ბრძანება N 17094

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 30.08.2025
№ დოკუმენტი 17094
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17094

30 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ --------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 16 ივლისის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 16 ივლისის №96861/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №006-566 საგადასახადო მოთხოვნასა და 2025 წლის 12 ივნისის №006-167 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შეხვდა შემმოწმებლებს და შეთანხმდნენ რა ტიპის დოკუმენტაციის წარდგენა იყო საჭირო მესამე პირებისგან, ასევე განუმარტა რა ნაწილის წარდგენა იქნებოდა რთული, საკითხი შეეხებოდა მშენებლობაზე შესული პირების სრული რეესტრის წარდგენას. აცხადებს, რომ შემოწმებას წარუდგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად გარდა შემდეგისა: მცირე მეწარმესა და შპს -------, ასევე დამკვეთსა და შპს ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, შესაბამისი მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები, შპს ------- დამკვეთებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე მეწარმეებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა. აღნიშნავს, რომ მესამე პირებთან ამ კომუნიკაციის შემდეგ, აუდიტორმა მოითხოვა მისი დამკვეთის (და არა უშუალოდ მისი), ყველა დებიტორისგან ახსნაგანმარტებები, რაც მომჩივნის მტკიცებით უტოპიური მოთხოვნაა, რადგან აუდიტი ისეთი პირებისგან ითხოვდა ინფორმაციას, ვისთანაც შეხება საერთოდ არ ჰქონია, რიგ პირებთან კი ურთიერთობები აღარ არსებობს და შეუძლებელია თანამშრომლობა. ამასთან, შემოწმებამ აღნიშნული მოითხოვა უკვე წარდგენილი ახსნა-განმარტების გამცემ პირებთან კომუნიკაციის შემდეგ და არა მაშინ, როდესაც ერთად გეგმავდნენ მისაწოდებელი დოკუმენტაციის ნუსხას. აღნიშნული მოთხოვნის სირთულეზე აცნობა აუდიტორებს, თუმცა შემოწმებამ გამოსცა ახალი საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საერთოდ არ შეუფასებიათ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული აქვს თავდაპირველ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები, რომლის მიხედვითაც მას გააჩნია სპეციფიკური პროფესიული ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება ძირითადი საშუალებების/დანადგარების, კერძოდ, „გიპერის აპარატის“ გამოყენებით განახორციელოს მომსახურება მაღალი ხარისხით. გადამხდელი აღნიშნავს, რომ დამკვეთი ახორციელებდა მძიმე სამუშაოებში მუშა-ხელის დახმარებით უზრუნველყოფას. აცხადებს, რომ მისი მოგება იმ ნაწილში მდგომარეობდა, რომ სამუშაოებს არ სჭირდებოდა შესაბამისი სპეციალიზირებული ცოდნის თანამშრომლები და მხოლოდ სამშენებლო ობიექტზე არსებული დამხმარეებით ხორციელდებოდა სამუშაოები. დამკვეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ხარჯის ბიუჯეტი არ იზრდებოდა და ასევე სამუშაოს შესრულების ვადები მნიშვნელოვნად მცირდებოდა.

2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

ასევე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №№006-566 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს მის გაუქმებას.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის №006-167 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3043 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. „ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მიღება-ჩაბარების აქტები, დამკვეთისგან შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია და სხვა. (ასევე, მე-3 მხარისაგან წარმოსადგენი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია შეთანხმდეს შემმოწმებელთან);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3043 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 6 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად ი/მ ------- (ს/ნ -------) არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 12 ივნისის №006- 167 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნა, მათ შორის, მიღება ჩაბარების აქტები, მესამე პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნა-განმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე მეწარმეების/დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები.

გადაანგარიშების ეტაპზე, მეწარმის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სამი პირისგან ახსნაგანმარტება, რომლისთვისაც გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში. ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ობიექტების წარმომადგენლები უარს ეუბნებიან მის გადმოცემაზე. შემოწმებისთვის წარმოდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა 2025 წლის 12 ივნისის №006-167 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც გადაანგარიშების ეტაპზე მეწარმის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ სამი პირის ახსნა-განმარტება, რომელთა გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებასთან მიმართებით. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მიღება ჩაბარების აქტები, მესამე პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნა-განმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე მეწარმეების/დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები. დასკვნით ირკვევა, რომ მეწარმის მიერ ობიექტზე შესვლაგამოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ობიექტების წარმომადგენლები უარს ეუბნებოდნენ აღნიშნულის გადაცემაზე. შემოწმებისთვის წარდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა მხოლოდ სამი პირის ახსნა-განმარტება, რომელთა გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში, ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით არ წარადგინა ინფორმაცია, ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელივე ადასტურებს, რომ შემოწმებას ვერ წარუდგინა მთელი რიგი დოკუმენტაცია, რომელთა წარდგენაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3043 ბრძანებით ევალებოდა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №006- 566 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №006-566 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ი/მ ------- (ს/ნ -------) მიერ 2025 წლის 24 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3043 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №006-566 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის №006-167 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №006-566 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს;

2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნა, მათ შორის, მიღება ჩაბარების აქტები, მესამე პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნა-განმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე მეწარმეების/დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები.

გადაანგარიშების ეტაპზე, მეწარმის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სამი პირისგან ახსნაგანმარტება, რომლისთვისაც გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში. ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ობიექტების წარმომადგენლები უარს ეუბნებიან მის გადმოცემაზე. შემოწმებისთვის წარმოდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საჩივარი მეორე ნაწილში, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21); 301(ზ)