ბრძანება N 129

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.01.2025
№ დოკუმენტი 129
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 129

15 იანვარი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 25 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 25 დეკემბრის №24522/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №001-226 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ შემოწმებას მიაწოდა მათ მიერ მოთხოვნილ პერიოდზე სრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კომპანიას დირექტორის მიმართ უფიქსირდება დავალიანება 435 287 ლარი, რომელიც წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით გამოწვეულია დირექტორის მიერ საკუთარი კომპანიის დახმარების მიზნით, ფულადი დეფიციტის დროს ვალდებულებების დასაფარად და აღნიშნული თანხა იფარება 31.03.2021-ში (შემოწმების დაწყების პერიოდიდან 3 თვეში). შემმოწმებელს გადაგზავნილი აქვს ყველა შედარების აქტი როგორც, ვალდებულელების, ასევე, მოთხოვნების და აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებითაც გადაეგზავნა ახსნაგანმარტება და აღნიშნული თანხა შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო უპროცენტო სესხად დირექტორისგან/დამფუძნებლისგან. კომპანიის მიერ ყველა ოპერაცია ხორციელდება ბანკით, შესაბამისად ყველა შემოსავალი და გასავალი წარდგენილია აუდიტორთან და ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ოპერაციები როგორც შესამოწმებელ პერიოდამდე, ასევე, შემოწმების პერიოდშიც ხდება საქვეანგარიშო თანხის ჩარიცხვით და გადარიცხვით. აუდიტორი დამატებით ითხოვს ხანდაზმული პერიოდის დოკუმენტაციას, კომპანიას რაც ფიზიკურად ჰქონდა, წარუდგინა და მას შემდეგაც არ განხორციელდა არათუ თანხის გაუქმება არამედ თანხის კორექტირებაც კი. ასევე, შემმოწმებელი არ ითვალისწინებს ისეთ ხარჯებსაც კი რომელიც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფიქსირდება, ასევე, წარდგენილია ადგილობრივი მარცვლეულის შესყიდვების აქტები და საბანკო მომსახურებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №23956 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №23956 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 12 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 13 დეკემბრის №001-226 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შესწავლილ იქნა გადამხდელის მონაწილეობით. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად არ წარმოადგენს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს. შედეგად დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც არ შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №23956 ბრძანების საფუძველზე გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შესწავლილ იქნა გადამხდელის მონაწილეობით. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად არ წარმოადგენს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, შედეგად დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №23956 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 12 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 13 დეკემბრის №001-226 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შესწავლილ იქნა გადამხდელის მონაწილეობით. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად არ წარმოადგენს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს. შედეგად დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

 

გადაწყვეტილება

ემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21)