ბრძანება N 43240

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.12.2019
№ დოკუმენტი 43240
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 43240

11/12/2019

ფ.პ ---------------

( მის: ქ. ------- )

2019 წლის 10 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ.პ ----- ს საჩივარი N-46547/1/2019 აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 აგვისტოს №176400 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 28 ნოემბერს (ოქმი N85) გამართულ სხდომაზე.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, გადამხდელს დაეკისრა სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - 500 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ ქონდა გაპროცენტებული თანხები. ყოველთვის ხელშეკრულებებს ამოწმებდა ნოტარიულად. იმ მოტივით, რომ არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და მისთვის უცნობი იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ითხოვს გათვალისწინებული იქნას მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და აღნიშნულიდან გამომდინარე გაუქმდეს №176400 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

ფაქტების აღწერა:

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს 2019 წლის 27 აგვისტოს N 10832/15/-04-03/1 წერილით, სისხლის სამართლის N092260819004 საქმეზე წარმოდგენილი დადგენილებით ირკვევა, რომ ფ.პ ----- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე სუბიექტად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოქალაქეებზე სესხის სახით გასცემს სხვადასხვა ოდენობის თანხებს და პროცენტის სახით იღებდა სხვადასხვა თანხებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს ადგება მნიშვენელოვანი ზიანი.

ამასთან საქმეზე არსებული მასალებით დასტურდება, რომ გადამხდელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოქალაქეებზე სესხის სახით გასცემდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს. რაც ასევე დასტურდება მოქ. ----- ის მიერ გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით..

სსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“

აღნიშნულის საფუძველზე ვინაიდან ფ.პ ----- ს მხრიდან დადასტურდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 30 აგვისტოს სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის №176400 ოქმი, რომლის თანახმადაც პირს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით“.

ამავე კოდექსის 51-ე მუხლის „დ“ და „კ“ პუნქტების შესაბამისად საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა - უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა; გამოავლინოს ფიზიკური და იურიდიული პირები რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადახდას.

“გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად: „გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას“.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად - „პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“.

სსკ-ის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, საჩივარი კი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ.პ ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი № 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოდგენილი დადგენილებით ირკვევა, რომ ფიზიკური პირი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე სუბიექტად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოქალაქეებზე სესხის სახით გასცემს სხვადასხვა ოდენობის თანხებს და პროცენტის სახით იღებს სხვადასხვა თანხმებს, აღნიშნულის საფუძველზე ვინაიდან ფიზიკური პირის მხრიდან დადასტურდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც პირს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, საჩივარი კი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 66; 273

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება