გადაწყვეტილება № 25709/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.10.2025
№ დოკუმენტი 25709/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 25709/2/2025

13 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 23.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25709/2/2025).

 

დავის საგანი:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები (დანაკლისი/აღურიცხველობა).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.06.2025 წლის №CB1769620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.06.2025 წლის №CB1769624 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 1.08.2025 წლის №17406 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 32 763,31 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 1 401 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი)

ჯარიმა - 31 362,31 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი)

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სამშენებლო და სარემონტო მასალებით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.11.2024 წლის №24869 ბრძანებით, მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. 27.11.2024 წელს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 210 086.24 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით – 313 623.13 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 2 802 ლარის აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობები.

აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.06.2025 წლის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა - 1 401 ლარი, ხოლო გამოვლენილ დანაკლისზე 13.06.2025 წლის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 31 362.31 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.08.2025 წლის №17406 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით და განმარტავს, რომ მომჩივანს წარმოდგენილ საჩივარში არ დაურთავს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც გავლენას მოახდენდა (შეამცირებდა) ინვენტარიზაციის შედეგებზე. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამეურნეო და სამშენებლო - სარემონტო მასალების რეალიზაციას. აღურიცხველი საქონლის ნაწილი, გამოვლენილ იქნა 8.08.2023 წლის №19383 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური საქონლის ინვენტარიზაციის შედეგად. ერთხელ დარიცხული ჯარიმაზე მეორეჯერ დარიცხვა მიაჩნია არამართებულად. არ ეთანხმება დადგენილ ფასნამატს. საქონელი იქნა გაყოფილი ორ კატეგორიად ცემენტი და სხვა დანარჩენი. შესაბამისად ცემენტზე ფასნამატი გამოვიდა 12% სხვა დანარჩენზე კი 29%. აქ გამოსაყოფია კიდევ სამშენებლო წებოცემენტის, შპაკლის და ალიბასტრის კატეგორია. რომლის ფასნამატიც არ აღემატება 10%, რაც გამოიწვევს დანაკლისის შემცირებას.

ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილების მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა, ხოლო, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. ხოლო, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

მომჩივნის განმარტებით, ერთხელ დარიცხული ჯარიმაზე მეორეჯერ დარიცხვა მიაჩნია არამართებულად. არ ეთანხმება დადგენილ ფასნამატს. საქონელი იქნა გაყოფილი ორ კატეგორიათ ცემენტი და სხვა დანარჩენი. შესაბამისად ცემენტზე ფასნამატი გამოვიდა 12% სხვა დანარჩენზე კი 29%. აქ გამოსაყოფია კიდევ სამშენებლო წებოცემენტის, შპაკლის და ალიბასტრის კატეგორია. რომლის ფასნამატიც არ აღემატება 10%, რაც გამოიწვევს დანაკლისის შემცირებას.

საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.09.2025 წლის №------ წერილიდან ირკვევა, რომ 27.11.2024 წლის №24869 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. 27.11.2024 წელს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა, რაზეც შედგენილ იქნა საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი №910345. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყებამდე დირექტორს ------- (პ/ნ -------) 27.11.2024 წელს პირადად ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ.

ინვენტარიზაცია (ფაქტიური ნაშთის აღწერა) დაიწყო 27.11.2024 წელს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 13.06.2025 წელს. მომჩივნის კუთვნილ ობიექტებში 27.11.2024 წლის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 752 197,13 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით. საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა 8.08.2023 წლიდან 27.11.2024 წლამდე პერიოდი. საანგარიშო პერიოდის სმფ–ების საწყისი ნაშთი იყო 291 842.40 ლარი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენები განისაზღვრა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი და იმპორტირებული სმფ–ების პირვანდელი ღირებულებით სულ – 1 460 773.40 ლარი. კერძოდ: აღებული იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული თანხების ჯამი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადამხდელის მიერ განხორციელებული რეალიზაციების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო დღგ-ის შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი ბრუნვები, ასევე საკონტროლო–სალარო აპარატზე დაფიქსირებული ბრუნვები და გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (09.08.2023 წლიდან 28.11.2024 წლის ჩათვლით), რომლებმაც პირვანდელი ღირებულებით შეადგინა სულ 1 051 728.50 ლარს.

ფასნამატის განსაზღვრის მიზნით, გამიჯნულ იქნა ცემენტის ფასნამატი და დანარჩენი სმფ-ების საშუალო შეწონილი ფასნამატი. კერძოდ: საშუალო შეწონილ ფასნამატად აღებულ იქნა 29,40 %, მისი ანგარიში დაეყრდნო დანართი №16-ისა და დანართი №21–ის მონაცემებს. კერძოდ: შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ-ების საბაზრო ღირებულება (დღგ-ის გარეშე) 635 080.62 ლარი და შეძენის ჯამური თვითღირებულება 490 801.06 ლარი. ცემენტის ფასნამატად აღებულ იქნა 7,32 %.

ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 700 887.30 ლარი. გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო– მატერიალური ფასეულობები ჯამური საბაზრო ღირებულებით 2 802 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სმფ-ების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 210 086.24 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 313 623.13 ლარი. კერძოდ: ცემენტის დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 27 487.69 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 34 809.75 ლარი. დანარჩენი სასაქონლო– მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 182 598.55 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 278 813.38 ლარი.

კომპანიის დირექტორს ------- (პ/ნ ------) 30.05.2025 წელს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოთ აღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით. გადასახადის გადამხდელს შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში (5 სამუშაო დღე) პროექტთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო წერილობითი/ელექტრონული პოზიცია. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გამოვლენილ სმფ-ების დანაკლისზე, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმდა 31 362.31 ლარი. შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ელექტრონული ოქმი №-------. სმფ–ების აღურიცხველობაზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, შეეფარდა ჯარიმა 1 401 ლარით, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ელექტრონული ოქმი №------

სმფ-ების ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილი აღურიცხველი სმფ-ები შედარებულ იქნა 8.08.2023 წლის №19383 ბრძანების თანახმად ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ აღურიცხველ სმფ-ებს, განხორციელდა მათი იდენტიფიცირება და გათვალისწინებულია ინვენტარიზაციის შედეგებში, ხოლო სამშენებლო წებოცემენტის, შპაკლისა და ალიბასტრის კატეგორიის სმფ-ებისთვის ფასნამატის ცალკე გამოყოფის შესახებ მოთხოვნა გადამხდელის მიერ არ ყოფილა მოწოდებული ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრის პროცესში. შესაბამისად, სმფების ინვენტარიზაცია დასრულდა ზემოხსენებული შედეგით. ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის პერიოდში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრულად არის გათვალისწინებული ინვენტარიზაციის შედეგებში.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.06.2025 წლის №---- და №-------საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია მართებულად.

ზემოხსენებული ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანთან სმფ-ის ინვენტარიზაცია განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები (დანაკლისი/აღურიცხველობა).

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სამშენებლო და სარემონტო მასალებით.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. აღნიშნულის შედეგაც შპს-ს შეეფარდა ჯარიმა. სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.08.2025 წლის №17406 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 8(11,22);286(4,9);