განჩინება №ბს-136(2კ-20)

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 29.06.2020
№ დოკუმენტი ბს-136(2კ-20)
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე M330310017001984821

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №ბს-136(2კ-20)

29 ივნისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

 

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „-----------------------------“

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

შპს „-----------------“ წარმომადგენელმა- 2017 წლის 27 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, საწარმომ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მარტის №7006 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილების (საჩივარი №14534/2/17) ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის კომპანიის მიერ წარდგენილი საჩივრის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს. ადმინისტრაციულ. საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „--------------------„ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მარტის №7006 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება №14534/2/17 საჩივარზე და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიმართ. აღნიშული გადაწყვეტილება მოპასუხე საგადასახადო ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნული განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

 

კასატორები აღნიშნავენ, რომ გადასახადის გადამხდელს ორჯერ გაეგზავნა საფოსტო გნავნილი, რომელიც შემდეგ განთავსდა ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე. თუმცა, გადამხდელი მას არ გასცნობია 30 დღის განმავლობაში. შედეგად, 2016 წლის 24 მარტის №005-119 საგადასახადო მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდა 2016 წლის 06 ივლისს და მხარისთვის ჩაბარებულად ჩაითვალა 2016 წლის 26 ივლისს. კომპანიამ საჩივარი, 2016 წლის 24 მარტის №005-119 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2017 წლის 14 თებერვალს. ამდენად, მიუხედავად აქტების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებისა, საწარმომ დაარღვია მათი გასაჩივრების ვადა, რაც წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

 

კასატორები დამატებით მიუთითებენ, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში გადამხდელი არ ასახელებდა გასაჩივრების ვადის დარღვევის წინაპირობებს, შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო ვერ იმსჯელებდა გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიო მიზეზების არსებობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

 

საკასაციო. პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩიერები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსახღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

 

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარება. კერძოდ, შეფასებას საჭიროებს რამდენად არსებობდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გავრცელების უფლების გამოყენების წინაპირობები. სწორედ აქტის ოფიციალური წესით გაცნობის საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაზე არის დამოკიდებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (საჩივრის განუხილველად დატოვების) კანონიერების საკითხის გადაწყვეტა.

 

საკასაციო სასამართლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტსა და 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული, მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. ამავდროულად, საჩივრის წარდგენის უფლების რეალიზებას უკავშირდება საგადასახადო ორგანოს ვალდებულება, განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა კი, იმავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, უკავშირდება აქტის მხარისთვის ჩაბარებას და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში შეადგენს 30 დღეს. ამრიგად, გასაჩივრების უფლების ვადის დენის დაწყება და, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული წარმოების მეშვეობით ან სასამართლო წესით დაცვის უფლების გამოყენება დამოკიდებულია აქტის ოფიციალური წესით გაცნობაზე. აქტის გასაჩივრების უფლების აქტის ჩაბარებასთან დაკავშირება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მხარეს ეძლევა მისი შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა და თუკი გათვალისწინებულ მოწესრიგებას არ ეთანხმება, აქვს დასაბუთებული და არგუმენტირებული საჩივრის წარდგენის საშუალება. გარდა ამისა, საჩივრის წარდგენის უფლების გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აქტის ოფიციალურ გაცნობაზე არის დამოკიდებული მხარის მიერ აქტის შესრულების ვალდებულების ჯეროვანი განხორციელება. სწორედ აქტის მხარისთვის ჩაბარების ვალდებულის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობა დეტალურად აწესრიგებს აქტის მხარისთვის ოფიცალურად გაცნობის წესებს, მათ შორის, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლი შეიცავს სპეციალურ დათქმებს გადამხდელთან მიმოწერის წესების თაობაზე. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გაიგზავნოს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით და მათ ერთნაირი იურიდიული ძალა აქვთ, ამასთან, იმავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, თუკი დასახელებული საშუალებების გამოყენებით გადასახადის გადამხდელისთვის აქტის ჩაბარება ვერ ხდება, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე (შემოსავლების სამსხურის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს პირისათვის ელექტრონული და წერილობითი დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები).

 

საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, განმარტავს, რომ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება წარმოადგენს პირისთვის აქტის ჩაბარების უკიდურეს საშუალებას, რომელიც გამოიყენება აქტის ადრესატისთვის სხვა ფორმით ჩაბარების შეუძლებლობის პირობებში. სწორედ ამიტომ, აქტის საჯაროდ გამოქვეყნებამდე საგადასახადო ორგანომ მხოლოდ ფორმალურად არ უნდა დაიცვას კანონის მოთხოვნები (ორჯერ წერილობით გაგზავნა, ელექტრონულ პორტალზე ატვირთვა), არამედ უნდა ეცადოს დაინტერესებულ პირთან მისთვის ცნობილი ყველა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით დაკავშირებას. საჯარო შეტყობინება მხოლოდ მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც საგადასახადო ორგანოს ამოწურული აქვს გადამხდელთან სხვა საკონტაქტო საშუალებებით დაკავშირების შესაძლებლობა. ამრიგად, აქტის საჯაროდ გავრცელების კანონიერების შემოწმებისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, გადასახადის გადამხდელის რა საკონტაქტო ინფორმაციას ფლობს ადმინისტრაციული ორგანო და გამოიყენა თუ არა ასეთი ინფორმაცია სრულყოფილად.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ფოსტის მეშვეობით და გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე ვერ ჩაბარდა კორესპონდენცია, რაც გახდა საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელების წინაპირობა. თუმცა, საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებამდე საგადასახადო ორგანოს კომპანიის უფლებამოსილ პირთან დაკავშირების ყველა სხვა საშუალება გამოყენებული არ ჰქონდა. კერძოდ, საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილი იყო გადამხდელის სხვა საკონტაქტო მონაცემებიც (ტელეფონის ნომერი; ელ. ფოსტა), რომელთა მეშვეობით საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირების მცდელობაც არ დასტურდება. ამდენად, აქტის საჯაროდ გავრცელების წინაპირობები არ არსებობდა. შესაბამისად, საჯარო შეტყობინების გამოქვეყნება მოცემულ დავაში ვერ ჩაითვლება აქტის ოფიციალური წესით გაცნობად და აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა ვერ დაუკავშირდება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების მომენტს. აქტის მხარისთვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების თარიღად მიჩნეულ უნდა იქნეს 2017 წლის 20 იანვარი, როდესაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო მოთხოვნას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო. საჩივარი კი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია 2017 წლის 14 თებერვალს -გასაჩივრების 30-დღიანი ვადის დაცვით. ამდენად, შპს „---------„ საჩივრის განუხილველად დატოვება კანონს ეწინააღმდეგება, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევა - საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრება მისი ჩაბარებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საქმეზე დადგენილია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

სარეზოლუციო წაწილი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსუხურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ა. წულაძე

 

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

 

ქ. ცინცაძე