ბრძანება N 7255
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7255
31 მარტი 2026
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(ფაქტ. მის.:„--------“)
2026 წლის 4 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 4 მარტის №101112/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №005-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2017 წლამდე მიღებული მოგების შემოწმების მიერ უსაფუძვლოდ მიჩნევას. განმარტავს, რომ კომპანიას 2017 წლამდე დაგროვილი მოგება სრულად არ აქვს დივიდენდის სახით გატანილი, კერძოდ, ჯამში 71 000 ლარი არის 2017 წლამდე მოგებიდან გატანილი, საიდანაც გასანაწილებელი აქვს 54 456 ლარი. აცხადებს, რომ 2023 წლის სექტემბრიდან გაცემული ყველა დივიდენდი გატანის დროს დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა 2014 წლიდან 2020 წლის ჩათვლით პერიოდებზე ჩაშლილი ბრუნვითი უწყისები, სადაც ასახულია ანგარიშზე არსებული საწყისი და საბოლოო ნაშთები, ასევე, დაგროვილი გაუნაწილებელი მოგების ნაშთები წლების მიხედვით. ითხოვს 2023 წლის სექტემბრიდან გაცემული მოგების 2017 წლამდე გაუნაწილებელი მოგებიდან გაცემას და ჯარიმის შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №20837 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3.მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №20837 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 26 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, ჯამში 53 704 ლარით, მათ შორის, გადასახადი 35 803 ლარის ოდენობით და ჯარიმა 17 901 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 2 თებერვლის №005-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტმა მოგების გადასახადის საკითხი დამატებით შეისწავლა გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში 2022 წლის პირველი იანვრისთვის არსებულ გაუნაწილებელ მოგების ნაშთში 2017 წლამდე მიღებული მოგების არსებობა არის უსაფუძვლო. შესაბამისად, მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ უცხოელ მომწოდებლებზე გადახდილი საინვოისე თანხები სრულად იქნა გადახდილად მიჩნეული და საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) ჯამში 53 704 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, მოგების გადასახადის საკითხი დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ გაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში 2022 წლის პირველი იანვრისთვის არსებულ გაუნაწილებელ მოგების ნაშთში 2017 წლამდე მიღებული მოგების არსებობა არის უსაფუძვლო. შესაბამისად, მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. ხოლო, გადამხდელის მიერ უცხოელ მომწოდებლებზე გადახდილი საინვოისე თანხები სრულად იქნა გადახდილად მიჩნეული და საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით განაწილებული მოგება შეადგენს 96 947 ლარს, მოგების გადასახადი 17 108 ლარს, ხოლო მიღებული ჩათვლა 9 543 ლარს. მოგების ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმების პროცესში ჩატარდა 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების ანალიზი, კერძოდ, გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და ასევე, saras.gov.ge-ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები და დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2022 წლამდე მიღებული მოგება საკმარისი იყო ამ პერიოდში სმფ-ის ნაშთის 226 825 ლარის ზრდისთვის. შესაბამისად, 2017 წლამდე მიღებული მოგების არსებობა 2022 წლისთვის არალოგიკური და არარეალურია.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ჯარიმის შესწავლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2017 წლამდე მიღებული მოგების შემოწმების მიერ უსაფუძვლოდ მიჩნევას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში არსებულ გაუნაწილებელ მოგების ნაშთში 2017 წლამდე მიღებული მოგების არსებობა არის უსაფუძვლო. შემოწმების მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ნაწილში,სსკ-ის 97-ე მუხლის მიხედვით, სხვაობები არ გამოვლინდა,თუმცა,დადგინა, რომ გადამხდელს არ ეკუთვნის მოგების გადასახადის ჩათვლა.მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა გაიზარდა.შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).