სიგარეტებით ვაჭრობა, ხოლო მეორის - საკვები პროდუქტებით ვაჭრობა და აღნიშნული ბაზრობის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი მეწარმეების ფასნამატი არის დაბალი, აღნიშნული ბაზრობის გარე ტერიტორიაზე მდებარე მარკეტის ფასნამატთან შედარებით, კერძოდ: სიგარეტებზე შეადგენს 1.016%-ს, ხოლო საკვებ პროდუქტებზე - 1.06%. დასკვნით, ჩეკით რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა „-------“ ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი მეწარმეების ფასნამატი და შედეგად აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, კერძოდ დღგ-ში შემცირებას დაექვემდებარა სულ 27 860 ლარი, მ.შ. გადასახადი 19 888 ლარი და ჯარიმა, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 7 982 ლარი. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტირებული მტკიცებულებები.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც აღნიშნა, რომ ფასნამატის თემა სადავო აღარ არის, რადგან შეთანხმდნენ და თანხები დაკორექტირდა, რაც შეეხება მეორე საკითხს გამოვლენილი ზედმეტი თანხა არ უნდა დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით და ჩათვლილიყო დირექტორზე გაცემულ ხელფასად, არამედ დავალიანების დაფარვად, როცა ნაშთი აქვს, დოკუმენტი არ აქვს, მაგრამ არის ვალდებულება პერსონალის წინაშე, კომპანიის დავალიანება დამფუძნებლის წინაშე ვლინდება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიუთითა გადაანგარიშების შედეგებზე, ხოლო დირექტორის მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის არგუმენტზე აღნიშნა, რომ თავდაპირველად წარდგენილი იქნა დოკუმენტი, რომ დავალიანება არ ქონდა კომპანიას და ნაშთი რაც იყო გაუთვალისწინეს, ახლა წარმოადგენს ამ არგუმენტს, მაგრამ შემოწმების პერიოდში წინა პერიოდის შემოწმების საშუალება არ ქონდათ, ამბობს რომ აქვს ნაშთი, მაგრამ არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს რაც აღნიშნულის არსებობას დაადასტურებდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებთ, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 23.02.2024 წლის №85184/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.02.2024 წლის №85184/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს შეძენები უფიქსირდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. როგორც საგადასახადო შემოწმების პროცესში გაირკვა, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას. გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული მდებარეობის ორგანიზაციის მონაცემებით და მოძიებული ფასნამატი გავრცელებული იქნა რეალიზებული საქონლის ჯგუფის თვითღირებულებაზე (გათვალისწინებული იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა;
გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, გაცემული აქვს ხელფასები, დივიდენდი. ამასთან, წარდგენილი ახსნა-განმარტებით, კომპანიას დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელის პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი. შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 23.02.2024 წლის №85184/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებთ, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 23.02.2024 წლის №85184/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304