გადაწყვეტილება №21011/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 09.02.2024
№ დოკუმენტი 21011/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21011/2/2023

09 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 9.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21011/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

3. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №006-328 საგადასახადო მოთხოვნა;

2.შემოსავლების სამსახურის 12.09.2023 წლის №22166 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 124 179 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 64 781

დღგ - 29 980

მიწის გადასახადი (სასოფლო) – (-129)

საშემოსავლო გადასახადი - 33 236

ქონების გადასახადი - 1 694

ჯარიმა - 32 404

საურავი - 26 994

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება, ხოლო 2022 წლიდან დამატებით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას (სტომატოლოგია). შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №15995 ბრძანება და №006-328 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.09.2023 წლის №22166 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად: დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №104050-21-04 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 12.09.2023 წლის №22166 ბრძანება გაგზავნილია გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 12.09.2023 წელს და გაცნობა ფიქსირდება იმავე დღეს 12.09.2023 წელს. საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 9.10.2023 წელს. განხორციელდა სატელეფონო ზარი საჩივარში მითითებულ ტელეფონზე და შედგა კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენელთან (როგორც მან აღნიშნა), რომელსაც განემარტა დადგენილი ხარვეზის თაობაზე, ამასთან, ეცნობა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევის შესახებ და ეთხოვა აღნიშნულზე არგუმენტების წარმოდგენა. გადასახადის გადამხდელს გასაჩივრებულ დოკუმენტზე ვადის დარღვევის თაობაზე მტკიცებულება/არგუმენტები არ წარმოუდგენია, მაგრამ ვინაიდან საუბარში აღნიშნა საჩივრის გამოგზავნისას ტექნიკურ მიზეზებზე (ატვირთა, მაგრამ არ გამოიგზავნა), შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს, 2023 წლის 19 ოქტომბრის №105601-03 წერილით, ეთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა გადასახადის გადამხდელის მიერ, 2023 წლის 12 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში, საჩივრის რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის მცდელობის შესახებ, ასევე ამავე პერიოდში შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში, საჩივრის რეგისტრაციის პროცესში, შეფერხების არსებობის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის 6.11.2023 წლის №112337-21-08 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 12 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში ელექტრონული საჩივრის რეგისტრაციის სისტემაში ხარვეზი არ დაფიქსირებულა, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ პერიოდში საჩივრის გადმოგზავნის მცდელობა არ ფიქსირდება და საჩივარი №21011/2/2023 გადასახადის გადამხდელის მიერ გამოგზავნილია 9.10.2023 წელს.

ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო 12.09.2023 წლის №22166 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 12 სექტემბერს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2023 წლის 2 ოქტომბერი (ორშაბათი), საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 2023 წლის 9 ოქტომბერს, სადავო აქტის გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ექვემდებარება განუხილველად დატოვებას საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

3. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №15995 ბრძანება და №006-328 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.09.2023 წლის №22166 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301; 44; 299.