გადაწყვეტილება №20009/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.10.2023
№ დოკუმენტი 20009/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20009/2/2023

03 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 16.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20009/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.10.2022 წლის №16817/2/2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №006-185 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 67 324 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 40 407

დღგ - 37 321

საშემოსავლო გადასახადი - 3 086

ჯარიმა - 19 591

საურავი - 7 326

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება განაცემები საბანკო ანგარიშებიდან და სალაროდან ნაღდი ფულის სახით. კომპანია, შესამოწმებელ პერიოდში, წარადგენდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებს, თუმცა საბანკო ანგარიშებსა და საბუღალტრო პროგრამის მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობები. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 43-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №41327 ბრძანება და №006-1033 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13333 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მე-2 სადავო საკითხთან მიმართებაში:

ა) შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) ცვლილებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

გ) დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს არის თუ არა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე მსჯელობა;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13333 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.10.2022 წლის №16817/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, პირველი სადავო საკითხის (2018 წლის აპრილის, 2020 წლის მაისის და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდებზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება) ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 13.10.2022 წლის №16817/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №006-185 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას საშემოსავლო გადასახადის სახით ერიცხება 3 086 ლარი, თუმცა აღნიშნულ თანხას ნაწილობრივ აღიარებს და არ ცნობს დარიცხვას 738 ლარის ოდენობით, ვინაიდან 2018 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის სახით დაერიცხა 375 ლარი, თუმცა ამ საანგარიშო პერიოდში კომპანიის საბანკო ამონაწერიდან და ასევე, საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით ჩანს, რომ ამ თვეში უკან გადარიცხული იქნა შეცდომით ჩარიცხული ხელფასის სახით 700 ლარი, რის გამოც ამ საანგარიშო თვეში ზედმეტად აქვს დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 175 ლარი (700/0.8*20%) და მისი წილი ჯარიმა. ასევე, 2020 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდზე საშემოსავლო გადასახადი აუდიტის დეპარტამენტს გაანგარიშებული აქვს ზედმეტად, რადგან ამ თვეში ---ზე და --ზე ხელფასის სახით დარიცხული და საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფალი 750-750 ლარი, ჯამში 1500 ლარი არ აქვს დამატებული ხელზე აღებულ ხელფასზე და არ აქვს გათვალისწინებული შეღავათებში.

იმ მიზეზის გამო, რომ აღნიშნული პირები არიან ომის ვეტერანები და ეს თანხა სრულად არის თავისუფალი საშემოსავლო გადასახადისაგან, ხოლო შემმოწმებელს ფორმულაში შეცდომით აქვს შეყვანილი ხელზე აღებულ ხელფასში, 2020 წლის მაისის თვის საშემოსავლო გადასახადი ზედმეტად არის დარიცხული 375 ლარის ოდენობით (1500/0.8*20%). ანალოგიურად, 2020 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე საშემოსავლო გადასახადი აუდიტის დეპარტამენტს გაანგარიშებული აქვს ზედმეტად, იმის გამო, რომ ამ თვეში ---ზე ხელფასის სახით დარიცხული და საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფალი 750 ლარი არ არის დამატებული ხელზე არსებულ ხელფასზე. იმის გამო, რომ აღნიშნული პირი არის ომის ვეტერანი და ეს თანხა სრულად არის თავისუფალი საშემოსავლო გადასახადისაგან, ფორმულაში შეცდომით არ არის შეყვანილი ხელზე აღებულ ხელფასში. აღნიშნული გამო, 2020 წლის ივლისის თვის საშემოსავლო გადასახადი ზედმეტად არის დარიცხული 188 ლარის ოდენობით (750/0.8*20%). სულ, ჯამში საშემოსავლო გადასახადის სახით ზედმეტადაა დარიცხული 738 ლარი და მასთან დაკავშირებული ჯარიმა 131 ლარი. აღნიშნული პირებზე საგადასახადო შეღავათების დადასტურების მიზნით, წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ შესაბამის ცნობებს და ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას და საბჭოს 13.10.2022 წლის №16817/2/2022 გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. აუდიტის დეპარტამენტს თავისუფლად შეეძლო ამ პირების იდენტიფიცირება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზის მიხედვით, შეღავათის გაცემის ცნობების მიხედვით. რაც შეეხება დარიცხვას, 2 348 ლარის ოდენობით, აღიარებს. ითხოვს ზედმეტად დარიცხული გადასახადის 738 ლარის და მასთან დაკავშირებული ჯარიმის 131 ლარი, სულ 869 ლარის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.05.2022 წლის №13333 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაგრამ 2018 წლის აპრილის, 2020 წლის მაისის და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდებზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.10.2022 წლის №16817/2/2022 გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელის განმარტების გათვალისწინებით, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სადავო ორ მომენტთან (შეცდომით ჩარიცხული ხელფასის უკან გადარიცხული თანხის და ომის ვეტერან პირებზე შეღავათების გათვალისწინების ნაწილში) დაკავშირებით სათანადო ცნობები არსებობს, ხოლო შემმოწმებლის მიერ შეცდომა არის დაშვებული ხელზე აღებული თანხის გაანგარიშებისას და რომ გადასახადის გადამხდელთან ერთად არ მომხდარა სადავო საკითხების გავლა, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველი სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა;

- აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს, მიუხედავად არაერთხელ მიმართვისა, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მონაწილეობა არ მიუღია საკითხის შესწავლაში, დამატებით არ წარუდგენია დოკუმენტი, ან რაიმე დადასტურებული არგუმენტი საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარჩა უცვლელი.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში კვლავაც მიუთითებს სადავო პერიოდებში შემოწმებით საშემოსავლო გადასახადში ზედმეტად დარიცხული თანხებზე, წარმოადგენს არგუმენტებს და მიუთითებს გარემოებებზე, რომელიც ცნობილია საბჭოსათვის და რაც გახდა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი სადავო საკითხის ნაწილში, ამასთან აღნიშნავს, რომ საგადასახადო შეღავათების დადასტურების მიზნით, წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ შესაბამის ცნობებს, ითხოვს დარიცხული თანხების სულ 869 ლარის მოხსნას (გადასახადის 738 ლარი, ჯარიმა 131 ლარი), შესაბამისად გადაანგარიშებას და საბჭოს 13.10.2022 წლის №16817/2/2022 გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტებს, ხსენებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულების მიზნით, მისი არგუმენტის შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის და გადაანგარიშების პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის მიზეზებზე.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ კომუნიკაცია ქონდა გადასახადის გადამხდელთან, გადაანგარიშების ეტაპზე რაიმე მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი მოუძიებლობის საფუძვლით. ამჟამად გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დამატებით წარმოდგენილი ცნობები შეღავათების შესახებ, ასევე არგუმენტი უკან დაბრუნებული თანხების თაობაზე შესწავლილი იქნა და აღნიშნული გარემოებები შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას, რაც ასევე დაუდასტურა უშუალო შემმოწმებელმა აუდიტორმა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 13.10.2022 წლის №16817/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ამდენად მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №006-185 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13333 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.10.2022 წლის №16817/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 13.10.2022 წლის №16817/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №006-185 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 13.10.2022 წლის №16817/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ამდენად მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).