ბრძანება N 10869

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2026
№ დოკუმენტი 10869
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10869

15 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------.,-------)

2026 წლის 29 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 და 30 აპრილის სხდომებზე (ოქმები №33 და №34) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის 29 მარტის №101521/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №041-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა სადავო საკითხის გადაანგარიშებისას, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა კომპანიის მოგებაზე ფუნქციონირება და ამის გამო კაპიტალის შევსებას არ საჭიროებდა. შემმოწმებლის მხრიდან აღნიშნულზე მიწოდებულია ანალიზი (დანართი: „კაპიტალის ანალიზი“), სადაც წარმოდგენილია რეალიზაციის, დღგ-ის ფაქტურებისა და სავარაუდო მოგების გაანგარიშება. თუმცა აღნიშნულ ანალიზში სრულად იგნორირებულია ფულადი სახსრების მოძრაობა, კაპიტალის შევსების პერიოდებში არსებული ლიკვიდურობის მაჩვენებლები, ბალანსის სტრუქტურული ანალიზი. აღნიშნული საკითხები არ არის განხილული არც შემოწმების აქტში. გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს მეთოდოლოგიურად მცდარ და ზედაპირულ შეფასებას, რადგან კაპიტალის შევსების ან შემცირების საჭიროებას განსაზღვრავს არა ბუღალტრული მოგება ან ზარალი, არამედ ფულადი სახსრების მოძრაობა, ფულის დეფიციტი და ლიკვიდურობის მაჩვენებლები. შესაძლებელია კომპანია იყოს მოგებაზე, თუმცა ფულადი სახსრები განთავსებული ჰქონდეს აქტივებში (მარაგები, დებიტორული დავალიანება და სხვა), რის გამოც საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო გახდეს დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვა, მათ შორის, კაპიტალის შევსების გზით. ანალოგიურად, ზარალის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს კაპიტალის შევსების აუცილებლობას, თუ ფულადი სახსრების დეფიციტი არ არსებობს. მიიჩნევს, რომ ფულადი ნაკადებისა და ბალანსის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარების შემთხვევაში, შემმოწმებელი დაინახავდა, თუ რომელ აქტივებშია განთავსებული როგორც კაპიტალის, ასევე, აკუმულირებული მოგების წილი. შემმოწმებელის მითითებაზე, რომ კომპანიას საქართველოს ბანკსა და ტერაბანკში უფიქსირდებოდა გრძელვადიანი სესხი ჯამში 991,103 ლარის ოდენობით, გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს. 01.01.2018–01.01.2022 პერიოდის ნაერთ ბრუნვით უწყისში 4110 ანგარიშზე ასახული ბრუნვა წარმოადგენს საკრედიტო ხაზების მრავალჯერად გამოყენებას („აღება–დაფარვის“ რეჟიმი) და არა ერთდროულად არსებულ ვალდებულებას. შესაბამისად, კომპანიას არ ჰქონია 991,103 ლარის ოდენობის სესხი. რეალური საბანკო რესურსი შეადგენდა დაახლოებით 160,000 ლარს და გამოიყენებოდა მოკლევადიანი ოპერაციული საჭიროებებისთვის, მათ შორის, იმპორტის დროს საბაჟო გადასახდელებისა და საგადასახადო ვალდებულებების დროული დაფარვისთვის. ამავე ბრუნვით უწყისში ნათლად ჩანს, რომ კომპანია საქმიანობაში იყენებდა დამფუძნებლის მიერ შეტანილ კაპიტალს, რომელიც საჭიროების შესაბამისად ივსებოდა ან მცირდებოდა. შესაბამისად, სრულიად კანონზომიერია, რომ 01.01.2022 მდგომარეობით საწესდებო კაპიტალში ასახულია 136,000 ლარის ნაშთი, რომელიც წარმოადგენს რეალურ და ეკონომიკურად დასაბუთებულ მაჩვენებელს. რაც შეეხება შემმოწმებლის მითითებას, რომ 2022 წლის ოპერაცია პროგრამულად გატარებულია 2025 წლის 19 მარტს, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ოპერაციის არარეალურობის მტკიცებულებას. ბუღალტრული პროგრამის ტექნიკური თავისებურებიდან გამომდინარე, ნებისმიერი გატარების ხელახლა გახსნისა და შემდგომ შენახვის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად ცვლის გატარების თარიღს, რაც არ ასახავს ოპერაციის ფაქტობრივ განხორციელების დროს. აღსანიშნავია ასევე, რომ კომპანიას დაფუძნებიდან (27.02.2019) 01.01.2022 მდგომარეობით აქვს 150,983 ლარის აკუმულირებული მოგება. თუმცა აღნიშნული მოგება ფორმირდებოდა ეტაპობრივად და ვერ იქნებოდა საქმიანობის საწყის ეტაპზე საკმარისი ფინანსური რესურსი. შესაბამისად, არ არის ლოგიკური დასკვნა, თითქოს კომპანია მხოლოდ დაახლოებით 160,000 ლარის საკრედიტო ხაზითა და ეტაპობრივად დაგროვილი მოგებით შეძლებდა საქმიანობის განხორციელებას საწესდებო კაპიტალის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი მიუთითებს, რომ თუ კაპიტალის შევსების ოპერაციები არ მომხდარა და ისინი ამოიღება ბუღალტრული ჩანაწერებიდან, ფულადი სახსრების მუხლები გადადის უარყოფით მაჩვენებლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და ითხოვს, რომ შემოწმების მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული 202 571.56 ლარი დაკვალიფიცირდეს საწესდებო კაპიტალის შემცირებად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 დეკემბრის №27963 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 21 ნოემბრის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კაპიტალის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 დეკემბრის №27963 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 18 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 27 თებერვლის №041-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საწარმოს კაპიტალი შევსებული აქვს სალაროთი, ამასთან, 2022 წლის ოპერაცია პროგრამულად გატარებული აქვს 2025 წლის 19 მარტს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია გადის მოგებაზე და არ საჭიროებს კაპიტალის შევსებას, ამასთან, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწესდებო კაპიტალში საწყისი ნაშთი ფიქსირდება 136 000 ლარი. განხორციელდა წინა პერიოდის ანალიზი, კომპანიას საქართველოს და ტერაბანკში უფიქსირდება გრძელვადიანი სესხი ჯამში 991 103 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა მთლიანად არის დაფარული და სრულიად საკმარისია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის. შემოსავლების და გასავლების შეპირისპირებით კომპანიას უფიქსირდება მოგება, შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში საწყისი ნაშთი არ უნდა არსებობდეს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემოწმებამ შეისწავლა კაპიტალის საკითხი. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადამხდელის საქმიანობის ანალიზი კაპიტალის შესწავლის მიზნით, დაფუძნების დღიდან შესამოწმებელ პერიოდამდე, 2022 წლის პირველ იანვრამდე. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ორისის პროგრამით, შემოწმების დასაწყისისთვის საკუთარი კაპიტალი ფიქსირდება 286 983 ლარი (მათ შორის, გაუნაწილებელი მოგება 150 983 ლარი, საწესდებო კაპიტალი 136 000 ლარი), საიდანაც 162 687 ლარი განთავსებულია საბანკო ანგარიშზე, 72 405 ლარი სალაროში, სასაქონლო მარაგები შეადგენს 23 331 ლარს. ამ პერიოდში საწარმოს არ შეუძენია ძირითადი საშუალებები, არ გაუცია დივიდენდი, დებიტორული დავალიანება შეადგენს 334 ლარს, ხოლო კრედიტორული 8 578 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 22 561 477 ლარს, ხოლო დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული - 20 810 ლარს, საწყისი საქონლის ნაშთი არის 23 331 ლარი, ხოლო საბოლო - 93 803 ლარი. განხორციელებული იმპორტი 20 287 567 ლარის ოდენობით, ადგილობრივი შეძენა - 19 500 ლარის, გადამხდელის საშუალო ფასნამატი არის 10-11%. ანგარიშსწორება მომწოდებლებთან ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას დივიდენდი არ გაუცია, არ შეუძენია ძირითადი საშუალებები, არ ფიქსირდება სასაწყობო ხარჯები, იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ხდება მყისიერად. გაცემული ხელფასი დეკლარირებულია 207 680 ლარის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადამხდელს უფიქსირდება მზარდი დებიტორული დავალიანება 1 608 015 ლარი შპს „-------“, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის შპს „-------“-ის (ს/ნ -------) დამფუძნებელი. აღნიშნული ანალიზის შედეგად აუდიტის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ შემოსავლების და გასავლების შეპირისპირებით კომპანიას უფიქსირდება მოგება, შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში საწყისი ნაშთი არ უნდა არსებობდეს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს კაპიტალი შევსებული აქვს სალაროთი, ამასთან, 2022 წლის ოპერაცია პროგრამულად გატარებული აქვს 2025 წლის 19 მარტს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია გადის მოგებაზე და არ საჭიროებს კაპიტალის შევსებას, ამასთან, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწესდებო კაპიტალში საწყისი ნაშთი ფიქსირდება 136 000 ლარი. განხორციელდა წინა პერიოდის ანალიზი, კომპანიას საქართველოს და ტერაბანკში უფიქსირდება გრძელვადიანი სესხი ჯამში 991 103 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა მთლიანად არის დაფარული და სრულიად საკმარისია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის. შემოსავლების და გასავლების შეპირისპირებით კომპანიას უფიქსირდება მოგება, შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში საწყისი ნაშთი არ უნდა არსებობდეს.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)